ოღონდ, ჰოლანდიელ გარემარბს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა
ორი წელია, არიენ რობენი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავს, მაგრამ პირველად ახლა გადის გუნდთან ერთად ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებას. შარშანწინ, ჰოლანდიელი გარემარბი რეკორდმაისტერმა აგვისტოს მიწურულს გადაიბირა - მაშინ, როცა სეზონი უკვე დაწყებული იყო. ხოლო შარშან, რობენს საზაფხულო შეკრება ტრავმის გამო გაუცდა.

არიენი ამბობს, ზაფხულში გუნდთან ერთად შეკრებაზე ყოფნა ჩემთვის სიახლეაო და ვარჯიშებზე უდიდესი მონდომება ეტყობა. ინტერნეტგამოცემა „სპოქსის“ კორესპონდენტი რობენს ტრენტინოში ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გაესაუბრა.

- „ბაიერნთან“ ერთად, საზაფხულო შეკრებაზე პირველად ხართ. როგორ შეაფასებთ მოსამზადებელ პროცესს?

- თავიდანვე გუნდთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იქნა, საზაფხულო შეკრებაზე წამოსვლა მოვახერხე - მიხარია, რომ ხელი ვერაფერმა შემიშალა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჭარბი წონა არ მაწუხებს და ვფიქრობ, ჩვენი ფიტნეს-მწვრთნელებიც დაადასტურებენ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მინდა, რომ შეკრებაზე ბოლომდე დავიხარჯო, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდე.

- „ბაიერნს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე იუპ ჰაინკესმა?

- რამდენიმე დღეა, რაც გავიცანი, მანამდე კი მასთან შეხება არ მქონია. პირველი შთაბეჭდილება უაღრესად დადებითია და სხვათა შორის, გუნდში ყველა ასე ფიქრობს. თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მონდომება ეტყობა და ახალი სეზონის დაწყებას ყველანი მოუთმენლად ველოდებით. „ბაიერნის“ მიზანი გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. სწორედ ამიტომ ვშრომობთ და ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავთ. პირველივე ტურიდან მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ის, რაც შარშან დაგვემართა, აღარ უნდა განმეორდეს. თუკი ასე ვარჯიშს გავაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგაში თავიდანვე დომინანტის როლში ვიქნებით და პირველობას სეზონის ბოლომდე არ დავთმობთ. დაუშვებელია, რომ „ბაიერნი“ პირველ ადგილზე არ იყოს და მით უმეტეს მიუღებელია ის, რომ ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებოდეთ.

- ჰაინკესმა თქვა, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გუნდურობა და საქმისადმი კოლექტიური მიდგომააო და ისიც აღნიშნა, არც იმას მოვერიდები, რომ გუნდურობისთვის ხელის შემშლელი ფეხბურთელები განაცხადიდან ამოვშალოო. ჰაინკესმა ისიც დაამატა, რომ მისთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს...

- ეს ჩემთვის სიახლე არ არის. გუნდურობა და საქმისადმი კოლექტიური მიდგომა ყველა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ვიცი, რომ ჰაინკესის ხელში „ბაიერნი“ აღარ ითამაშებს ისეთ შემტევ ფეხბურთს, როგორც ეს ლუის ვან გაალის დროს ხდებოდა. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ დაცვით და შემტევ სტილს შორის იდეალური ბალანსი ვიპოვოთ. სხვათა შორის, ვან გაალის დროს, პირველ სეზონში ბალანსი ნაპოვნი გვქონდა, გასულ სეზონში კი ხშირად ვიჭრებოდით. სამაგიეროდ, ბოლო ხუთ მატჩში ფოკუსირება მოვახდინეთ და მნიშვნელოვნად გამოვსწორდით - უბრალოდ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო. ერთი სიტყვით, კარგად მესმის, რომ გუნდი კომპაქტურად უნდა თამაშობდეს, კომპაქტურობა კი შეტევის ხაზიდან იწყება.

- ჰაინკესმა არ დამალა, რომ როტაციის მოყვარული მწვრთნელია...

- ესეც გავიგე. პირადად ჩემი აზრი ასეთია: როცა ჯანმრთელი ვარ, მინდა, რომ ყოველთვის ვთამაშობდე. ჩემი მიზანია, მთელი სეზონის განმავლობაში ჯანმრთელად ვიყო და აღარ დავშავდე, რადგან გაისად ევროპის ჩემპიონატია, რომლის გამოტოვება არაფრით არ მინდა. მოკლედ, როცა ფორმაში ვარ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მინდა - თუნდაც ეს გერმანიის თასის თამაში იყოს, მეტოქედ კი რომელიმე რეგიონალლიგელი გვყავდეს, რომელსაც მეორე გუნდითაც მოვუგებთ.

- თქვენთვის ყველაზე მისაღები, სასურველი ტაქტიკური სქემა და პოზიცია რომელია?

- ვერ ვიტყვი, რომ ტაქტიკურ სქემებს შორის რომელიმეს გამოვარჩევ. გააჩნია, როგორი თანაგუნდელები მყავს და ვის ვეთამაშებით. ჩემთვის მთავარია, რომ არ ვაგებდეთ და როცა ვაგებთ, ტაქტიკური სქემის შეცვლა და სხვა სქემაზე მარტივად გადაწყობა შეგვეძლოს. ფაქტია, რომ ახალ სეზონსაც 4-2-3-1-ით დავიწყებთ და ამ სქემაში თავს ყველაზე უკეთ მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ. ვფიქრობ, ჰაინკესი სწორედ ამ პოზიციაზე მათამაშებს.

- რამდენიმე დღის წინ თქვით, მინდა, რომ გუნდის ლიდერის ყველა ფუნქცია მქონდესო...

- ჩემი განცხადება ბევრმა არასწორად გაიგო. არ მითქვამს, კაპიტნობა მინდა-მეთქი. ჩვენს გუნდში კაპიტანი ფილიპ ლამია, ვიცე-კაპიტანი კი ბასტიან შვაინშტაიგერია. მათთვის კონკურენციის გაწევა ნაღდად არ მინდა, თუმცა ჩემთვისაც მთავარია ის, რომ აბსოლუტური ლიდერობისკენ მორიგი ნაბიჯით წინ წავიწიო. მინდა, რომ გუნდში ერთ-ერთი უმთავრესი როლი მქონდეს და ამისათვის სულაც არაა აუცილებელი ის, რომ კაპიტნის სამკლავური მეკეთოს.

- „ბაიერნმა“ უკვე განახორციელა რამდენიმე ტარნსფერი. ახალწვეულებს როგორ შეაფასებთ?

- მანუელ ნოიერის სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ვიყიდეთ და ცხადია, ძალიან გახარებული ვარ. მჯერა, „ბაიერნს“ სხვა ახალწვეულებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. მთავარია, არავინ დაშავდეს.

- ახალ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე „ჯენოადან“ გადმობირებული რაფინია ითამაშებს. თქვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბრაზილიელი მოედანზე თქვენს უკან უნდა გამწესდეს.

- მართალია, ფლანგზე ფილიპ ლამთან ერთად თამაშს ძალიან მივეჩვიე და ჩვენ ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით, მაგრამ მჯერა, რომ რაფინიას შემთხვევაშიც ასე იქნება. ცხადია, თავიდან, შესაგუებლად დრო დაგვჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ბრაზილიელი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რაფინია აგრესიული მოთამაშეა, რაც მე ასევე ძალიან მომწონს.

- ხელმძღვანელები ამბობენ, რომ „ბაიერნის“ სატრანსფერო აქტივობები ამით არ ამოწურულა - რეკორდმაისტერს დაცვის ცენტრის გაძლიერებაც სურს...

- ჰო, ესეც აუცილებელია, რადგან გასულ სეზონში ყველაზე მეტად დაცვაში გაგვიჭირდა. იგეგმება ჟერომ ბოატენგის ყიდვა, რომელიც ძალიან კარგი მცველია. გამიხარდება, თუ ეს ტრანსფერი შედგება, რადგან დაცვის ცენტრში გაძლიერება მართლა ძალიან გვჭირდება.

- რამდენად დიდია იმის შანსი, რომ არიენ რობენმა აქტიური სპორტული კარიერა „ბაიერნში“ დაასრულოს?

- რეკორდმაისტერთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ სხვაგან აღარასოდეს წავიდე და ბუცები ლურსმანზე სწორედ მიუნხენში ჩამოვკიდო. თუმცა ფაქტია ისიც, რომ შორეულ მომავალზე საუბარი ყოველთვის ძნელია. მოდით, ასე ვთქვათ: ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტი ერთია: არ მინდა, კარიერა ისე დავამთავრო, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მქონდეს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა