ახალი საფეხბურთო სეზონიდან ბათუმის "დინამოს" მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება
ახალი სეზონიდან ბათუმის "დინამოს" მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება. გასული სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელ ნუკრი გოგიტიძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე დროებით ბათუმელთა ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრე კანტიძე მუშაობს. ის კლუბის სიახლეებზე გველაპარაკა.

- ჯერ მინდა, განვმარტო, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ვასრულებ, ამ თანამდებობაზე მალე სხვა დაინიშნება.

- ვინ ჩაიბარებს ბათუმის "დინამოს"?

- ეს ჯერ არ ვიცი, საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. რაც შეეხება სეზონისთვის მზადებას: გუნდი 25 ივნისს შეიკრიბა, მაგრამ ჯერ გაურკვევლობაში ვართ, რადგან პირველი ლიგის კალენდარი ჯერ უცნობია - არ ვიცით, რამდენი გუნდი ითამაშებს, 16, 20 თუ 22, ერთიანი ტურნირი იქნება, ორ ზონად დაიყოფა და კიდევ ბევრი რამ.

- კალენდარს და ფორმატს ეშველება, კლუბს თუ აფინანსებენ?

- საბედნიეროდ, ეს პრობლემა არ არის, მერიის ბიუჯეტიდან გვაფინანსებენ.

- გუნდში რა ცვლილებებია?

- ხუთმა ლიდერმა დაგვტოვა: ზაურ ხაჭიპერაძე საჩხერის ”ჩიხურაში" გადავიდა, ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი მანწკავა - მარტვილის ”მერანში", წავიდნენ მეკარე რევაზ თევდორაძე და მიხეილ კაკალაძეც, მაგრამ არ ვიცი, კარიერას სად გააგრძელებენ.

რაც შეეხება ახალწვეულებს: ყველაზე მეტად ამირან მუჯირის დაბრუნებამ გამახარა, რომელიც ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა თავისი ქცევითა და ვარჯიშისადმი დამოკიდებულებით. აზერბაიჯანიდან წამოსვლის შემდეგ ამირანი ზუგდიდის ”ბაიაში" ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმირებული იყო და ნახევარი წელი გაუცდა. ფაქტობრივად, ფეხბურთიდან წასული გვეგონა, მაგრამ თამაში მოინდომა და სიხარულით მივიღეთ.

მუჯირის გარდა, დუბლებიდან დავიმატეთ სამი მოთამაშე, ცვლილებები კიდევ იქნება და გავძლიერდებით.

- წლეულს რას ისახავთ მიზნად?

- აუცილებლად უნდა გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში და ქართულ ფეხბურთში ბათუმის ”დინამოს" თავისი ადგილი დავუბრუნოთ. ვფიქრობ, პირველი ლიგის ფავორიტთა სამეული ასეთი იქნება - ჩვენ, ”ჩიხურა" და, ალბათ, ”გურია". თითოეულ ჩვენგანს უმაღლესში თამაში სურს. ისე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა საჭირო იყო უმაღლესში გადასვლისას ახალი და საკმოდ რთული სისტემის დანერგვა. პირდაპირ გადასვლის უფლება პირველ-მეორე ადგილოსნებისთვის მაინც უნდა მიეცათ, თორემ უმაღლესელებს პირველლიგელებთან მაინც უპირატესობა ექნებათ. თუმცა სხვა რა გზაა, გადასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ბათუმის ”დინამოს" პრეზიდენტ სულხან გოგიბერიძეს დაფინანსებასა და კომპანია ”მადნეულთან" შესაძლო პარტნიორობაზე ბოლო დროს აგორებულ ხმებზე ველაპარაკეთ.

- თუ დამიჯერებთ, ეს მეც მედიით შევიტყვე და არა უშუალოდ საქმიანი მოლაპარაკებებისას. ასე რომ, ვერ გეტყვით, ასეთი პერსპექტივა რამდენად რეალურია.

- კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო.

- ალბათ, ზოგადად იყო ლაპარაკი კობა ნაყოფიასთან. უფრო სწორად, თუ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით, შესაძლებელი იყო, გუნდის დაფინანსება ”მადნეულს" ეტვირთა.

- ახლა კი მხოლოდ ბათუმის მერია გაფინანსებთ.

- დიახ, ასეა, ბათუმის მერიიდან წლის დასაწყისში გამოყოფილი თანხით ვფინანსდებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ”მადნეულის" მსგავს დამფინანსებელზე უარს როგორ ვიტყვით, ეს ძალიანაც გაგვახარებს.

- მართალია, რომ წლეულს ქობულეთში ითამაშებთ?

- სავარაუდოდ, ასე იქნება.

- ანუ უახლოეს პერიოდში ბათუმში სტადიონი არ აშენდება?

- მშენებლობა და საძირკვლის ჩაყრა ნამდვილად არ დაწყებულა, მაგრამ ბათუმში ბოლო წლებში ისეთი პროცესებია დაწყებული, წარმოუდგენელია, სტადიონი არ აშენდეს. პირადად მე ამაში ეჭვიც არ მეპარება.

- ხომ იყო ლაპარაკი, უცხოელი ინვესტორები ააშენებენო?

- ლაპარაკი ნამდვილად იყო, მაგრამ ბიზნესს იმიტომ ჰქვია ბიზნესი, რომ მოგება უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, დღევანდელმა საფეხბურთო რეალობებმა ბიზნესი დააფრთხო, კლუბიდან და სტადიონიდან შემოსავლის მიღების იმედი არ არის და ამიტომაც მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. მაგრამ, ვიმეორებ, ბათუმში ისეთი მასშტაბური აღმშენებლობაა, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება სტადიონის აშენება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია