სალუქვაძესთვის მიუნხენის მსოფლიო თასს წმინდა სატურნირო დატვირთვა აქვს - შეამოწმოს იარაღი, ფიზიკური მომზადება..
ნინო სალუქვაძემ მისთვის არცთუ ისე შედეგიანი 579 ქულით და XVIII ადგილით დაიწყო გამოსვლა მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასზე. ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გუშინ სპორტული პისტოლეტით სროლაში გამოვიდა და ასპარეზობა საკმაოდ ცუდად დაიწყო - პირველივე სერიაში ორი ტყვია რვიანში მოხვდა მესამე და მეხუთე გასროლებზე.

მართალია, ამ სერიაში უფრო ხშირად - შვიდჯერ, 10-იანის ნიშნულს არ ასცდენია, ყველაზე დაბალი შედეგი მაინც აქ ჰქონდა, 95 ქულა. მომდევნო ორში ბევრად მობილიზებულმა ისროლა - ფარის შუაგულს მხოლოდ ორ-ორჯერ დააცილა, სხვები ისევ ათიანებში გაარტყა და 98-98 ქულა დააგროვა. თუმცა ერთი კია, რომ 10-იანები მთლად ცენტრში არ გამოუვიდა დასმული, მაგრამ სერიების საბოლოო შედეგებს მაინც არა უშავდა.

სალუქვაძეს შეჯიბრების მეორე ნახევარში, სწრაფ სროლებში 30 ცდიდან მხოლოდ ერთი 8-იანი ჰქონდა, მაგრამ 10-იანებში მორტყმაც უფრო უჭირდა, ძირითადად 9-იანები დააზიანა და 96, 95 და 97 ქულა დააგროვა. როგორც ხედავთ, აქ ყველაზე უკეთ ბოლო სერიაში გაისარჯა, რაც ხშირად ხდება მის კარიერაში, ეს კი ძლიერ ნებისყოფაზე მიუთითებს. არადა, პარადოქსია, რომ სწორედ ამ სერიაში ჰქონდა ის ერთადერთი 8-იანიც. სამაგიეროდ, ათიანებს გაარტყა რვაჯერ.

ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს ჯამში 579 ქულა დაუგროვდა და XVI-XIX ადგილები გაიყო გერმანელ სტეფანიე თურმანთან, მონღოლ მუნკზულ ჩოგბადრანთან და კორეელ იუნ ჰი კვაკთან ერთად. დამატებით სროლებში გერმანელმა 20 ქულა დააგროვა, მონღოლმა - 19, სალუქვაძემ - 16, კორეელმა - 13 და ცხრილშიც ასეთი თანმიმდევრობით განაწილდნენ.

შესარჩევი ტურნირი 584 ქულით ბულგარელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარია გროზდევამ, ჩეხმა ოლიმპიადის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა, ევროპის ჩემპიონმა ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვამ და ახალგაზრდებში ასევე ევროპის პირველობის გამარჯვებულმა უნგრელმა სოფია ჩონკამ მოიგეს. 583 ქულა ჰქონდა ჩინელ ჯინ-ჯინ ჭანს, მისმა თანაგუნდელმა ჯინ იუანმა და ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა სელინ გობერვილმა 582-ით დაამთავრეს საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალურ ოქტეტში კი 581 ქულით ბოლო მონაწილეებად ფრანგი სტეფანიე ტიროდე და უკრაინელი ინა კრიაჩკო შევიდნენ.

ფინალურ სერიაში ყველაზე კარგად ჩინელი იუანი გაისარჯა - 205,8 ქულა გაარტყა და საგრძნობლად გაუსწრო სხვებს. მას ჯამში 787,8 დაუგროვდა და ოქროს მედალიც ირგუნა. ვერცხლი გროზდევამ მოიპოვა 787,3-ით, ბრინჯაო - მარუსკოვამ 786,0-ით.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს თასის ეტაპებზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც გაიცემა - სპორტულში - ორ-ორი. ამ ტურნირის შემდეგ ლონდონის თამაშების მონაწილეთა სიას გროზდევა და ჩონკა შეემატნენ. საყურადღებოა, რომ ჯერაც ლიცენზიის გარეშე რჩება სერბი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი - ერთ-ერთი იმ ორიდან, ვისაც ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ სალუქვაძის რეკორდის გამეორება ანუ ოლიმპიადაზე მეშვიდედ გამოსვლა შეუძლია. სეკარიჩმა ამჯერად 576 ქულა დააგროვა და 31-ზე დარჩა. მიუნხენში გამოვიდა სალუქვაძის რეკორდის მეორე პოტენციური გამმეორებელი - ბერძენი აგატა კასუომიც, რომელიც 580 ქულით მე-12-ე იყო. 45 წლის ქალბატონი შეჯიბრებებში იმდენად აქტიურად არ ჩანდა ხოლმე, მაგრამ, ეტყობა, სერიოზულად ფიქრობს მეშვიდე ოლიმპიადაზე მოხვედრას.

იქიდან გამომდინარე, რომ სალუქვაძეს ოლიმპიური ლიცენზიაც მოპოვებული აქვს და მსოფლიოს თასის სუპერფინალისაც, ამ შეჯიბრებას მისთვის წმინდა სატურნირო დატვირთვა აქვს - შეამოწმოს იარაღი, ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, ტექნიკურ-ტაქტიკური ასპექტები, იგრძნოს საშეჯიბრო ატმოსფერო...

გუშინვე მიუნხენში ვაჟთა შორის სპორტული პისტოლეტიდან ლევან ქადაგიძემაც ისროლა და 542 ქულით 62-ე ადგილზე გავიდა. ის ყველაზე უკეთ პირველ სერიაში გამოვიდა - 97 ქულა დააგროვა, სხვებში კი საკმაოდ სუსტად იასპარეზა. საერთოდ, მან ექვსი სერიიდან 90-იან მიჯნას მხოლოდ სამში გადააბიჯა.

ვაჟთა შორის პირველი იყო ტომოუკი მაცუდა (იაპონია) - 665,7 ქულა, მეორე - ანდრია ზლატიჩი (სერბეთი) - 662,9, მესამე - ჯუზეპე ჯორდანო (იტალია) - 659,6. აღსანიშნავია, რომ 36 წლის პარაშუტისა და მოტოციკლეტების მოყვარული სამხედროსთვის ეს კარიერის პირველი მედალია ნებისმიერი რანგის ტურნირზე. მეტიც - მას მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი არასოდეს უასპარეზია.

მიუნხენში ჩვენები კიდევ ერთხელ დადგებიან ცეცხლის ხაზზე - პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, ოღონდ ამჯერად ცალ-ცალკე. ქადაგიძე ხვალ ისვრის, სალუქვაძე - ზეგ, ტურნირის ბოლო დღეს. ამით მსოფლიოს თასის ცალკეული, სუპერფინალისთვის შესარჩევი ეტაპებიც დასრულდება, ჩვენებურთათვის კი უახლოესი სამიზნე 1-14 აგვისტოს ბელგრადში გასამართი ევროპის ჩემპიონატი იქნება.

მოგეხსენებათ, პნევმატურიდან სროლაში ანალოგიური შეჯიბრება მარტში იტალიურ ბრეშიაში ჩატარდა (იქ სალუქვაძე 21-ე იყო), ამიტომ ასპარეზობა სერბეთში მხოლოდ სპორტულიდნ სროლაში გაიმართება. იმედია, იქ ახალგაზრდებსაც გააგზავნიან, თორემ ამჯერად უფულობის გამო გერმანიაში ამ დუეტის გარდა ვერავინ გაუშვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად