"რედ ბულის" გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად მოიგო ევროპის გრან-პრი და ახლა მისი უპირატესობა საერთო ჩათვლაში 77 ქულას უდრის
სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") დამაჯერებლად მოიგო ევროპის გრან-პრი და სეზონში მეექვსე გამარჯვებას მიაღწია. მისი უპირატესობა საერთო ჩათვლაში უკვე 77 ქულას უდრის.

შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ სასტარტო ბილიკის პირველი რიგი "რედ ბულის" პილოტებს ეკავათ. სტარტის შემდეგ ფეტელმა და მარკ უებერმა შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები, ფელიპე მასამ ("ფერარი") კი ბრწყინვალე სტილში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და შემდეგ ოპტიმისტურად სცადა უებერის გასწრება, მაგრამ იძულებული გახდა სიჩქარე დაეგდო, რითაც თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო წინ გაუშვა. ორივე "მაკლარენმა" არასახარბიელო სტარტი აჩვენა - ლუის ჰემილტონი მხოლოდ მასას შეცდომის ხარჯზე აღმოჩნდა მეოთხეზე, ჯენსონ ბატონი კი მეშვიდე ადგილამდე დაეშვა და ნიკო როსბერგის ("მერსედესი") უკან აღმოჩნდა. თუმცა მეექვსე წრეზე ბატონმა შეძლო ლამაზ სტილში გერმანელის უკან ჩამოტოვება. ასე რომ, მეშვიდე-მეათე პოზიციაზე მხოლოდ გერმანელი პილოტები იყვნენ - როსბერგი, მიხაელ შუმახერი ("მერსედესი"), ადრიან სუტილი ("ფორს ინდია") და ნიკ ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო").

ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, "პირელის" რბილი საბურავები ვალენსიურ მზეს ვერ უძლებდნენ და პირველი პიტსოპების ტალღა მე-11 წრეზე დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, "რედ ბულის" პილოტებმა მნიშვნელოვანი ჰანდიკაპის მიღება ვერ შეძლეს: გერმანულ-ავსტრალიურ წყვილთან ახლოს იყვნენ ჰემილტონი და ორივე "ფერარი". ბოქსებში პირველ შესვლას ძალთა თანაფარდობა არ შეუცვლია.

ძალიან საინტერესო ბრძოლა მიდიოდა პელოტონის შუაში. ერთ-ერთი ასეთი დუელი ვიტალი პეტროვისა ("ლოტუს-რენო") და შუმახერის შეჯახებით დასრულდა: მეორე მოსახვევში არც ერთმა არ გადაუხვია არჩეულ ტრაექტორიას და პეტროვი უკანა საბურავით შეეხო "მერსედესის" წინა ანტიფრთას. რუსის ბოლიდი არ დაზარალებულა, გერმანელს კი მექანიკოსებთან შევლა მოუწია.

ამასობაში, წინ გარკვეული პრობლემები შეექმნა "რედ ბულის" დუეტს: საბურავების ახალი კომპლექტით ფეტელი ვერაფრით ახერხებდა უებერის ჩამოშორებას, მარკმა კი ძალიან ახლოს მიუშვა ალონსო. საბოლოოდ, ესპანელმა 21-ე წრეზე გაუსწრო უებერს. ახლოს იყო ჰემილტონიც, ხოლო მასა და ბატონი ამ ყველაფერს შორიდან უყურებდნენ და არ ითვლებოდნენ პოდიუმის პრეტენდენტებად.

ალონსოს გატარების შემდეგ უებერმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მის მანქანას ჰქონია სისწრაფის რეზერვი - ის კვალში ჩაუდგა ალონსოს "ფერარის" და ექვსი წამით ჩამოიტოვა ჰემილტონი. სისწრაფეს უმატა ფეტელმაც, რომელმაც ფერნანდოსთან ჰანდიკაპი სამ წამამადე გაზარდა. ბატონმა კი ვერ შეძლო მასასთან მიახლოება.

ლიდერთაგან მეორე პიტსტოპი ჰემილტონმა გახსნა, დანარჩენებმა კი დაახლოებით ხუთი წრე დაიცადეს. გაჩერებათა მეორე ტალღამ უებერი მეორე ადგილზე დააბრუნა: ალონსოსზე ერთი წრით ადრე შესვლით, "რედ ბულის" პილოტმა მოასწრო ახალი საბურავების უპირატესობის გამოყენება და გაუსწრო "ფერარის".

ამის შემდეგ უებერი დაახლოებით ორი წამს უგებდა ალონსოს და წესით, ყველაფერი მესამე პიტსტოპს უნდა გადაეწყვიტა. ამ ბრძოლაში არ იმუშავა უებერის ტაქტიკამ, რომელიც უფრო ნაადრევ მესამე პიტსტოპში გამოიხატებოდა. ფერნანდო მაქსიმალურად გვიან შევიდა ბოქსებში და ისევ მეორე პოზიციაზე გადავიდა. ამავდროულად, ფეტელმა უპრობლემოდ გაიარა მესამე პიტსტოპი და სხვაობა "ფერარისთან" რვა წამამდე აიყვანა. ჰემილტონმა, მასამ და ბატონმა მშვიდად შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები. საერთო ჯამში, ფინიშამდე აღარაფერი შეცვლილა. ალონსო არ ჩანდა ფეტელის გამსწრები, რადგან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

როგორც ვთქვით, გერმანელის უპირატესობა უახლოეს მდევართან 77 ქულამდე გაიზარდა და ის შემდეგი სამი რბოლის გამოტოვების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ლიდერობას. თუმცა სებასტიანი რიგით მეორე ჩემპიონობაზე ჯერ არ ფიქრობს.

"პირად ჩათვლას არ ვუყურებ, რადგან წინ კიდევ ბევრი რბოლაა გასამართი. რა თქმა უნდა, სეზონის სტარტი ფენომენალური გამოვიდა და გვინდა ასეთ სტილში გავაგრძელოთ ჩემპიონატი.

თუ ჩვენ გამარჯვების შანსი გვაქვს, არ ვდუნდებით და ბოლომდე ვიბრძვით, რადგან მოგება ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

სამი წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. "რედ ბულში" ყველა მიმართულებით პროფესიონალები მუშაობენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. ეს წაგების ტოლფასი იქნება.

შესაძლოა, გვერდიდან ისე ჩანს, რომ იოლად ვიგებთ რბოლებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამჯერად ფერნანდო ალონსოსა და მარკ უებერის მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდი, ასე რომ ვცდილობდი ყოველი წრე, რაც შეიძლება სწრაფად გამევლო", - განაცხადა ფეტელმა.

"ვფიქრობ, მეორე ადგილი დღეისთვის ჩვენი მაქსიმუმია. ისიც დიდი მიღწევაა, რომ ორ "რედ ბულს" შორის აღმოვჩნდი. "ფერარი" სწორი მიმართულებით მიდის და შემდეგ რბოლაში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. ადრე ლიდერებთან წრეზე 1.5 წამს ვაგებდით, ახლა კი სხვაობა მხოლოდ 0.7 წამი იყო. უნდა შევეცადოთ, სხვაობა ორჯერ შევამციროთ. არ შევწყვეტთ მუშაობას იქამდე, სანამ ბოლიდისგან მაქსიმუმს არ მივიღებთ", - განაცხადა მეორე ადგილზე გასულმა ალონსომ.

ევროპის გრან-პრი. VIII ეტაპი

ვალენსია (57 წრე, 308.883 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:39.36,169

2(4). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +10,891

3(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +27,255

4(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +46,190

5(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +51,705

6(6). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.00,065

7(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.38,090

8(18). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე

9(10). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე

10(9). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) 1 წრე

11(16). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე

12(13). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

13(17). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე

14(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე

15(11). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე

16(14). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე

17(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე

18(15). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე

19(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე

20(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე

21(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე

22(23). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე

23(22). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 3 წრე

24(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT F1, ინდოეთი) 3 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 186 (6 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 109 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 109; 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 97 (1); 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 87; 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 42; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 32; 8. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 31; 9. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 30; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 26; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 25; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 10; 13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 8; 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 8; 14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 16. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 2; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 2.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 295 ქულა; 2. მაკლარენი - 206; 3. ფერარი - 129; 4. ლოტუს-რენო - 61; 5. მერსედესი - 58; 6. ზაუბერი - 27; 7. ტორო როსო - 16; 8. ფორს ინდია - 12; 9. უილიამსი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ირაკლი თუ დაინტერსდები მეილზე მომწერე minusa84@mail.ru ან ფეიზბუქზე იგივე ნიკი მაქვს და დაგაკვალიანებ
Irakli
გია თუ შეგიძლია მითხრა რომელ არხზეა შესაძლებელი F1-ის LIVE-ზე თუ არა ჩანაწერის ან მიმოხილვის ნახვა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...