უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
90-იანი წლების ბოლოს ავსტრალიელი პატრიკ რაფტერი ბადესთან თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მას შესანიშნავი მოწოდება და სასტარტო სისწრაფე ჰქონდა, კარგად შეეძლო კოორდინაცია და ბრწყინვალედ მოქმედებდა ბადესთან. პატრიკს წლები დასჭირდა მსოფლიოს საჩოგბურთო ელიტაში შესასვლელად და სხვათა შორის ისტორიაშიც მოხვდა - ყველაზე მცირე ხანი ლიდერობდა მსოფლიო რეიტინგს.

2000 წელს რაფტერი საუკეთესო ათეულის მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ ნებისმიერისთვის მრისხანე მეტოქედ რჩებოდა. მისი ძალა საკუთარ თავზე იწვნია ანდრე აგასიმ, რომელმაც ავსტრალიელთან უიმბლდონის ნახევარფინალში წააგო. განსხვავებული სათამაშო სტილის მოთამაშეთა შესანიშნავი ხუთსეტიანი მატჩი ტურნირის კლასიკად იქცა. ფინალში პატრიკმა კარგი ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ სარეკორდო მეშვიდე ტიტულისკენ მიმავალი პიტ სამპრასი ვერ შეაჩერა.

2001 წლის უიმბლდონზე რაფტერი მესამე ნომრად იყო განთესილი - სამპრასისა და აგასის შემდეგ. მან იოლად გაიარა ორი ჩეხის - ვაჩეკისა და დოსედალის ბარიერი, დაამარცხა მაროკოელი ჰიშამ არაზი, გატეხა რუსი მიხაილ იუჟნის წინააღმდეგობა. მეოთხედფინალში შვედმა ტომას ენკვისტმა მხოლოდ მესამე სეტში მიაღწია ტაი-ბრეიკს, მაგრამ ავსტრალიელი აქაც ძლიერი იყო და ისევ ანდრე აგასიზე გავიდა. და ამჯერადაც გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. ანდრემ შარშანდელი წაგებისთვის რევანში ვერ აიღო - რაფტერმა ზედიზედ მეორედ მოუგო ამერიკელს და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელის მეტოქე უიმბლდონზე უაილდ-ქარდით მოხვდა. ტურნირის სამგზის ფინალისტი (ორი წაგება სამპრასისგან და ერთი - აგასისგან), მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი და ტურის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა გორან ივანიშევიჩი იმ მომენტში 225-ე ადგილს იკავებდა ATP-ის რეიტინგში. უიმბლდონის ორგანიზატორებს დიდხანს არ უფიქრიათ და ხორვატ ლეგენდას მორიგი შანსი მისცეს.

თავიდან ივანიშევიჩს სატურნირო ბადის მხრივ გაუმართლა. მისი პირველი მეტოქე იყო კვალიფიკაციის გამარჯვებული შვედი ფრედრიკ იონსონი, რომელსაც გორანმა იოლად მოუგო, მეორე მოწინააღმდეგე - მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კარლოს მოია. მაგრამ ესპანელი ბალახზე არასოდეს ბრწყინავდა, ასე რომ, მან ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია აგრესიულ გორანს. შემდეგ უფრო საინტერესო მეტოქეები წამოვიდნენ - ენდი როდიკიცა და გრეგ რუსეცკიც იმავე სტილს მისდევდნენ, რომლითაც ხორვატი თამაშობდა და, შესაძლოა, უფრო ძლიერი მოწოდებაც ჰქონდათ. მაგრამ ივანიშევიჩი უკვე ბრწყინვალე ფორმაში იყო შესული და ამერიკელს ოთხ სეტში მოუგო, ბრიტანელს - სამში. გორანი ვერც მარატ საფინმა შეაჩერა. ნახევარფინალში, დრამატულ ხუთსეტიან მატჩში ივანიშევიჩმა ინგლისელი გულშემატკივრების იმედები დაამსხვრია, როცა ტიმ ჰენმანი დაამარცხა. თუმცა გორანი ლონდონში მაინც უყვარდათ და ფინალის დღეს ცენტრალური კორტის პუბლიკის ორი მესამედი ხორვატულ დროშებს აფრიალებდა.

პირველ პარტიაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხორვატი უკეთ იყო განწყობილი ბრძოლისთვის - რაფტერის მოწოდებაზე უკანა ხაზთან ჩარჩენილი ივანიშევიჩი ახერხებდა ბადესთან გასული მეტოქისთვის ქულების ართმევას. პატრიკს თავისი შთამბეჭდავი კოორდინაციაც არ შველოდა - დასამახსოვრებელი იყო ერთი ლამაზი მომენტი, როცა რაფტერმა საცირკო ილეთით მოიგერია ივანიშევიჩის "სმეში", მაგრამ ხორვატი ყურადღებით იყო და განმეორებითი დარტყმით ქულა აიღო. ერთადერთი ბრეიკი, რომელიც ივანიშევიჩმა მეორე გეიმში აიღო, გადამწყვეტი აღმოჩნდა და გორანმა პირველი სეტი 6:3 მოიგო.

ცხადი იყო, რომ ერთნაირი სტილის მოთამაშეთა მატჩში ბრეიკების მინიმალური რაოდენობა იქნებოდა. და კვლავ ყველაფერი მეორე გეიმმა გადაწყვიტა. ივანიშევიჩმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პატრიკმა კი მოულოდნელად მიღებული ბრეიკ-პოინტი კროსით მოიგო. საერთოდ, რაფტერმა მეორე სეტში მნიშვნელოვნად მოუმატა თამაშს და თავის მოწოდებაზე შეუჩერებელი იყო. ხუთი საკუთარი გეიმის განმავლობაში ავსტრალიელმა მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა დაანება. სეტი მან 6:3 მოიგო.

მესამე პარტიისთვის ორივე ჩოგბურთელმა იპოვნა საკუთარი თამაში და მაყურებელს შეეძლო მაქსიმალური სიამოვნება მიეღო ბალახისთვის დამახასიათებელი კლასიკური ჩოგბურთით. და კვლავ სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ამჯერად რაფტერი ჩავარდა - მეექვსე გეიმში მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, გადამწყვეტი ქულა კი გორანმა ლამაზად მოიგო - მიღებისთანავე თავზე გადაუგდო ბურთი ბადესთან გასულ მეტოქეს. ივანიშნევიჩმა უპირატესობა ძლიერი მოწოდებებით განამტკიცა, რომლებსაც ავსტრალიელი უბრალოდ ვერ წვდებოდა. ბოლო გეიმში რაფტერმა მაინც გაუმართა ბრძოლა ივანიშევიჩს, მაგრამ ხორვატი ისევ მთავარმა იარაღმა - მოწოდებამ გადაარჩინა. სეტბოლი მან მეორე მოწოდებით მოიგო - ავსტრალიელი ძლიერ დარტყმას არ ელოდა და ბადეს გაარტყმა ბურთი - 6:3.

რაფტერს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. მეოთხე სეტი მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. ავსტრალიელი მეტოქეზე უკეთაც კი აწვდიდა, არადა, ეს თითქმის შეუძლებელი იყო. მეექვსე გეიმში ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ რაფტერმა აიღო მეტოქის მოწოდება. ივანიშევიჩმა იგრძნო, რომ შეიძლება კარიერაში მეოთხე ფინალიც წაეგო და ანერვიულდა. 2:5-ზე მან ეისით მოიგერია ბრეიკ-პოინტი, შემდეგ პირველი მოწოდებისას შეცდა, მეორე კი ხაზის გაყოლებაზე ჩააწოდა, მაგრამ კვადრატში ვერ მოახვედრა. მსაჯმა დაიძახა: Out! და მაყურებელმა ისევ იხილა "ძველი" ივანიშევიჩი - მან კორტზე ჩოგანი დაახეთქა და მსაჯთან კამათი დაიწყო. საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მაგრამ გორანმა ვერაფერს მიაღწია, შემდეგ გათამაშებაში კი რაფტერმა სეტბოლი გამოიყენა.

მეხუთე სეტში ორივე ჩოგბურთელი ფრთხილ თამაშს ამჯობინებდა. მეტოქეებმა შვიდ-შვიდი საკუთარი გეიმი აიღეს და ერთმანეთს შეცდომის მოლოდინში იყვნენ. მიდიოდა ნერვების თამაში და რაოდენ საოცარია, მას რაფტერმა ვერ გაუძლო. საკუთარი მოწოდების დროს 15:15-ზე მან თავიდან კორტს ააცილა ბურთი, შემდეგ პირველი მოწოდება ვერ გამოიყენა, მეორეს დროს კი ივანიშევიჩმა იდეალურად ითამაშა მიღებაზე - საპასუხო კროსით ბურთმა ავსტრალიელის გვერდით ჩაიარა. ბრეიკ-პოინტისას ზუსტად გამეორდა წინა გათამაშება, ოღონდ ამჯერად გორანმა გადამწყვეტი ბურთი ფორჰენდით ჩააგდო.

მე-16 გეიმში "თანაბარზე" ივანიშევიჩმა მატჩბოლი მიიღო. კამერა ხან გორანის მამას აჩვენებდა მსხვილი ხედით, ხან თავად ჩოგბურთელს, რომელიც ძლივს იკავებდა ცრემლებს. მაგრამ რაფტერი დანებებას არ აპირებდა - მან მოიგერია ერთი მატჩბოლი, მეორე... განსაკუთრებით ლამაზად ითამაშა პატრიკმა მესამე მატჩბოლისას - მეტოქეს თავზე გადაუგდო ბურთი, რომელიც ზუსტად უკანა ხაზზე დაეშვა. მაგრამ ივანიშევიჩმა იქვე მეოთხე მატჩბოლი მოიპოვა. პირველი მოწოდება მიზანს აცდა, მეორეს დროს რაფტერმა მოუხერხებელი დარტყმით ბადეს მოახვედრა ბურთი. ბედნიერი ხორვატი ბალახზე დაეცა. უიმბლდონის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა ტურნირი უაილდქარდის მფლობელს მოეგოს. ბუნებრივია, მატჩის შემდეგ ივანიშევიჩმა, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ამ შანსისთვის.

რაფტერისთვის ეს იყო ბოლო უიმბლდონი - იმ სეზონში მან კარიერა დაასრულა. ივანიშევიჩი 2004 წელს ისევ გამოჩნდა ლონდონურ ბალახზე, მაგრამ მესამე წრეში ულაპარაკოდ წააგო ლეიტონ ჰიუიტთან. უიმბლდონზე ახალი გმირები გამოჩდნენ, გორან ივანიშევიჩის გამარჯვება კი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც ლამაზი ჯადოსნური ზღაპარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია