სენიორ ჯანპიერომ “კორიერე დელო სპორტთან” რამდენიმე საინტერესო კითხვას გასცა პასუხი
მართალია, ხელშეკრულებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ, მაგრამ უკვე ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

მასიმო მორატიმ რამდენიმე კანდიდატურასთან საერთო ენა ვერ გამონახა, საბოლოოდ კი ხელში ევროპული მასშტაბით ნაკლებად ცნობილი სპეციალისტი შერჩა. მეორე მხრივ, გასპერინი იტალიაში, მაღალი კლასის მწვრთნელად მიიჩნევა და ასე რომ არ იყოს, ალბათ არც “ნერაძურის” თავკაცად დანიშნავდნენ.

სენიორ ჯანპიერო “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტს გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კითხვას გასცა პასუხი...

- თქვენც ისევე გაგიკვირდათ “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, როგორც ჩვენ?

- ნამდვილად გამიკვირდა, რადგან "ინტერის" მესვეურებთან აქამდე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ცოტა ხანი დასვენებას ვაპირებდი და საერთოდ არ ვფიქრობდი ახალ სამსახურზე, როდესაც მასიმო მორატი დამიკავშირდა. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი და დიდი სიხარული იყო, რადგან ევროპული ფეხბურთის აღიარებულ გრანდში მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. ბედნიერი ვარ და ენთუზიაზმით აღსავსე, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება საწვრთნელი პროცესი.

- იქამდე ხელშეკრულება გაქვთ გასაფორმებელი, რომელიც ერთწლიანი იქნება. მართალია?

- ცდებით, კონტრაქტი ორწლიანი იქნება გახანგრძლივების პერსპექტივით. ჩემი მიზანია, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო და “ინტერში” რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. როდესაც სამწვრთნელო კარიერას ვიწყებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ “ნერაძურის” დონის გუნდს ჩავუდგებოდი სათავეში... რადგან ამას მივაღწიე, ე.ი. მონდომების ხარჯზე ყველაფერი შესაძლებელია.

- ახალ რეალობაში ხართ, სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგისთვის მოგიწევთ ბრძოლა...

- მზად ვარ ახალ სიმაღლეებს შევეჭიდო და დიდი გამარჯვებები მოვიპოვო. ასე რომ არ იყოს, “ინტერის” მთავარ მწვრთნელობას არ დავთანხმდებოდი. მასიმო მორატის რამდენჯერმე შევხვდი და ჩემი საფეხბურთო ხედვა გავაცანი, ის კი დამპირდა, რომ აუცილებლად მომცემს დროს და საშუალებას, იდეები მოედანზე გადავიტანო. “ინტერში” საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებთან ერთადაც აუცილებლად დიდ მიზნებს შევწვდებით.

გასპერინის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხზე უკვე არაერთმა საფეხბურთო მოღვაწემ გააკეთა კომენტარი, მათ შორის იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთმა ყველაზე სახელიანმა წარმომადგენელმა მარჩელო ლიპიმ:

“გასპერინის ახლოს ვიცნობ, შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მწვრთნელია. ტაქტიკურ ნიუანსებში იდეალურად არის განსწავლული და არც ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეშლება. მის გუნდებს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ პირველ და მეორე ნომრად თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, “ინტერის” მესვეურთა გადაწყვეტილებას ბოლომდე ვამართლებ”.

გასპერინის შესახებ “ჯენოას” პრეზიდენტმა, მაუიციო ძამპარინიმაც ისაუბრა: “მასიმო მორატიმ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჯანპიერო გასპერინი ევროპის საუკეთესო სპეციალისტია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ის ჟოზე მოურინიოსაც სჯობია და პეპ გვარდიოლასაც. კარგად ვიცი როგორ მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, გასპერინისთან ერთად “ინტერის” ისტორიაში ახალი ერა იწყება. რატომ გავათავისუფლე? - რაც არ უნდა ძლიერი იყოს მწვრთნელი, ყველაფერს აქვს დასასრული და დრო იყო ერთმანეთს მეგიბრულად დავშორებოდით. გასპერინის აშკარად სჭირდებოდა ახალი გამოწვევა, “ჯენოას” კი ახალი მწვრთნელი”.

ამასობაში, “ინტერმა” ემილიანო ვივიანოს ტრანსფერის სრულად გამოსყიდვა მოახერხა და თანაც, მეტად კურიოზულ ვითარებაში. ვივიანო იტალიის ნაკრების კიპერია და ბოლო ორი წელია “ბოლონიას” ღირსებას იცავს. “ინტერისა” და ‘ბოლონიას” მესვეურები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და იძულებულნი გახდნენ ბრმა აუქციონს დათანხმებოდნენ. აქვე გავმარტოთ, რომ ბრმა აუქციონს ფედერკალჩო უკეთებს ორგანიზებას - მხარეები სპეციალურ დოკუმენტში წერენ თანხის იმ ოდენობას, რომლის გადახდაც ამა თუ იმ ფეხბურთელში უღირთ და ვინც მეტ თანხას გაიმეტებს, ფეხბურთელიც მას დარჩება.

მოკლედ, აუქციონი გაიმართა და ვივიანო “ინტერს” დარჩა, ყველაზე პარადოქსული კი ის გახლავთ, რომ უფრო მეტი თანხა სწორედაც რომ “ბოლონიამ” გაიმეტა. ყველაფერი კი "როსობლუს" გენერალური დირექტორის, სტეფანო პედრელის ბრალია, რომლმაც თანხა არასწორ გრაფაში ჩაწერა და გამოვიდა, რომ “ბოლონია” ვივიანოს სანაცვლოდ საერთოდ არაფერს იხდიდა. შესაბამისად, მილანელთა 4.1 მილიონმა ევრომ ბოლონიელთა 4.7 მილიონს აჯობა. აი, ასეთი ელემენტარული შეცდომის გამო “ბოლონიამ” ვივიანო, უფრო სწორად კი 3.2 მილიონი ევრო დაკარგა. თუ რატომ 3.2 მილიონი ევრო, ამასაც აქვე აგიხსნით - საქმე იმაშია, რომ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, "ბოლონიას" მესვეურები კიპერის “რომასთვის” 12 მილიონ ევროდ მიყიდვას აპირებდნენ. მოკლედ, ელემენტარული მათემატიკის ამბავია და ალბათ მიხვდით - პედრელის კი კლუბის მფლობელთან თავის მართლება მოუწევს.

თუ რა ბედი ელის ვივიანოს “ინტერში”, ამაზე “ნერაძურის” გენერალური დირექტორი მარკო ბრანკა ისაუბრებს: “ვივიანო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეკარეა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მისი ტრანაფერი სრულად გამოვისყიდეთ. ემილიანოს საკითხს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების კიპერია, ვფიქრობ, რომ მის განათხოვრებაზე ლაპარაკი უადგილოა. ჩემი აზრით, ის თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ჟულიო სეზარს”.

ბოლოს, კიდევ ერთი ინფრმაცია “ინტერის” შესახებ, რომელიც ჯონათან ბიაბიანს ეხება. ფრანგი იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც იტალიური კარიერა დაიწყო და საიდანაც შემდეგ “ინტერში” გადაბარგდა. ლაპარაკია “პარმაზე”, გუნდზე, სადაც ბიაბიანმა 2009/2010 წლებში იასპარეზა, 29 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. მისი “ინტერში” გადაბარგება რაფაელ ბენიტესის ინიციატივა იყო, თუმცა მილანურ გრანდში თავის სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო და იჯარის წესით “სამპდორიაში” გადავიდა. გენუურმა გუნდმა ელიტარული დივიზიონი დატოვა, თუმცა ჯონათანს მაინც სერია A-ში მოუწევს ასპარეზობა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, 23 წლის შემტევი “პარმაში” ბრუნდება, ამჯერად ერთწლიანი საარენდო ხელშეკრულებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა