დავარქვათ საფეხბურთო გუნდებს შვილების, მამების, ქარხნების, პროფესიების სახელები?
საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება და ამ დროისათვის მხოლოდ ორ-სამ გუნდს თუ აქვს დაწყებული ახალი სეზონისათვის მზადება.

ერთი შეხედვით, XXIII ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო არ არის დარჩენილი, თუმცა გუშინვე გაირკვა მომავალი სეზონის პირველი ტურის წყვილები. ახალი ჩემპიონატი, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, არაერთ სიახლეს გვპირდება: რეგლამენტის შეცვლას თავი რომ დავანებოთ, ზოგი გუნდი ახალი სახელითაც იასპარეზებს!

ჰო, ესეც გუშინ გაუწყეთ, რომ რუსთაველ ქომაგთა გარკვეული ნაწილის დიდი ხნის ოცნება ასრულდა და ამ ქალაქის გუნდი ახალ სეზონში "ოლიმპის" ნაცვლად... "მეტალურგის" სახელწოდებით იასპარეზებს! კიდევ ვიმეორებთ, - 7 აგვისტომდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და არავინ იცის, კიდევ რამდენი გუნდი მიბაძავს რუსთაველებს; მოკლედ, არაფერი გამოვრიცხოთ, მით უფრო, რომ ჩვენთან ხშირად უყვართ ხოლმე სხვათა "სიახლეთა გადამღერება"...

ქართული "მილანი" და "ინტერი"

კაცია და გუნება: ამა თუ იმ კლუბის მეპატრონეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოეპრიანოს და საკუთარ გუნდს, რასაც უნდა, იმას დაარქმევს. არცთუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში ერთი-მეორეს მიყოლებით რომ გამოჩნდნენ "მილანი", "ინტერი", "ვალენსია", "არსენალი" და ასე შემდეგ; ეგ კი არა, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ესა თუ ის მეპატრონე (ანუ, დამფინანსებელი) გუნდს... საკუთარი შვილის სახელს რომ არქმევდა; ან, პირიქით - თვითონ გუნდს გამოუთქვამს სურვილი და სახელწოდება მეპატრონე-დამფინანსებლის საპატივსაცემოდ შეუცვლია!

ჰო, ნუ გიკვირთ, მართლაც იყო ასეთი შემთხვევა. როცა ერთ-ერთი კახური გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "პეტროვიჩის" სახელით ასპარეზობდა; ოღონდ, ისე არ იფიქროთ, თითქოს კახელებმა ვინმე სერბი სპეციალისტის საპატივსაცემოდ დაირქვეს ეს ორიგინალური სახელი: მოგეხსენებათ, ჩვენთან (თანაც, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში) დღესაც "მოდაშია" მამის სახელის რუსული ვარიანტით მიმართვა და აი, სწორედ ასეთი ორიგინალური მიგნება ჰქონდათ კიდეც კახელებს.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ "ნოვაციას" გაგრძელება არ მოჰყოლია და საქართველოს ჩემპიონატში რაღაც ვერ ვიხსენებთ ისეთ შემთხვევებს, სხვადასხვა ლიგებში "ზაზაევიჩს", "ვარდენიჩს", "აქვსენტიჩს", "შოთაევიჩსა" თუ "ჯემალიჩს" რომ ეასპარეზათ. კი, იყო სხვა მართლაც "ორიგინალური" სახელწოდების მქონე გუნდებიც (უფრო, დაბალ ლიგებში), მაგრამ რა შედარებაა იმასთან, რაც ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ხდებოდა...

გავიხსენოთ ჩვენი პოტენციალი

პირველ ეროვნულ ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა და აქედან თერთმეტს გათამაშების დაწყების წინ შეეცვალა სახელი! ანუ, მხოლოდ შვიდმა გუნდმა დაიტოვა ძველი სახელწოდება: ლანჩხუთის "გურიამ", ხობის "კოლხეთმა", გორის "დილამ", ოზურგეთის "მერცხალმა", ოჩამჩირის "ამირანმა", გალის "მზიურმა" და ხაშურის "ივერიამ". აი, დანარჩენებმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელი შეიცვალეს და საბჭოურს ქართული ამჯობინეს!

თბილისის "დინამოს" "იბერია" ეწოდა, ზუგდიდის "დინამოს" - "ოდიში", ბათუმის "დინამოს", - "ბათუმი", ქუთაისის "ტორპედოს" - "ქუთაისი", სოხუმის "დინამოს" - "ცხუმი", ფოთის "კოლხეთს" - "კოლხეთი-1913", თბილისის "შევარდენს" - "შევარდენი-1906", რუსთავის "მეტალურგს" - "გორდა", სამტრედიის "ლოკომოტივს" - "სანავარდო", ცხინვალის "სპარტაკს" - "ლიახვი", წყალტუბოს "შადრევანს" - "სამგურალი". თუმცა, გარკვეული პერიოდის მერე ზოგმა გუნდმა ისევ ძველი სახელწოდება დაიბრუნა: "ქუთაისი" ერთი წლის შემდეგ ისევ "ტორპედო" გახდა, "იბერიამ" სამი სეზონი იასპარეზა და ისევ "დინამო" დაერქვა და ასე შემდეგ.

ამ ორ შემთხვევას, კიდევ რა უშავდა: ბოლოს და ბოლოს, საქმე უდიდეს ტრადიციებთან გვქონდა; რაც მთავარია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში აღარავის მოსვლია აზრად, რომ მართლაც "ისტორიული" სახელწოდებები აღედგინათ; ჰო, შესაძლოა, იმ დროს (გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში) ბევრს "ნოსტალგიაც" მოეძალებოდა, რადგან ვერ იხილავდა "მენავთობესა" თუ "მეფრინველეს", "ფოჩტამტსა" თუ "მეტალისტს", "პიშჩევიკსა" თუ "ბურევესტნიკს"; აღარაფერს ვამბობთ ისეთ გუნდებზე, როგორებიც იყვნენ: "ტაქსომოტორი #3", "ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველო" თუ "ხის დამამუშავებელი კომბინატი"...

ისე, არავის ეგონოს, რომ ზემოთჩამოთვლილი გუნდები მხოლოდ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ასპარეზობდნენ იმ მართლაც ორიგინალური სახელწოდებებით, ასე, მაგალითად, 1989 წელს, ქუთაისის საქალაქო პირველობაზე მოასპარეზე 11 გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ ორს ერქვა ისეთი სახელი, არავისთვის საქილიკო რომ არ უნდა ყოფილიყო ("აისი", და "აია"); აი, დანარჩენი ცხრა გუნდის სახელებს კი ახლა შემოგთავაზებთ და დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია: "მეავეჯე", "ფეიქარი", "სოკოლი", "მე-4 სამშენებლო ტრესტი", "ქიმიკოსი", "სატრაქტორო," "ტრანსპორტელი", "კოლხიდა" და... "პოტენციალი"!

გუშინაც აღვნიშნეთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, იმედია, აღარავის გაუჩნდება სურვილი თავის გუნდს "მეფრინველე", "მეავეჯე", "მენავთობე" თუ... "პოტენციალი" დაარქვას. აი, წყალტუბოელებს კი, ალბათ, მართლაც მართებთ სახელწოდების შეცვლაზე დაფიქრება - 1990 წლამდე ამ ქალაქის გუნდი ხომ დღესდღეობით მოდური, "შადრევანის" სახელწოდებით (თანაც, საკმაოდ წარმატებითაც) ასპარეზობდა...

elltura
მშვენიერი სტატიაა. არველაძის სიტყვებს გავიმეორებ ,,გუნდი ფოსტამ, რომ იყიდოს ფოსტა ხომ არ უნდა დაარქვას " კოლხიდა კი იმიტომ არის სასაცილო, რომ ქართული ბოლოსართი ეთი არსებობს და ტავისუფლად წარმოთქვამ კოლხეთს. ტორპედო - აია ბათუმი - ანგისი - ადელი თბილისი - დინამო
gocha
კოლხიდა რატომ არის სასაცილო? სასაცილო ის არის,ვისაც კოლხიდა სასაცილო სახელი ჰგონია,რადგან ჩანს,რომ ამ სახელის დამცინავი ისტორიასთან სერიოზულ კონფლიქტშია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"