"ზესტაფონის" ჩემპიონობაში ლომის წილი "ლელოს" მიერ სეზონის საუკეთესო მცველად დასახელებულ ფეხბურთელს მიუძღვის
დოსიე:

გიორგი ონიანი

დაიბადა: 23.11.1983

სიმაღლე: 184 სმ

წონა: 81 კგ

კარიერა

2002-05 - "ლოკომოტივი" (თბილისი)

2006 - "დინამო" (ბათუმი)

2006-07 - "ოლიმპი" (რუსთავი)

2007-08 - "კარლ ცაისი" (გერმანია)

2008-09 - "ოლიმპი" (რუსთავი)

2009 წლიდან - "ზესტაფონი"

გასულ ჩემპიონატში: 35 მატჩი, 3 გოლი

ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი

ტიტულები

საქართველოს 2-გზის ჩემპიონი (2007 - "ოლიმპი", 2011 - "ზესტაფონი")

საქართველოს თასის მფლობელი (2005 - "ლოკომოტივი")

"ზესტაფონის" ჩემპიონობა სოლიდური შემტევი პოტენციალის გარდა მტკიცე დაცვამაც განაპირობა. ჩემპიონებმა, იმის გარდა, რომ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, ყველაზე ცოტაც გაუშვეს, რაშიც ლომის წილი "ლელოს" მიერ სეზონის საუკეთესო მცველად დასახელებული გიორგი ონიანისაა.

გამოცდილმა უკანახაზელმა სეზონი სტაბილურად ჩაატარა და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, ისიც დისკვალიფიკაციის გამო. ამას გარდა, გიორგიმ 3 გოლიც გაიტანა, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის არცთუ ურიგო შედეგია.

ონიანს კარიერაში არაერთი წარმატებული სეზონი ჩაუტარებია, "ზესტაფონთან" ერთად კი მეორედ გაჩემპიონდა. "ლელოს" აღიარებამ ძალიან გაახარა.

- ჩემთვის ნებისმიერი აღიარება დიდი პატივია, პრესის შეფასებას კი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ბედნიერი ვარ, რომ შრომა ასე დამიფასდა და ჩემპიონობასთან ერთად ინდივიდუალური წოდებაც დავიმსახურე.

- ალბათ, გასული სეზონი შენს კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიგაჩნია.

- რა თქმა უნდა. საქართველოს ჩემპიონატი სულაც არ არის იოლად მოსაგები ტურნირი, იგი ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. საბედნიეროდ, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ და ტიტული აბსოლუტურად დამსახურებულად მოვიპოვეთ. საკუთარ თამაშსაც დადებითად შევაფასებდი, ღვთის მადლით, სეზონი უტრავმოდ ჩავამთავრე და საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შევძელი. დაგეთანხმებით, ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში. ასევე სასიამოვნოდ მახსენდება 2007 წელი, როცა ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპთან" ერთად გავხდი და მაშინაც საუკეთესო მცველად დამასახელეს.

- შენ გარდა, კიდევ რომელმა მცველებმა ჩაატარეს სეზონი მაღალ დონეზე?

- თავს მხოლოდ ცენტრალური მცველების შეფასების უფლებას მივცემ. უპირველესად, ჩემს პარტნიორებს, გიორგი ხიდეშელსა და მამუკა კობახიძეს გამოვარჩევ, მათ გარდა, მაღალი დონის ცენტრალური მცველები არიან რეხვიაშვილი, კაკუბავა, თომაშვილი... ერთი სიტყვით, საქართველოს ჩემპიონატში კვალიფიციური მცველების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს.

- გასულ სეზონში დაცვის ცენტრში ხან ხიდეშელთან ერთად თამაშობდი, ხანაც - კობახიძესთან...

- ორივე საიმედო მეწყვილეა. ხიდეშელს გულშემატკივრები კარგად იცნობენ და ბევრი დახასიათება არ სჭირდება. მიხარია, რომ სწრაფად პროგრესირებს. კობახიძე კი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, მშრომელიცაა და დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს.

- ყველაზე მეტად რომელმა მატჩებმა განაპირობა "ზესტაფონის" ჩემპიონობა?

- რომ არა სტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატი, ჩემპიონობას მხოლოდ უშუალო კონკურენტების დამარცხების ხარჯზე ვერ მივაღწევდით, თუმცა მდევრებთან გამარჯვებას მაინც სულ სხვა ფასი ჰქონდა. განსაკუთრებით ფასეული იყო მეოთხე წრეში "დინამოსთან" და "ოლიმპთან" მოგება. შეიძლება, ოქროს მედლები ამის გარეშეც მოგვეპოვებინა, მაგრამ როცა უშუალო კონკურენტებს ამარცხებ, ყველა აღიარებს, რომ ჩემპიონობა ღირსეულად, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოიპოვე. სწორედ ეს მიხარია, რომ ყველა მეტოქეს ვაჟკაცურ ბრძოლაში ვაჯობეთ.

- საკუთარი გოლებიდან რომელიმეს თუ გამოარჩევ?

- "ზესტაფონისთვის" ყველაზე ფასეული ჩემ მიერ სამტრედიაში გატანილი ბურთი იყო. ისე კი, იმის მიუხედავად, რომ ჩემი მთავარი ფუნქცია მეტოქის შეტევების ჩაშლაა, გოლის გატანა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- რა შეგძინა "ზესტაფონში" გატარებულმა პერიოდმა?

- "ზესტაფონი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი კლუბია, სადაც ფეხბურთელს განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. ასაკის მიუხედავად, მეც კი ვგრძნობ, რომ თამაშს მოვუმატე და სხვადასხვა კომპონენტი დავხვეწე.

- საზღვარგარეთ უკვე გითამაშია და სამომავლოდაც თუ აპირებ უცხოეთში ბედის ცდას?

- "ზესტაფონთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ზუსტად ვიცი, რომ მომავალ სეზონს აქ გავატარებ, მერე კი ვნახოთ, როგორი პერსპექტივა მექნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ ქვეყანაც ნორმალური იქნება და პირობებიც. უაზრო სინჯებზე არ ვივლი და საეჭვო შემოთავაზებებსაც არ განვიხილავ. გაურკვევლობაში თავის ამოყოფას "ზესტაფონში" დარჩენა მირჩევნია.

- საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება გაქვს. როგორ ფიქრობ, უმაღლეს ლიგაში ახლა უკეთესი დონეა თუ მაშინ, როცა პროფესიულ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდი?

- საქართველოს ჩემპიონატში 2002 წლიდან ვთამაშობ და მაშინ უმაღლეს ლიგაში დღევანდელზე გაცილებით მეტი ძლიერი გუნდი იყო. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ჩემპიონატი წინ მიდის, მაგრამ მე მსგავსს ვერაფერს ვხედავ. სანამ სტადიონების პრობლემას არ მოევლება და ქართულ ფეხბურთში ფული არ ჩაიდება, სულ ერთი ადგილის ტკეპნაში ვიქნებით.

- რას ელით მომავალი სეზონისგან?

- ვიბრძოლებთ ჩემპიონობის შენარჩუნებისა და თასის მოპოვებისთვის, მანამდე კი ძალებს ჩემპიონთა ლიგაზე მოვსინჯავთ, რასაც დიდი იმედებით ველით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ "ზესტაფონი" თავის სიტყვას ევროპაშიც იტყვის.

- წლების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების რეალური კანდიდატი იყავი და ორი მატჩიც ჩაატარე. თუ გაქვს ნაკრებში დაბრუნების იმედი?

- ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ჯერაც არ ვკარგავ იმის იმედს, რომ ეს პატივი ისევ მხვდება წილად. გულახდილად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების დაცვა უჩემოდაც ძლიერია და თემურ ქეცბაია ნაკრებში საუკეთესოებს იძახებს. თუმცა, თუ ოდესმე ნაკრებს დავჭირდი, მისი ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს