არსენ ვენგერმა გადაწყვიტა ფანებს წერილობით მოუხადოს ბოდიში და განუმარტოს, რა ტრიალებს მათი კლუბის თავს
„ბარსელონა“ სესკ ფაბრეგასს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ესპანეთის ჩემპიონი „მეთოფეთა“ 24 წლის კაპიტანს შემდეგი კვირიდან დაუმორჩილებლობას სთავაზობს, რათა ლონდონის გუნდი გონს მოეგოს, დაიჯეროს, რომ ესპანელს მათთან ყოფნა აღარ უნდა და ფასი დაუკლოს - ერთ კვირაში „არსენალი“ ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას.

მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ლონდონელებს 27 მილიონი ფუნტი (30 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს. ისინი კაპიტანს 40 მილიონ ფუნტად (44,7 მილიონი ევრო) აფასებენ და, მართალია, დააკლებენ, მაგრამ „ბარსას“ შეთავაზებულ ფასსა და ამ თანხას შორის მეტისმეტად დიდი განსხვავებაა.

ამრიგად, კატალონიელები ვარაუდობენ, რომ თუ ფაბრეგასი გაიფიცება, მძიმე სინამდვილის წინაშე დამდგარი „არსენალი“ იძულებული გახდება ფეხბურთელი მათთვის სასურველ ფასში გაყიდოს - ბარსელონელები დაჟინებით იმეორებენ, რომ სესკი შარშანდელივით ვეღარ თამაშობს და წლეულს მისი რეალური ფასი სხვაა. ინგლისურმა პრესამ კი ფაბრეგასის ახლობლებისგან შეიტყო, რომ ის ჩრდილოლონდონელებს გაფიცვას ვერ აკადრებს.

ფეხბურთელისაც გასაგებია. იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერი ჩაიშლება და ლონდონში მოუწევს დარჩენა, გაფიცვა საქმეს მხოლოდ გაუფუჭებს. გარდა ამისა, არსებობს იმიჯიც: მართალია, ფაბრეგასს არასდროს დაუმალავს, რომ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა, მაგრამ ამასთან, ყოველთვის იმეორებდა, რომ „არსენალი“ მისთვის განსაკუთრებული კლუბია. ლონდონელებიც, თითქოს და, მკაფიოდ ამბობენ, რომ ფაბრეგასი მათი კლუბის თილისმაა და მას მხოლოდ დიდ ფულად თუ გაყიდიან.

ამ ზაფხულს „ბარსელონას“ იმდენი თანხა არ აქვს, რომ მისთვის სასურველ ყველა ფეხბურთელში დაუნანებლად გაიღოს. აი, მაგალითად, კატალონიელებს ძალიან უნდათ „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელი ალექსის სანჩესის ყიდვა, მაგრამ მას მერე, რაც საქმეში „ფულის ტომარა“ „მანჩესტერ სიტი“ ჩაერია, მათი შანსები შემცირდა. „ბლაუგრანას“ თავკაც პეპ გვარდიოლას სესკის გადაბირება მეტისმეტად უნდა, პრეზიდენტ სანდრო როსელს კი სხვა მიდგომა აქვს - ჩვენი ბავშვთა სკოლის ძველი აღსაზრდელის გამო ფინანსურ ბალანსს არ დავარღვევო. „ბარსას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი:

„ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება, თუმცა ამ ზაფხულში სესკი თითქოს უფრო მოგვიახლოვდა და იქნებ ბოლოს და ბოლოს ამ საქმეს საშველიც დაადგეს“.

„არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა კი გადაწყვიტა ცუდი შედეგებით გულგატეხილ ფანებს წერილობით მოუხადოს ბოდიში და განუმარტოს რა ტრიალებს მათი კლუბის თავს. ეს ერთგვარი პასუხი გახლდათ საკუთრივ ფანების წერილზე, რომელთაც უპირველეს ყოვლისა აინტერესებდათ, რატომ არ ყიდულობენ „მეთოფეები“ ცნობილ, ძვირადღირებულ ფეხბურთელებს. ვენგერი თავის განმარტებაში ხალხს გულმოდგინედ უხსნის რა ნაკლოვანებები აქვს ფულის დაუნანებლად ფლანგვას, კლუბის ფინანსურ ფილოსოფიას და იმას თუ რატომ ვერ გახდა „არსენალი“ გასულ სეზონში ჩემპიონი. საინტერესოა, რომ ფრანგი მწვრთნელი წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.

თუმცა, ჯიბეზე ხელის გაკვრა ისეთი რამ არის, რაგინდ ფილოსოფიას მისდევდე, მაინც მოგიწევს. ასე მაგალითად, გუშინ მოგახსენებიდით, რომ „მეთოფეებს“ „ვალენსიასგან“ ხუან მატას ყიდვა უნდათ. მატა 23 წლის ესპანელი ნახევარმცველია, რომელიც ახლახან, 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩრდილოლონდონელებმა „ვალენსიას“ მატას სანაცვლოდ 18 მილიონი ფუნტი (20,1 მილიონი ევრო) შესთავაზეს, პასუხად კი მიიღეს, რომ თუ მისი ყიდვა უნდათ 23 მილიონი ფუნტის (25,7 მილიონი ევრო) გადახდა მოუწევთ. ცნობისთვის: „ვალენსიამ“ მატასთან ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს იანვარში მოაწერა ხელი.

„მატას კონტრაქტში რამდენიმე სპეციფიკური პუნქტია და თუ ეს პუნქტები არ ამოქმედდება, მისი სადმე გადასვლა გამორიცხულია“ - თქვა ფეხბურთელის მავანმა ახლობელმა, რომელიც, შესაძლოა, ასეთი განცხადებით ვაჭრობაში მონაწილეობს კიდეც. თავად მატამაც „ვალენსიაში“ დარჩენა ისურვა:

„მომდევნო სეზონში ტიტულების მოგება „ვალენსიასთან“ ერთად მინდა. 2015 წლამდე „ღამურებთან“ მაქვს კონტრაქტი და აქედან არსად ვაპირებ წასვლას“ - თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც, ვინ იცის, იმედი აქვს, რომ „არსენალი“ შეთავაზებას გაზრდის, რის გამოც, შეშფოთებული ვალენსიელები ხელფასს მოუმატებენ. გასულ ზაფხულში მატას ყიდვის სურვილი გამოთქვეს „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ჩელსიმ“ და „ლივერპულმა“.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც, თითქოს და, „არსენალში“ გადადიოდა, 23 წლის ქარიმ ბენზემა გახლდათ. ბენზემა, მოგეხსენებათ, „რეალში“ თამაშობს. იყო ვარაუდი, რომ თუ მადრიდელები სერხიო აგუეროსა და ნეიმარს იყიდდნენ, კონკურენციით შეშინებული ფრანგი „ემირეი სთედიუმზე“ გაიქცეოდა, მაგრამ მან ვაჟკაცობა გადაწყვიტა და თქვა, რომ „რეალში“ ვინც გინდა მივიდეს, ის იქიდან ფეხსაც არ მოიცვლის.

„დაჟინებით ვიმეორებ, „რეალიდან“ წასვლა გულში არასდროს გამივლია. კონკურენტების რომ მეშინოდეს ფეხბურთს სულ არ ვითამაშებდი“ - თქვა „ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

ამასობაში კი „არსენალის“ დიზაინერებმა ახალი ფორმები შეკერეს. საოცარია, მაგრამ „მეთოფეთა“ ახალი, ოღონდ, რასაკვირველია, სტუმრად ჩასაცმელი ფორმა ლურჯია. უფრო სწორედ შავ-ლურჯი. წლეულს „არსენალს“ დაარსებიდან 125 წელი უსრულდება და მაისურზე ეს რიცხვიც იქნება ამოქარგული.

ფორმის პრეზენტაციაზე „მეთოფეებმა“ რამდენიმე ფეხბურთელი მიიწვიეს, მათ შორის 24 წლის ფრანგი სამირ ნასრიც. ნასრიმ, სამოსი მოირგო და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჟურნალისტებმა ერთხმად გაამახვილეს ყურადღება, რომ ნახევარმცველს დანა პირს არ უხსნიდა. ეს, ალბათ, გასაგებიც არის. ნასრის საქმე გაურკვეველია. მას „ემირეიტ სთედიუმზე“ ახალი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია, მთხოვნელი კი იცოცხლეთ, ჰყავს - „მანჩესტერ იუნაიტედი“.

რაც შეეხება ფორმას, ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ის „მონაკოსას“ აგონებთ, დიზაინერები კი ამტკიცებენ, რომ დიაგონალური ფორმები ქვიშის საათის ასოციაციას იწვევს, ქვიშის საათი კი ისტორიული საგანი გახლავთ - 1886 წელს, როდესაც „მეთოფეთა“ კლუბი დაარსდა, ლონდონში, კერძოდ კი ვულვიჩის დაიალ სკვერზე, სამხედრო აღჭურვილობის ქარხანასთან სწორედ ქვიშის საათი იდგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ჟოზე დაბრუნდა - მოურინიომ “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა