”ლაციოს” პრეზიდენტმა ჯიბეზე ხელი გაიკრა
კლაუდიო ლოტიტო არასდროს გამოირჩეოდა ხელგაშლილობით და საყოველთაო გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ზაფხულს ფულის ხარჯვას მიჰყო ხელი. შედეგად, რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი უკვე გაჩარხა და გაჩერებას არც მომავალში აპირებს.

მართალია, მიროსლავ კლოზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მაგრამ ხელფასი დაუნიშნა ისეთი, რომ ორ-სამ საშუალო კლასის ფეხბურთელს დაიმატებდა. მოკლედ, ლოტიტომ ჯიბეზე ხელი გაიკრა და ცდილობს, რომ "ლაციოს" ძველი დიდება დაუბრუნოს. ამ გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად განიხილება ფედერიკო მარკეტის გადაბირება, კიპერის, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრების კარს იცავდა. გახსოვთ ალბათ, სამხრეთ აფრიკაში ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორის რანგში გაემგზავრა და ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, ძირითადში ამოჰყო თავი. მარკეტის მუნდიალი ჩაუვარდა, დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა და მას შემდეგ საკლუბო კარიერაც აერია. "კალიარის" ძირითადში მიკელე აგაციმ დაიმკვიდრა ადგილი და აგერ უკვე ორი სეზონია, ფედერიკოს სათადარიგო სკამის ხეხვა უწევს.

"ლაციოს" ძირითადი მეკარე ფერნანდო მუსლერაა, რომელსაც 2012 წლის ზაფხულს უმთავრდება კონტრაქტი და როგორც ურუგვაელის პირადმა აგენტმა განაცხადა, მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ანუ, მუსლერამ "ლაციოს" მესვეურებს უარი შეუთვალა და ამის გამო, შესაძლოა მკაცრადაც დაისაჯოს. ზუსტად ანალოგიური საქციელის გამო, გორან პანდევი, ლორენცო დე სილვესტრი და კრისტიან ლედესმა ლოტიტომ მთავარი გუნდიდან მოკვეთა და წელიწადნახევარი დააკარგვინა. შესაძლოა, ანალოგიური განმეორდეს მუსლერას შემთხვევაში და ურუგვაელ კიპერს ერთი სეზონი, ანუ იქამდე, სანამ კონტრაქტის ვადა ამოეწურება, უფეხბურთოდ მოუწიოს ყოფნა. "ლაციოს" მესვეურების მარკეტისთან მოლაპარაკებები ამ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს - თუმცა, რაღა მოლაპარაკებები, 28 წლის კიპერი უკვე რომშია, სამედიცინო შემოწმებას გადის და სულ მალე სამწლიან ხელშეკრულებასაც გააფორმებს. ამ ინფორმაციას თავად მარკეტი ადასტურებს:

"ბედნიერი ვარ რომში ყოფნით და დიდი იმედი მაქვს, რომ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში მოვაწერ ხელს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასეც იქნება და დავაღწევ თავს იმ კოშმარს, რასაც ფეხბურთის გარეშე ყოფნა ქვია. თავს არ ვზოგავდი, მთელი მონდომებით ვვარჯიშობდი, მაგრამ "კალიარის" მწვრთნელ-ხელმძღვანელობას ვერაფრით მოვაწონე თავი. დიახ, ხელმძღვანელობას, რადგან მცირე კონფლიქტის გამო მათაც ათვალწუნებული ვყავდი. მოკლედ, ძალიან სასიამოვნო შეგრნებაა, რომ ფეხბურთს ვუბრუნდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ბიანკოჩელესტეს" მესვეურთა ნდობა ბოლომდე გავამართლო".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, კლაუდიო ლოტიტო ფედერიკო მუსლერას სანაცვლოდ 5.2 მილიონ ევროს გადაიხდის, კიპერის წლიური ანაზღაურება კი 1 200 000 ევრო იქნება.

"ლაციო" კიდევ ერთი ტრანსფერის მიჯნაზეა და იქაც, პრაქტიკულად უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია - რომაული გუნდის ღირსებას მომდევნო სეზონიდან ლორიკ ცანა დაიცავს. ვისაც არ გეცნოთ ეს გვარი, გეტყვით, რომ ცანა 27 წლის ალბანელი ფეხბურთელია, კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის პრემიერდივიზიონში აქვს გატარებული, გასულ სეზონში კი "გალათასარაის" ღირსებას იცავდა - 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და თუ საჭირო გახდა, მცველის ფუნქციებსაც ასრულებს. კარიერის საწყის წლებში სწორედ ცენტრალური მცველი იყო და შემდეგ აინაცვლა შუახაზში. მოკლედ, "ლაციომ" ნახევარდაცვაც გააძლიერა და საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი? ამ კითხვაზე მომდევნო ნომრებში გავცემთ პასუხს, დღეს კი კლაუდიო ლოტიტოს სიტყვებით დავასრულოთ:

"სატრანსფერო კამპანიას კიდევ უფრო გავააქტიურებთ და რამდენიმე ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებთ, თუმცა დღეს კონკრეტულ გვარებზე საუბარი გამიჭირდება. ამასთან, წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება გვაქვს განზრახული და თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ. ეს ეხება მაურო სარატესაც, რომელიც ჟურნალისტებს ხან "იუვენტუსში" გადაჰყავთ, ხან "ნაპოლიში" და ხანაც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. არგენტინელი ჩვენთან რჩება და არსად წასვლას არ აპირებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ