დღეს, 10 ივნისს დილის 10 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ”ოქროს დიდი პრიზის” გათამაშება დაიწყება
დღეს, 10 ივნისს დილის 10 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ”ოქროს დიდი პრიზის” გათამაშება დაიწყება, რომელშიც 15 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, საბერძნეთი, კანადა, ირანი, ისრაელი, ეგვიპტე, უზბეკეთი, მონაკო, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ინდოეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყველაზე ბოლოს თბილისში რუსეთისა და ბელარუსის გუნდები ჩამოვიდნენ, რომლებიც გუშინ, ნაშუადღევს ერთად გვესტუმრნენ ვლადიკავკაზის გავლით. რუსებს ერთადერთი მონაწილე ჰყავთ, ბელარუსებს - ორი.

გუშინ ამ ტურნირთან დაკავშირებით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე უძღვებოდა, მოწვეულთა შორის კი საერთაშორისო ფედერაციის ფინელი კომისარი ვევილაინენ პერტიც იყო. გეწაძემ ხაზი გაუსვა შეჯიბრების სტატუსს და მნიშვნელობას, ფინელმა კი ქართული სტუმარმასპინძლობას, თუმცა ყურადღების მიღმა არც ქართული საჭიდაო სკოლის ავტორიტეტი დარჩენია.

ზედიზედ მეორე წელიწადია, ჩვენი ტურნირი ”ოქროს დიდი პრიზის” სტატუსს ინარჩუნებს. ის ამავე რანგის ფინალურ ეტაპზე გასასვლელ ქულებსაც იძლევა, რომელიც ივლისში ბაქოში გაიმართება და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით გამოირჩევა - ჩემპიონი 10 000 დოლარს იღებს, ვერცხლის პრიზიორი - 5 000-ს, ბრინჯაოს მედალოსანთა სარგო კი 2 000 - 2 000 დოლარია. ჩვენი შეჯიბრებაც კომერციულია, ოღონდ საპრიზო ფონდი შედარებით მოკრძალებულია, შესაბამისად, 1500, 800 და 500-500 დოლარი.

თუმცა ჩვენი ფალავნებისთვის ფინანსურზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარტოზია-ბალავაძის სახელობის შეჯიბრება სექტემბერში სტამბოლში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი უმთავრესი შესარჩევი ეტაპია. ცხადია, ეს არ იქნება პირდაპირი ვიზა სტამბოლში წასასვლელად, მაგრამ ვინც აქ თავს გამოიჩენს, უპირველესი კანდიდატი ნამდვილად გახდება. არადა, მსოფლიოს წლევანდელი პირველობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა. თანაც, წლეულს მათი მიღება გართულებულია - ადრე თუ წონაში 8-8 გაიცემოდა, ამჯერად ლიმიტი 6-მდე შემცირდა. მოკლედ, ლიცენზიის მისაღებად საჭიროა, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლისთვის მაინც იჭიდაო ანუ მეხუთე ადგილზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე, ადრინდელი წესით კი მერვეზე გასვლა ორი შეხვედრის მოგებითაც შეიძლებოდა - მერე საქმეში ქულების დათვლის მექანიზმი ჩაერეოდა, ახლა კი ეს შანსი მოისპო.

კარტოზია-ბალავაძის შეჯიბრებაზე დასწრება თავისუფალია. ასპარეზობაში დღეს ბერძენ-რომაელთაგან 55, 66, 96, ”თავისუფალთაგან” კი 60-120 წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ. ხვალ ხალიჩაზე უმეტესად ”თავისუფლებს” ვიხილავთ - 55, 66 და 96-ის მოჭიდავეებს, ბერძენ-რომაელთაგან კი - 74-ის და 120-ის ფალავნებს. კვირას ტურნირს დანარჩენი წონების ათლეტები დაასრულებენ. შეჯიბრებები სამივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალები - 18 საათზე. გახსნის საზეიმო ცერემონიალი დღეს 16 საათზე შედგება.

რაც შეეხება მონაწილეთა შემადგენლობას, ჩვენი გუნდები დაახლოებით 35-35 კაცით გამოვლენ. ბოლო წუთებში ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა ერთი სერიოზული დანაკლისი განიცადა - ავადმყოფობის მიზეზით ასპარეზობაზე უარი განაცხადა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რამაზ ნოზაძემ (96). ამ ნაკრებიდან ადრევე იყო გათავისუფლებული ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს (84) ფეხი სტკივა. გუნდის სხვა ლიდერები - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66) და სხვები ემზადებიან.

გამოცხადებულზე მეტი დანაკლისია ”თავისუფალთა” ნაკრებშიც - ავადმყოფობის გამო მწვრთნელებმა შარშან ახალგაზრდებში დუბლის ანუ ევროპა-მსოფლიოს მომგები, უფროსებში ევროპის წლევანდელი მედალოსანი დავით ხუციშვილი (74). ამ ნაკრებს ხელმტკივანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი გიორგი გოგშელიძე (96) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66), აგრეთვე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) აქამდეც აკლდნენ. ამ ნაკრების სხვა ლიდერები გამოვლენ ”ოქროს დიდ პრიზზე”. მათ შორის - მძიმეწონოსნებიც, სადაც ფრიად დაძაბული ბრძოლები უნდა ვიხილოთ დავით მოძმანაშვილის, უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ლევან ბერიანიძის, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ გიორგი საკანდელიძის და სხვათა მონაწილეობით.

თუმცა დაძაბულ, საინტერესო ბრძოლებს არა მარტო ესენი, არამედ ”თავისუფლებში” აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონები - მაჰმუდ მაგომედოვი (60) და ზელიმხან ჰუსეინოვი (66), ბერძნულ-რომაულში ეგვიპტელთა მსოფლიოს ჩემპიონი მოჰამედ აბ დელ ფატაჰი (96) და სხვებიც შემოგვთავაზებენ. ირანიდან მხოლოდ ბერძენ-რომაელთა ნაკრებია ჩამოსული, მაგრამ ისინი, შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ შეჯიბრებას და უძლიერესი გუნდი ჩამოიყვანეს. მათ შორისაა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჰამიდ სორიანი, თუმცა ის ამჯერად ზედა წონაში - 60-ში იასპარეზებს. ირანელებს ძირითადი შემადგენლობა ჰყავთ ჩამოყვანილი, როგორც ჩვენს თანამემამულეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე დოხტურიშვილს უზბეკეთიდან. მას შემადგენლობაში ქუთაისელი თანამემამულეებიც ჰყავს - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის რამდენიმეგზის პრიზიორი (ადრე ის უკრაინაში ჭიდაობდა) დავით სალდაძე (96) ბიძაშვილთან ერთად. ასევე ძლიერი გუნდით ჩამოვიდნენ თურქი ბერძენ-რომაელებიც და საკმაოდ საინტერესო შეჯიბრება უნდა გამოვიდეს.

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია