8-10 ივლისს ბაქო "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალურ ტურნირს უმასპინძლებს, რომლის ყოველ წონით კატეგორიაში სამ-სამი ფალავნით წარვსდგებით
8-10 ივლისს ბაქო "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალურ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც, როგორც ყველაფერი იმ ქვეყანაში, ჰეიდარ ალიევის სახელობისაა.

უკვე დამთავრებულმა "ოქროს დიდი პრიზის" შესარჩევმა შეჯიბრებებმა, რასაც "თავისუფალში"კრასნოიარსკმა და თბილისმა, ბერძნულ-რომაულში კი ასევე ჩვენმა დედაქალაქმა და უნგრულმა სომბათჰეიმ უმასპინძლეს, უკვე გამოავლინა ბაქოური შეჯიბრების მონაწილენი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ფალავნებს კრასნოიარსკსა და უნგრეთში არ უჭიდავიათ, ამ თითო შეჯიბრებითაც კი ყოველ წონაში სამ-სამი კაცის გამოყვანის უფლება მიიღეს.

"თავისუფალთა" შორის გიორგი ედიშერაშვილი, ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი (სამივე - 55), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, კობა კაკალაძე, გიორგი ცუცქირიძე (66), გოჩა ლომთათიძე, გიორგი მარსაგიშვილი, რევაზ ივანიშვილი (74), აჩიკო ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი, ბექა ჭელიძე (84), ელიზბარ ოდიკაძე, ლევან სეთურიძე, დავით ქერაშვილი (96), დავით მოძმანაშვილი, ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (120), ბერძენ-რომაელთაგან კი ლაშა გოგიტაძე, გენადი ქუთათელაძე, ზურაბ მაჭარაშვილი (სამივე - 55), ირაკლი ჭოჭუა, ქემალ ხარაბაძე, სულხან წულუკიძე (60), მარადი აბულაძე, ლაშა ლოლაშვილი, მუხრან მაჭუტაძე (66), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, გიორგი ცირეკიძე (74), რევაზ ნადარეიშვილი, მათე სოფაძე, დავით ჩაკვეტაძე (84), ირაკლი ქაჯაია, იაკობ ქაჯაია, ვასილ იმერლიშვილი (96), დიმიტრი ჯავახიშვილი, რამინ შაქარიშვილი, სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ.

არაა გამორიცხული, მასპინძლებმა ჩვენი ტიტულოვანი ფალავნები პერსონალურად მიიწვიონ და ეს სია კიდევ გაიზარდოს. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ჩამონათვალში არც ბერძნულ-რომაულში ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხია (60), არც "თავისუფალთა"შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და გიორგი მარსაგიშვილი (84). ასევე "თავისუფლებში"მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96) და მსოფლიოს ვერცხლის, ხოლო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66) - მიზეზთა გამო, მათ არც უჭიდავიათ შესარჩევი შეჯიბრებები და ამიტომ ვერც კვოტები მიიღეს.

ორგანიზატორები ასეთ გამოჩენილ ფალავნებს ხშირად იწვევენ, განსაკუთრებით - მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ჩემპიონატების მედალოსნებს, მაგრამ ლაშხი რომ მიიწვიონ, მაინც არ წავა იქ - სტარტისთვის ზუსტად იმ პერიოდში ესპანეთში იჭიდავებს. ეს მწვრთნელთა სტრატეგიული ჩანაფიქრია - მსოფლიოს პირველობაზე, რომელიც სალიცენზიო სტატუსისაა, მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აზერბაიჯანელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰასან ალიევიც იქნება, ისეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ კი მასთან მისსავე სამშობლოში შეხვედრა არ სურთ. მით უფრო, ლაშხმა ალიევს წლეულს ევროპაზე მოუგო და ბაქოში მასპინძლები, რომლებმაც უკვე უზომო გავლენა მოიპოვეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაზე, ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი ფალავნის გასამარჯვებლად, ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ლაშხის ფსიქოლოგიაზე, ხოლო ალიევისაზე, პირიქით - დადებითად. თან ბაქოში ჭიდაობის მთელი ელიტა იქნება შეკრებილი და ჩვენს მწვრთნელებს დიდად არც ის სურთ, ლაშხის მომზადება, მისი სპორტული ფორმა ასე ყველას თვალწინ გამოამზეურონ.

აქვე შევნიშნავთ, რომ "ოქროს დიდი პრიზის"ფინალური ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შეჯიბრებაა ჭიდაობის სამყაროში - ჩემპიონი ჯილდოდ 10 000 დოლარს მიიღებს, მომდევნო ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 5 000 და 2 000-2 000 დოლარს.

ჩვენი გუნდებისთვის ეს ტურნირი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ორივე ნაკრები 16-16 ფალავანით გუშინ სომხეთში გაემგზავრა, სადაც მაღალმთიან კურორტ წახკაძორში საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან. ეს ადგილი ჩვენებისთვის კარგადაა ნაცნობი ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროიდან, როცა იქ საკავშირო მნიშვნელობის სპორტული ბაზა იყო და ახლანდელი მწვრთნელები სპორტსმენთა რანგში ლამის მუდმივად იქ გადიოდნენ წვრთნას, ახლა კი მან წარმატებით ჩაანაცვლა ბაკურიანი.

ვერ გეტყვით, რითი ჯობია იქაურობა ბაკურიანს, მწვრთნელები ამბობენ, რომ იქ ინფრასტრუქტურა უფრო უკეთაა განვითარებული ანუ ვარჯიშისთვის უკეთესი პირობებია. მთავარი მართლაც უკეთ მომზადებაა, მაგრამ ცუდია, ადგილობრივმა კურორტმა შინაური მომხმარებელი რომ დაკარგა და ფული საქართველოდან იქით გაედინება, როცა კურორტის, ზოგადად ტურისტული ინდუსტრიის სწორი მენეჯმენტის პირობებში აქეთ შეიძლება მოვიზიდოთ.

ამჟამად მწვრთნელებმა წახკაძორში ყველა წონაში ორ-ორი ლიდერი წაიყვანეს. ამასთან დაამატეს ის ფალავნებიც, რომლებმაც თბილისური შეჯიბრება გამოტოვეს (ცხადია, ვისაც ტრავმა ვარჯიშის საშუალებას აძლევდა). გუნდები სომხეთში თვის ბოლომდე დარჩებიან, იქიდან დაბრუნებულები კი ერთ კვირაში ბაქოში წავლენ. ამ ტურნირის შემდეგ ისევ შეკრებების პერიოდი დგება. ბერძენ-რომაელები მას კვლავაც უცხოეთში, ამჯერად მინსკში, "სტაიკების"ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან, "თავისუფლები"- დუშეთში.

უცხოეთში, კონკრეტულად კი თურქეთში წასვლას ესენიც გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შინ დარჩენა არჩიეს. დაახლოებით ამ პერიოდში ორივე გუნდი პოლონეთში იჭიდავებს საერთაშორისო ტურნირებში, მერე კი საქართველოში დაბრუნდებიან და ბოლო შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან, 12-18 სექტემბერს კი სტამბოლში მსოფლიოს პირველობა ტარდება. იქ ყოველ წონაში ექვს-ექვსი საგზური გაიცემა, ხელმოცარულებს კი შანსი სალიცენზიო შეჯიბრებებში მიეცემათ.

ორ ასეთ ტურნირს საერთაშორისო ფედერაცია ატარებს, ორსაც - ევროპული, ოღონდ იმათში ბევრად ნაკლები საგზური გათამაშდება. თუმცა ესეც კია - ქვეყანა, რომელსაც კონკრეტულ წონაში უქვე ექნება საგზური, იქ მონაწილეს ვერ გამოიყვანს. პრაქტიკულად, იმ სალიცენზიო შეჯიბრებეში ლიდერები არ იჭიდავებენ. თუმცა საგზურების მოპოვება არც მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება იოლი - ახლანდელი წესით, საამისოდ საჭიროა, ბრინჯაოს მედლისთვის მაინც იჭიდაო, ხოლო გუნდიდან ეს ყველამ შეძლოს, დაგვეთანხებით, ცოტა არარეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა