1997 წლის შემდეგ პირველად ევროტურნირებზე ერთ სეზონში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს, ევროჩელენჯზე განაცხადი "სოხუმმაც" წარადგინა
1997 წლის შემდეგ პირველად ევროტურნირებზე ერთ სეზონში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს. "არმიამ" საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განაცხადი რომ წარადგინა, ორშაბათის ნომერში მოგახსენეთ. არმიელების შემდეგ ევროჩელენჯში ასპარეზობის განაცხადი "სოხუმმა" გააკეთა.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდა, ევროტურნირებში თამაშისთვის ჩვენს ფედერაციაში განაცხადის შეტანა რა საჭიროაო. ახლავე გაგარკვევთ: ნებისმიერმა ქართულმა კლუბმა ევროპის საკლუბო ტურნირში მონაწილეობისთვის განაცხადი ჯერ ეროვნულ ფედერაციაში უნდა შეიტანოს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეაფასებს, რამდენად მიზანშეწონილია გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გაშვება და ამის მერე თავად აგზავნის განაცხადს ფიბაში. ამას მოჰყვება შესატანის გადახდის პროცედურა და ივლისის დასაწყისში ევროჩელენჯის წილისყრა...

ევროვოიაჟი ევროჩელენჯით

ევროპაში სულ სამი შეჯიბრებაა: ევროლიგა, ევროთასი და ევროჩელენჯი. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ევროლიგაზე ქართველებს არავინ დაგვიშვებს, რადგან საკლუბო რეიტინგი მეტად დაბალი გვაქვს. 2002 წლის მერე ქართულმა კლუბებმა ევროპულ სარბიელზე მხოლოდ 4 მატჩი გამართეს და ოთხივე წააგეს. ასე რომ, სადღეისოდ "არმიასაც" და "სოხუმსაც" ევროვოიაჟის დაწყება ევროჩელენჯიდან მოუწევს.

ზემოთ წილისყრა ვახსენეთ და აქვე ტურნირის ფორმატში გაგარკვევთ: ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს, რომლებიც 4-გუნდიან 8 ჯგუფად გაიყოფა. მატჩები მიმოსვლით (შინ და გარეთ) გაიმართება და მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები გავლენ...

...მაგრამ ჩვენთვის მთავარი ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპია, რადგან ქართული კლუბები სწორედ აქედან დაიწყებენ ასპარეზობას. რამდენ ეტაპად გაიმართება საკვალიფიკაციო ჯერ გარკვეული არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი გუნდი შეიტანს ფიბაში განაცხადს. როგორც არმიელები, ასევე სოხუმელები იმედოვნებენ, რომ საკვალიფიკაციო ბარიერს დაძლევენ და ჯგუფური ტურნირის მონაწილე 32 გუნდს შორის მოხვდებიან.

ლეგიონერებით, ოღონდ კარგებით

ამის მიღწევა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა "ენერჯიმ" ვერ შეძლო. ყველასთვის ნათელია, რომ გუნდების გაძლიერებაა საჭირო. "არმია" 3-4 კარგი ლეგიონერის დამატებას რომ აპირებს, ორშაბათის ნომერში მოგახსენეთ. ახლა "სოხუმზე" ვიტყვით.

მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ვინ შეარჩევს საევროჩელენჯე შემადგენლობას? ანუ, ვინ გაწვრთნის "სოხუმს"? ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეგვიძლია, თუმცა ერთი "თუ" მაინც უნდა დავამატოთ...

- ლატვიაში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს სამომავლო გეგმებზე ვალაპარაკეთ. მან თქვა, "სოხუმში" მომავალ სეზონშიც სიამოვნებით დავრჩებიო. ასე რომ, ახალი მწვრთნელის ძიება არ დაგვჭირდება. ბაგაცკისმა სუპერლიგის განვლილ გათამაშებაში დაგვანახა რაოდენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია, - გვითხრა სოხუმელთა მეორე მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ.

ზემონახსენები "თუ" ახლა უნდა ავხსნათ: აინარს ბაგაცკისთან სამომავლო გეგმები შეთანხმებულია. იგი 2011-12 წლების სეზონში "სოხუმს" დამოძღვრავს, თუ რომელიმე სუპერკლუბიდან არ მიიღო მიწვევა. იმედია, მწვრთნელთან კონტრაქტი მალე გაფორმდება და "თუც" გამოირიცხება.

როგორც ყველა ნორმალურ კლუბში, შემადგენლობას მთავარი მწვრთნელი დააკომპლექტებს და სოხუმელებსაც ეიმედებათ, რომ ბაგაცკისი ძლიერ ლეგიონერებს შეარჩევს.

ჯერჯერობით ვერც იმას ვიტყვით, ვინ ჩაირიცხება "სოხუმში" და ვერც იმას - ვინ დატოვებს გუნდს. ის კი ცნობილია, რომ შემადგენლობა 60-70 პროცენტით გადახალისდება. იმასაც ამბობენ, გუნდში მაღალი კლასის უცხოელებს ვიხილავთო. მათი შერჩევისთვის დროა საჭირო. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ.

...ისევ 1997

მანამდე კი შესავალში ნახსენებ 1997 წელს დავუბრუნდებით. იმ სეზონში კორაჩის თასზე თბილისის "დინამომ" ითამაშა, ხოლო ევროპის თასზე - "ვითამ". დინამოელებმა საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო "ვითამ" ჯგუფში ითამაშა. მას მერე ქართულმა კლუბმა ევროშეჯიბრებაში 2002 წელს ითამაშა - ლევან მოსეშვილის გაწვრთნილმა "დინამომ" "ჩელენჯ თასის" ჯგუფში იასპარეზა. ამას მოჰყვა ხუთწლიანი შესვენება - 2007 და 2008 წლებში რუსთავის "ენერჯიმ" ფიბას თასის საკვალიფიკაციო მატჩები ჩაატარა, ჯერ "ამსტერდამთან", შემდეგ "სუმიხიმპრომთან"...

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად