ლონდონისა და ბირმინგემის ფინალების პარალელურად, ჰერტოგენბოშსა და ისტბურნში უიმბლდონისწინა ბოლო რეპეტიცია დაიწყო
ლონდონისა და ბირმინგემის ფინალების პარალელურად, ჰოლანდიის ჰერტოგენბოშსა და ბრიტანეთის ისტბურნში უიმბლდონისწინა ბოლო რეპეტიცია დაიწყო.

ჰერტოგენბოშში მამაკაცთა ბადეში ორმა განთესილმა ვერ გააღწია მეორე წრეში, თანაც ერთ-ერთი მათგანი ტურნირის პირველი ნომერი იყო. ნიკოლას ალმაგრომ 14 ეისი ჩააწოდა - ორჯერ მეტი ვიდრე მისმა მეტოქემ მიხაელ ბერერმა. თითქმის თანაბარ თამაშში ესპანელს საერთო ჯამში ერთით მეტი ქულაც ჰქონდა აღებული, მაგრამ ამ ჩოგბურთელთა მეორე დაპირისპირებაში მეორედ გერმანელი გამოვიდა გამარჯვებული - ბერერი აგრძელებს ბრძოლას.

წააგო ტურნირის მეექვე ნომერმა, ფრანგმა ადრიან მანარინომ, რომელმაც თანამემამულე ნიკოლა მაუს ვერაფერი მოუხერხა. აღსანიშნავია დმიტრი ტურსუნოვის მოგება რობერტ კენდრიკზე. აღსანიშნავი იმიტომ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში თებერვლის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო. არ უნდა დავივიწყოთ მარკოს ბაღდატისის გამარჯვება არნო კლემანთან მატჩში. კვიპროსელმა შვიდი ეისი ჩააწოდა და ამ ფრანგთან მეშვიდე დუელში მეხუთე გამარჯვებას მიაღწია.

ჰოლანდიური ტურნირის ქალთა ბადეში ნაკლები მოულოდნელობა იყო. როგორც ჩანს, სეზონის პირველ ნაწილში ჩავარდნის შემდეგ ფორმაში შედის იტალიელი ფლავია პენეტა. აპენინელს მეტოქედ უკრაინელი ალიონა ბონდარენკო ჰყავდა, რომელმაც მაქსიმალურად გაუადვილა საქმე ფავორტს. ბონდარენკომ პირველი მოწოდებით ქულების 55 პროცენტი აიღო, მეორეთი - 50 და ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა. ასეთი "სტაბილურობით" ბალახის კორტებზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

დღის მოვლენად შეიძლება მოინათლოს კორტზე კიმ კლაისტერსის დაბრუნება. ბელგიელს კარიერაში 41 ტიტული აქვს მოგებული და აქედან მხოლოდ ორჯერ ბალახისასაფარიან კორტებზე. კიმი მონიკა ნიკულესკუს ხვდებოდა და პირველ სეტში თავად შეიქმნა სერიოზული პრობლემები. პარტიის მსვლელობისას 4:2 დაწინაურების შემდეგ, ბელგიელმა ზედიზედ სამი გეიმი წააგო, მაგრამ, როცა რუმინელი სეტზე აწვდიდა, კლაისტერსი გონს მოეგო და თავად მოიგო მიჯრით სამი გეიმი, რამაც მას სეტში გამარჯვება მოუტანა. მეორე პარტიაში უფრო მარტივად იყო საქმე, ოღონდ შეხვედრისთვის წერტილის დასმა კიმმა მხოლოდ მეხუთე მატჩბოლიდან მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელს აქ 2003 წელს აქვს ტიტული მოგებული და მას შემდეგ პირველად გამოჩნდა ჰერტოგენბოშის ბალახზე. კლაისტერსმა გვაჩვენა, რომ სავსებით ჯანმრთელია - უიმბლდონის წინ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტურნირის მეორე ნომერმა სვეტლანა კუზნეცოვამ საათნახევარში დაძლია მასპინძელი არანჩა რუსის წინააღმდეგობა. კლაისტერსის მსგავსად, სვეტლანამაც გაირთულა ცხოვრება, როცა 12-დან შვიდი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო. საერთო ჯამში კი ჰერტოგენბოშში კუზნეცოვას მაინც დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა.

ასევე აღვნიშნავთ იანინა ვიკმაიერის გამარჯვებას ალბერტა ბრიანტიზე - მეორე სეტი ბელგიელმა "მშრალი" ანგარიშით მოუგო იტალიელს. მოულოდნელი შედეგებიდან, პირველ რიგში, გამოვყოფთ კიმიკო დატეს მოგებას რუს მარია კირილენკოსთან მატჩში. ამ უკანასკნელს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ძალიან დაბალი პროცენტი ჰქონდა - ცხრიდან ორი და ამის გამო გამოეთხოვა ტურნირს, სადაც ის მეექვსე ნომრად იყო განთესილი.

ისტბურნში მამაკაცთა ტურნირზეც პირველმა წრემ რამდენიმე განთესილი ჩოგბურთელი იმსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი იყო მეორე ნომერი ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რომელსაც წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაზე გაბრწყინების შემდეგ თამაში არ მისდის. დოლგოპოლოვის მეტოქე კარლოს ბერლოკი საკუთარ მოწოდებაზე უფრო შედეგიანი იყო, მეტოქისაზე კი ათი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ნახევარი გამოიყენა. სხვათა შორის, ამ სეზონში უკრაინელმა გრუნტზე არგენტინელ მეტოქეს ძალიან დამაჯერებლად მოუგო, მაგრამ ბალახზე ყველაფერი პირიქით მოხდა.

ტურნირის მეშვიდე ნომერმა პაბლო ანდუხარმა 78 წუთში წააგო რუს იგორ კუნიცინთან, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია - ამ ესპანელი ჩოგბურთელის მთავარი წარმატებები გრუნტის საფარს უკავშირდება. ასევე გამოვყოფთ რადეკ შტეპანეკის რთულ გამარჯვებას კოლენ ფლემინგსთან. საინტერესოა, რომ ანდრეას სეპისა და ტობიას კამკეს სამსეტიანი მატჩი საათნახევარში ჩაეტია და იტალიელმა საბოლოოდ გამარჯვებულმა დატოვა კორტი.

ქალთა ტურნირში მთავარი მოვლენა იყო ვენუს უილიამსის დაბრუნება. სახელოვან ამერიკელს სერიოზული კონკურენტი ჰყავდა გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის სახით. საინტერესო იყო ერთი მომენტი. პეტკოვიჩმა წელს ავსტრალიის ღიაზე დაამარცხა უფროსი უილიამსი და სწორედ იმ მატჩის შემდეგ შეწყდა ამერიკელის კარიერა ოთხი თვით. ასე რომ, ვენუსს რევანშის აღებაზე უნდა ეზრუნა და ეს გამოუვიდა კიდეც - ამერიკელმა სამ სეტში გაიმარჯვა.

დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა რუსი ნადია პეტროვა დაამარცხა, სხვათა შორის, პირველად მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში. ვიქტორია აზარენკას კი სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწია შუაი პენგთან მატჩში. ჩინელმა თითქმის ორი საათი გაძლო, მაგრამ ბოლოს მაინც დანებება მოუწია. იარმილა გაიდოშოვას 12 ეისი არ ეყო აგნიეშკა რადვანსკასთან მატჩში, მარია ხოსე მარტინეს სანჩესმა შაარ პეერი დაამარცხა, პეტრა კვიტოვამ კი ცხრა ორმაგი შეცდომის მიუხედავად გზიდან ჩამოიცილა ანასტასია სევასტოვა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"