"ბაიერნის" სატრანსფერო სიახლეები: ბოატენგის ტრანსფერი გაიწელა, ალტერნატივა ლონდონელი ალექსია
ლევერკუზენის ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს მოთმინების ფიალა აევსო და „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მინდა, თანაც ახლავე და აუცილებლადო. რეკორდმაისტერს 24 წლის ვიდალის ყიდვა რომ უნდა, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. მკითხველი ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ ლევერკუზენელებს არაფრით არ სურთ გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის კონკურენტისთვის დათმობა და ურჩევნიათ, ვიდალი „ნაპოლის“ მიჰყიდონ, რომელიც მზადაა, ჩილელში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუმცა ახლა ხმა თვითონ ფეხბურთელმა აიმაღლა და „ბაიერნში“ გაშვებას უკვე კატეგორიულად ითხოვს. „ბაიერნმა“ ლევერკუზენს ჩემი ყიდვის სურვილით ოფიციალურად მიმართა. არ დაგიმალავთ: ძალიან მინდა, რომ მხარეები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ,“ - აცხადებს „ბილდთან“ საუბრისას ვიდალი, რომელიც ახლა ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკისთვის“ ემზადება.

ლევერკუზენის შეფები ჯიუტობენ

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ ვიდალის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც „ნაპოლის“ წინადადებაზე ორი მილიონით ნაკლებია. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თავად მოთამაშის სურვილი თამაშობს, რომელიც ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ნეაპოლს მიუნხენი ურჩევნია.

თუმცა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს 10 მილიონი ძალიან ეცოტავებათ და არ მალავენ, რომ ვიდალის სანაცვლოდ მინიმუმ 14 მილიონი ევრო სურთ. თანაც, „ფარმაცევტებმა“ სატრანსფერო თანხის გარკვეული ნაწილი, ძველი შეთანხმების საფუძველზე, ვიდალის ყოფილ კლუბს, „კოლო კოლოს“ უნდა გადაურიცხონ. ეს უკანასკნელი არტუროს სატრანსფერო უფლებების 30-პროცენტიან პაკეტს ფლობს.

გარდა სატრანსფერო თანხისა, ლევერკუზენელებს არ უნდათ, რომ წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, უშუალო კონკურენტს დაუთმონ. „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, „ბაიერნს“ ვიდალს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივყიდით, თუ მიუნხენელები ბევრ ფულს გადაიხდიანო.

„არტურო ვიდალის სიტუაცია არ შეცვლილა. მიუნხენელთა წინადადება არ არის ისეთი, რომ დაგვასუსტოს და ტრანსფერისთვის მწვანე შუქი აგვანთებინოს,“ - ამბობს „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

„არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ჩვენ უკვე ვეღარ ვივაჭრებთ და აუცილებლად დავთანხმდებით, მაგრამ ამ ზღვრამდე ჯერ კიდევ მილიონებია,“ - ეს კი მენეჯერ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის სიტყვებია. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ეს ზღვარი 14 მილიონი ევროა.

ვიდალი გაისად უფასო იქნება

თვითონ ფეხბურთელი „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს, მაგრამ კატალონიური გრანდი მისი შეძენით დაინტერესებული არ არის. ამიტომაცაა, რომ ჩილელი ნახევარმცველი პრიორიტეტს „ბაიერნს“ ანიჭებს, „ნაპოლი“ კი არ აინტერესებს. „რაკი „ბაიერნში“ გადასვლის შანსი გამიჩნდა, მისი ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება. მიუნხენური კლუბი ყველა მოთამაშისთვის საოცნებო ნავსაყუდელია. თანაც, „ბაიერნს“ ჩემი საყვარელი სპეციალისტი, იუპ ჰაინკესი ჩაუდგა სათავეში. მის ხელში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, - ამბობს ვიდალი და იქვე დასძენს, - იმედია, გამიშვებენ. არ მესმის, რატომ არ უნდა გამიშვან. რა სარგებელს ნახავს „ლევერკუზენი“ იმ შემთხვევაში, თუ არ გამყიდის? მე ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებ, გაისად კი წასვლა უფასოდ შემეძლება, რადგან ხელშეკრულებას ვადა ეწურება და „ლევერკუზენი“ ჩემი ტრანსფერით ფინანსურ ხეირს ვეღარ ნახავს.“

როგორც ხედავთ, არტურო ვიდალი „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც არტუროს და მიუნხენის „ბაიერნს“ უნდათ – მთავარია, რეკორდმაისტერმა ჯიბეზე ხელი უფრო მაგრად გაიკრას და „ლევერკუზენისთვის“ შეთავაზებულ 10 მილიონს მინიმუმ 3-4 მილიონიც წაამატოს.

ბოატენგის ტრანსფერი იწელება

როგორც იცით, „ბაიერნი“ დაცვის გაძლიერებასაც ცდილობს და მიუნხენში გადასვლის უპირველესი კანდიდატი „მანჩესტერ სიტისა“ და გერმანიის ნაკრების 22 წლის მცველი ჟერომ ბოატენგია. სიახლე ის არის, რომ ბავარიელები ჟერომს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდნენ, რაც თვითონ ფეხბურთელმა დაადასტურა. „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის შეთანხმება კი ვერ ხერხდება, რადგან ინგლისელებს ჟერომი იაფად არ ეთმობათ. ბოატენგს „სიტისთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, „ბაიერნი“ მზადაა, მასში 12.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, მანჩესტერელები კი 20 მილიონს ითხოვენ.

ალექსი ბოატენგის ნაცვლად?

შეთავაზებულ და მოთხოვნილ თანხას შორის კი სხვაობა იმდენად დიდია, რომ ექსპერტები ტრანსფერის ჩაშლას ვარაუდობენ. ბავარიელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჟერომ ბოატენგში ფანტასტიკურ თანხას არ გადაიხდიან – მათ მიაჩნიათ, რომ ბოატენგი 12.5 მილიონზე მეტად არ ფასობს. უახლესი ინფორმაციით, თუ ამ დღეებში „სიტისთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ბავარიელები მიზანს ლონდონის „ჩელსის“ ცენტრალური მცველისკენ, 28 წლის ალექსისკენ მიმართავენ. ეს უკანასკნელი კი 15 მილიონი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს