კურიოზული გოლები, უწესრიგობა ტრიბუნებზე, რასიზმი - აი, რა იყო რუსული პრემიერლიგის XV ტურის „საფირმო ნიშანი“!

რუბინი-ვოლგა 2:0

გოლები: 1:0 ბოკეტი (50), 2:0 კასაევი (83)

სპარტაკი (მ)-დინამო 0:2

გოლები: 0:1 სემშოვი (34), 0:2 ვორონინი (65)

კრილია სოვეტოვი-ანჟი 0:3

გოლები: 0:1 აგალაროვი (7), 0:2 გაჯიევი (18), 0:3 ანგბვა (63)

ცსკა-ლოკომოტივი 3:1

გოლები: 1:0 დუმბია (13), 1:1 დიურიცა (30), 2:1 ტოშიჩი (36), 3:1 დუმბია (58)

ამკარი-სპარტაკი (ნ) 1:0

გოლი: 1:0 გრიშინი (58)

ტომი-როსტოვი 1:1

გოლები: 1:0 კანუნიკოვი (66, პენალტით), 1:1 ადამოვი (83, პენალტით)

გაძევება: ოკორონკვო (როსტოვი)

ზენიტი-ყუბანი 1:0

გოლი: 1:0 ზირიანოვი (35)

კრასნოდარი-ტერეკი 0:2

გოლები: 0:1 ომელიანჩუკი (18), 0:2 ასილდაროვი (83)

გასული ტურის მატჩებით რუსულ პრემიერლიგაში პირველი წრე დამთავრდა, - სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს; საერთოდაც, ბოლო რამდენიმე ტურია, თითქმის ყველა მატჩი ლოგიკური შედეგით სრულდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს არაერთი ნეგატიური ფაქტი მოხდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც XV ტური იყო, არადა მოვლენების მსგავს განვითარებას არავინ ელოდა: ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ყველა ფეხბურთელს კი მაისურზე შავი სამკლავური ეკეთა. შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ, პეტროზავოდსკის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფაში ცნობილი რუსი მსაჯი, ფიფას არბიტრი, 37 წლის ვლადიმერ პეტაი დაიღუპა...

კურიოზული გოლები, ტრიბუნებზე მომხდარი უწესრიგობანი, რასიზმის უკვე მერამდენე გამოვლინება, - აი, რა იყო რუსული პრემიერლიგის XV ტურის „საფირმო ნიშანი“! წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გამწარებულიყო „ანჟის“ კაპიტანი, რუსული პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული ფეხბურთელი, 38 წლის რობერტო კარლოსი, რომ მატჩის მიწურულს კაპიტნის სამკლავური მოეხსნა და მოედნიდან გასულიყო. მიზეზს არ იკითხავთ? სახელოვან ბრაზილიელს სამარაში ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს! სხვათა შორის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რობერტო კარლოსს ასე უდიერად რომ ექცევიან: I ტურში, „ზენიტისა“ და „ანჟის“ მატჩის დაწყების წინ, როცა ორივე გუნდის კაპიტნები დროშას აღმართავდნენ, მავანმა სანკტ-პეტერბურგელმა გულშემატკივარმა მახაჩყალელთა ახალწვეულს ტრიბუნიდან ბანანი მიაწოდა! ამ ტურში არანაკლებ აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა ყაზანშიც, სადაც სტუმართა გუნდის, „ვოლგას“ ქომაგებმა მატჩის დაწყების წინ თათრეთის რესპუბლიკის ჰიმნის მიმართ უპატივცემლობა სხვადასხვა შეძახილით გამოხატეს...

ახლა კი უშუალოდ შეხვედრების შესახებ და, უპირველესად, ის მართლაც კურიოზული გოლები უნდა ვახსენოთ, ამ ტურში უჩვეულოდ ბევრი რომ იყო. „ზენიტმა“ მხოლოდ მინიმალური სხვაობით რომ აჯობა „ყუბანს“, სტუმართა მეკარის, 26 წლის ალექსანდრ ბუდაკოვის დამსახურება იყო, მაგრამ მასპინძლებს იღბალიც დაეხმარათ: 33 წლის კონსტანტინ ზირიანოვის დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ კრასნოდარელთა კარის ძელს მოხვდა, მერე კი ბუდაკოვს თავში და გოლიც გავიდა! ასევე კურიოზული გოლის წყალობით გაიმარჯვა „ამკარმა“ - 30 წლის ვიტალი გრიშინმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ნალჩიკელთა 29 წლის ფინელ მეკარე ოტო ფრედრიქსონს ბურთი ფეხებშუა გაუძვრა!

თუმცა, კურიოზების მხრივ „რეკორდი“ სამარაში დამყარდა: მასპინძელთა მეკარემ, შარშანდელ მუნდიალზე ალჟირის ნაკრებში ჩინებულად მოასპარეზე 24 წლის რაის მბოლიმ შორი მანძილიდან ორი ისეთი გოლი გაუშვა, ასეთი დონის მეკარეს რომ არ ეკადრება; თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: „ანჟის“ კამერუნელი ლეგიონერის, 29 წლის ბენუა ანგბვას თავური დარტყმის მერე ბურთი „კრილია სოვეტოვის“ კარის ძელის „გავლით“ მბოლის თავში მოხვდა და გოლიც გავიდა! სამაგიეროდ, ჩვეულ მაღალ დონზე იასპარეზა „ანჟისა“ და საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც ზედიზედ მეორე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. ასევე კურიოზული გოლის წყალობით შეძლო „რუბინმა“ მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა: ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა იტალიელმა ლეგიონერმა, 24 წლის სალვატორე ბოკეტიმ გახსნა, შემდეგ კი, როცა „ვოლგა“ მთელი გუნდით უტევდა, 25 წლის ალან კასაევმა, ფაქტობრივად, სტუმართა მცველთან ერთად შეძლო ბურთის კარში შეგორება.

არადა, ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე „ვოლგას“ ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსი ჰქონდა: შეცვლაზე შემოსულმა 26 წლის ოთარ მარცვალაძემ მარცხენა ფლანგზე ლამის 80-მეტრიანი სოლო-რეიდი განახორციელა და შემდეგ, ზუსტი პასით თანაგუნდელიც მოძებნა; ეს თანაგუნდელი კი 22 წლის მათე ვაწაძე გახლდათ, პირველად რომ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ქართველი ფორვარდის დარტყმა სანტიმეტრებში აცდა მასპინძელთა კარს.

სხვა მატჩებიდან, რაღა თქმა უნად, ერთდროულად ორი დედაქალაქური „დერბი“ უნდა გამოვყოთ: ცსკა-„ლოკომოტივი“ და „სპარტაკი“-„დინამო“. არმიელები კვლავაც აგრძელებენ წარმატებულ სერიას და ამჯერადაც უპრობლემოდ გაიმარჯვეს - „დუბლი“ შეასრულა 23 წლის კოტდივუარელმა სეიდუ დუმბიამ, ხოლო 24 წლის სერბმა ზორან ტოშიჩმა ეფექტური გოლი გაუტანა „ლოკომოტივის“ მეოთხე მეკარედ მიჩნეულ 21 წლის არტიომ გომელკოს.

სხვათა შორის, ამ მატჩში ყველა გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს - „ლოკომოტივის“ სლოვაკმა მცველმა, 29 წლის იან დიურიცამ „სტანდარტული“ მართლაც ეფექტურად შეასრულა. თუმცა, ყველაზე ლამაზი გოლები მეორე „დებიში“ გავიდა: უამრავი საკადრო პრობლემით დასუსტებულმა „სპარტაკმა“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია „დინამოს“ და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. დინამოელთაგან პირველი გოლი გუნდის ვეტერანმა, რუსეთის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა იგორ სემშოვმა გაიტანა ეფექტური თავური დარტყმით. აი, მეორე შემთხვევაში კი „დინამოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა, 32 წლის ანდრეი ვორონინმა გაიბრწყინა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ბურთი მეტოქის კარის „ცხრიანში“ გაგზავნა.

სამწუხაროდ, წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად თავის გამოჩენა ვერ შეძლო „სპარტაკის“ 18 წლის ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ, რომელსაც მეტოქის გამოცდილი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში მჭიდროდ მეურვეობდნენ.

მომდევნო ტური, 26 ივნისი. კვირა

დინამო-ლოკომოტივი

ამკარი-ცსკა

ზენიტი-ტერეკი

ტომი-ვოლგა

კრასნოდარი-ანჟი

კრილია-სპარტაკი( ნ)

რუბინი-ყუბანი

სპარტაკი (მ)-როსტოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს