“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სენიორ მასიმოს ნომერი პირველი კანდიდატურა პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილას ბოასია
ერთი ხანობა, დღე არ გავიდოდა, რომ “რომას” შესახებ სამწვრთნელო ცნობები არ გავრელებულიყო - საბოლოოდ, გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბარა და ეს საგაც დასრულდა. “ჯალოროსისგან” ესტაფეტა “ინტერმა” გადაიბარა და უკვე მილანურ გრანდზე გვიწევს ახალ-ახალ ინფორმაციებთან გაცნობა.

მასიმო მორატი პირველად მარსელო ბიელსას შეეხმიანა და მას მილანში გადაცხოვრება შესთავაზა, მაგრამ არგენტინელი სპეციალისტისგან მტკიცე უარი მიიღო. დღემდე არ სახელდება კონკრეტული მიზეზი, თუმცა კულუარებში ერთი ვერსია აქტიურად მუსირებს - თურმე მორატი ადრეც აწარმოებდა ბიელსასთან მოლაპარაკებებს, პრაქტიკულად შეთანხმებული ჰქონდათ ყველა დეტალი, როდესაც “ინტერის” პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევანი ჟოზე მოურინიოზე შეაჩერა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მორატიმ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია ბიელსასთვის, რომელსაც თურმე ჩალაგებული ბარგის ამოლაგება მოუხდა. გამომდინარე აქედან, ბიელსამ მორატის უარი სტკიცა და მოლაპარაკების წამოწყებაც კი არ ისურვა.

ბიელსას მსგავსად, გამოირიცხა სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატირაც, რომელიც ფლორენციაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. მოვუსმინოთ სერბ სპეციალისტს: “პრესაში ბევრი სისულელე იწერება და მათ შორის ის, რომ შესაძლოა “ინტერის” მთავარი მწვრთნელი გავხდე. ეს გამორიცხულია და მინდა საჯაროდ განვახადო, რომ “ფიორენტინაში” ვრჩები. გასულ ზაფხულს არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არჩევანი “ვიოლაზე” შევაჩერე, რაც ერთი წუთითაც არ მინანია. ფლორენციაში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ აქ ერთი წლით დავრჩენილიყავი - დიდი და სერიოზული გეგმები მაქვს, ასე რომ, “ინტერი” ჩემს ინტერესის სფეროში არ შედის”.

ვერ გეტყვით მორატის ჰქონდა თუ არა ინტერესი მიხაილოვიჩის მიმართ, მაგრამ ფაქტია რომ არც ამ საქმისგან გამოვა რამე. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით კი სენიორ მასიმოს ნომერი პირველი კანდიდატურა პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილას ბოასია. მისი თავკაცობით, “პორტუმ” გასული სეზონი ფანტასტიკურად ჩაატარა, პორტუგალიის ჩემპიონატის და ევროპის ლიგის გათამაშება ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ამბობენ, რომ ვილას ბოასის კანდიდატურა მორატის ჟოზე მოურინიომ ურჩია, ვისთანაც “ინტერის” პრეზიდენტს დღემდე ინტენსიური სატელეფონო კავშირი აქვს. “ინტერის” ანდრეს მიმართ ინტერესი, კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ დაადასტურა:

“მისი შედეგები აღფრთოვანებას იწვევს და ბუნებრივია, მის მიმართ გვაქვს ინტერესი. მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამას არაფერი უდგას წინ და უახლოეს პერიოდში აუცილებლად შევეხმიანებით. ვიცი, რომ დიდი სურვილი აქვს “პორტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოსინჯოს ძალები, ამასთან ევროპის სუპერთასზე “ბარსელონას’ შეეჭიდოს. მესმის, რომ მისი დარწმუნება იოლი არ იქნება, თუმცა მაინც იმედიანად ვარ განწყობილი”.

გუშინ, პორტუგალიურმა სპორტულმა გაზეთმა “რეკორდმა” “ინტერის” გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ვილას ბოასმა უკვე შეუთვალა უარი მილანური გრანდის მესვეურებს. თუმცა, ეს ვერსია თავად მწვრთნელის კომენტარით არ არის გამყარებული და გამომდინარე აქედან, მის უტყუარობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთ. შესაძლოა ეს პორტუგალიელთა სურვილი უფრო იყოს, ვიდრე რეალობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და არ ვიმარჩიელოთ.

“კორიერეს” მტკიცებით, “ინტერი” ‘პორტუს” თავდამსხმელით, რადამელ ფალკაოთიც დაინტერესებულია. 25 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელს საოცარი სეზონი ჰქონდა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებებში. ფალკაო 2009 წლიდან ირიცხება “პორტუში”, ამ ხნის განმავლობაში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 41 გოლი გატანილი, რაც მართლაც რომ შესანიშნავი მაჩვენებელია. ბუნებრივია, “პორტუ” ასე იოლად ვერ შეელევა მწვრთნელს და საუკეთესო ფეხბურთელს, თუმცა “ინტერი” ცდას არ დააკლებს, რაც ბრანკას სიტყვებით დადასტურდა.

ბრანკა იქით იყოს და პრესასთან ურთიერთობას არც მასიმო მორატი გაურბის, მისი თქმით, ახალი მწვრთნელის საკითხი მალე გადაწყდება: “ბიელსამ მართლაც უარი გვითხრა და ამას ვადასტურებ. მიზეზი? - დასამალია არაფერია, მან გვითხრა, რომ მოლაპარაკების წამოწყების სურვილი არ აქვს, როგორც ჩანს, რაღაცით ძალიან იმედგაცრუებულია. გვქონდა კონტაქტი სხვა მწვრთნელებთან, რომლებმაც დიდი სურვილი გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის. არჩევანს ძალიან მალე გავაკეთებთ, თუმცა დღეს კანდიდატების დასახელებისგან თავს შევიკავებ. საინტერესოა, რომ “ინტერის” მომვალი ჟურნალისტებმა კარლო ანჩელოტისაც დაუკავშირეს და ამ საკითხზე მას კომენტარი ჩამოართვეს. ჩემდა გასაკვირად, კარლო უარზე არ წავიდა, რაც ერთობ სასიამოვნო იყო. თუმცა, გამოგიტყდებით და მისთვის შეთავაზების გაკეთება აზრადაც არ მოგვსვლია. დიდ პატივს ვცემ ანჩელოტის, მაგრამ ჩვენ სხვა ყაიდის მწვრთნელი გვჭირდება”.

ბოლოს, კიდევ ერთი ინფორმაცია “ინტერის” შესახებ, რომელიც ლუსიოს უკავშირდება. ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი მცველის გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული - ეს ინფორმაცია ფეხბურთელის პირადმა აგენტმა ალესანდრო ლუკიმაც დაადასტურა, თუმცა შემდეგი დაამატა: “დიახ, ლუსიოს შეძენა ბევრს სურს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლიენტი “ინტერში” გააგრძელებს ასპარეზობას. კლუბის მესვეურებთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და სულ მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ. ლუსიო ბედნიერად გრძნობს თავს მილანში და არსად წასვლას არ აპირებს. პირდაპირ მითხრა, რომ მისი ერთადერთი სურვილი “ინტერის” ღირსების დაცვაა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს