გუშინ დილას საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” არც თუ ისე მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა: “ლიონი” უახლოეს საათებში მთავარ მწვრთნელს წარადგენსო
ლიონს წყაროდან შამპანურის მოტანა უნდა

გუშინ დილას საინფორმაციო სააგენტო “როიტერმა” არც თუ ისე მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა: “ლიონი” უახლოეს საათებში მთავარ მწვრთნელს წარადგენსო. თავად ეს ამბავი დიდი არაფერი, მაგრამ კანდიდატურა კი იყო ცოტა დამაინტრიგებელი. ლაპარაკია კლოდ პიუელის ყოფილ ასისტენტ რემი გარდზე. სპეციალისტზე, რომელსაც აქამდე მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. “ფრანს ფუტბოლმა” უმალ შეგვახსენა, რომ მუსიე რემი, როგორც ფეხბურთელი, “ლიონის” ღირსებას 6 წლის განმავლობაში, 1987-დან 93-მდე იცავდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბში ძირითადად ტექნიკური პოსტები ეკავა.

შუადღეზე სპეციალური პრესკონფერენცია დაგეგმილ დროს დაიწყო. ჟურნალისტებთან შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა წარუძღვა. მან საზოგადოებას აუწყა, რომ ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა, მისი გაგრძელების პერსპექტივით. ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გარდისთვის გუნდის ჩაბარებაზე მან და მისმა მრჩეველმა ბერნარ ლაკომბმა ერთხმად მიიღეს. აი, რა განაცხადა შეხვედრის დასასრულს თავად ახალმა მწვრთნელმა: “ვამაყობ, რომ ჩემმა კლუბმა ამხელა ნდობა გამომიცხადა. “ლიონში” თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად არ დამჭირვებია. ჩემთვის ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნაბიჯს წინ. მიმაჩნია, რომ ამხელა ტვირთის ზურგზე წამოსაკიდებლად მზად ვარ. ჩემ წინ ძალიან მაღალი თამასაა გადებული, რადგან ვალდებულნი ვართ, “ლიონს” ის ძველი მდგომარეობა დავუბრუნოთ, რამდენიმე წლის წინ რომ იყო. აუცილებლად შევეცდებით ლამაზი თამაშის ჩვენებას და შედეგების ისე მიღწევას. არსენ ვენგერს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ თუკი გუნდი თამაშისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს, ვერც სასურველ ტიტულებს მოიპოვებსო”.

ვინც არ რისკავს შამპანურსაც ვერ სვამსო, გაგვიგია, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის რომ ვერ მოიტანს, ეგეც ნათქვამია. რამდენად გამძლე გამოდგება კოკა სახელად რემი გარდი და მოიტანს თუ არა ის წყაროდან შამპანურს, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

მოლაპარაკებები არ ყოფილა

“აიაქსის” 23 წლის მარჯვენა მცველის გრეგორი ვან დერ ვილის შესახებ “რომასთან” არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილაო, - განაცხადა მისმა აგენტმა ჰაკიმ სილმანიმ. არადა იტალიური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილიაო. მათ ამის თქმის საფუძველს ის აძლევდა, რომ პრესამ “რომას” სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ამსტერდამში ნახა. რატომ ესტუმრებოდა ამ ქალაქს, ძნელი მისახვედრი ალბათ არ უნდა იყოს. თუმცა ფეხბურთელის აგენტი შეხვედრის ფაქტს უარყოფს: “გარწმუნებთ, “რომას” ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე არ შევხვედრივარ. ამ წუთას ყველაფერი მშვიდად არის. გრეგორის ხომ “აიაქსთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. არც კლუბს სურს ფეხბურთელის გაყიდვა, მით უფრო, რომ როგორც ვიცი, მათ ოფიციალურად არც ერთი წინადადება, არც “რომასგან” და არც სხვებისგან, ჯერ არ მიუღიათ. რა მოხდება უახლოეს 2 თვეში ამას ვნახავთ. ჩემი კლიენტი კი ამ წუთას შვებულებაშია და მშვიდად ისვენებს”.

იუვე: მატრი, პეპე, მოტა და კვალიარელა

“იუვენტუსის” ფეხბურთელები ალესანდრო მატრი, სიმონე პეპე, მარკო მოტა და ფაბიო კვალიარელა კლუბში დარჩებიან, - გვამცნობს “ქალბატონის” ოფიციალური საიტი. გასულ წელს ისინი გუნდში იჯარის წესით თამაშობდნენ და ტურინელებმა მათი ტრანსფერების გამოსყიდვა გადაწყვიტეს. ასე რომ, “კალიარი” მატრიში 10,5 მილიონს მიიღებს, “უდინეზე” პეპეში – 7,5-ს, მოტაში 3,75-ს, “ნაპოლი” კი კვალიარელას 10,5 მილიონად შეელევა. პირველმა სამმა “ბიანკონერისთან” 4-4 წლიანი კონტრაქტები დადო, უკანასკნელმა - 3-იანი.

არნახული ჯარიმა დიეგოს

“ვოლფსბურგის” ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო რიბასი კლუბმა ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე სოლიდური თანხით დააჯარიმა – სამხრეთამერიკელი ნახევარ მილიონ ევროს გადაიხდის. ყოველ შემთხვევაში ამ თანხას ასახელებენ გერმანული ვებგვერდები, თავად კლუბის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ჯარიმა მართლაც სერიოზულია, მაგრამ კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს.

შეგახსენებთ, თუ რა გახდა “მგლების” ხელმძღვანელობის გაბრაზების საფუძველი: გასული სეზონის 34-ე ტურის მატჩში ფელიქს მაგათმა ფეხბურთელი “ჰოფენჰაიმთან” მატჩის (1:3 “ვოლფების” სასარგებლოდ) განაცხადში არ შეიყვანა, რის გამოც ბრაზილიელი გაბრაზდა, ისე, რომ ნებართვა არავისთვის უთხოვია, დატოვა სასტუმრო სადაც კლუბი ცხოვრობდა და მატჩის მიმდინარეობისას არც “რაინ-ნეკარ-არენაზე” გამოჩენილა.

პორტუმ თავკაცი იპოვა

თანამდებობიდან ანდრეს ვილას-ბოასის გადადგომის შემდეგ “პორტუს” ახალი დამრიგებელი დიდხანს არ უძებნია. გუნდს მისი ერთ-ერთი თანამშემწე ვიტორ პერეირა ჩაიბარებს. ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდში მისვლა და ამბიციურ ამოცანებთან შეჭიდება რთული საქმეა. თავად მწვრთნელს ეს ესმის: “მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტს, მთლიანად ხელმძღვანელობას ჩემდამი ნდობისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ “პორტუ” გააგრძელებს გამარჯვებათა გზას. ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია მომატება. პროგრამა მინიმუმი პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება იქნება, მეტს თუ შევწვდებით, მთლად უკეთესი”.

“პორტუს” პრეზიდენტ პინტუ და კოშტას ჟურნალისტებმა ვილას-ბოასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე კომენტარი სთხოვეს: “ჩვენ ანდრეზე გაბრაზებულები არ ვართ, რადგან კლუბმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მშვენიერი კომპენსაცია მიიღო. ესეც რომ არა, მასთან ერთად გუნდი წარმოუდგენელ სიმაღლეებს შესწვდა. ამ გამარჯვებებში კი მისი წილის გადაფასება წარმოუდგენელია. არა, მასზე გაბრაზების მართლა არანაირი ობიექტური საფუძველი არ გვაქვს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს