"ლევერკუზენი": ბალაკს ვეღარ ცნობენ, მიხაელი გაგიჟდა!
გერმანიის ნაკრებიდან გამოგდებამ მიხაელ ბალაკზე ძალიან იმოქმედა. ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ 34 წლის მიხაელი „ლევერკუზენის“ ვარჯიშებზე ისეთ დღეშია, რომ უკვე მთელი საფეხბურთო გერმანია გააოგნა.

მოედანს მიღმა ბალაკი ისევ მშვიდი და უწყინარია, ბევრს ხუმრობს და ხშირად იცინის, მაგრამ მოედანზე - იქნება ეს ვარჯიში თუ ტესტ-მატჩი - ცხოველს ემსგავსება. „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი ამბობს, თუ ასე გააგრძელა, სეზონს უმაღლეს დონეზე მომზადებული შეხვდება და აგვისტოდან ისევ იმ, მსოფლიო დონის ბალაკს ვნახავთო.

იმისათვის, რომ 13-ნომრიანი ფეხბურთელი უკეთ დაინახონ, ცილერის სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ფანჯარაზე ცხვირები მაგრად აქვთ მიჭყლეტილი. ფანრჯის მიღმა ლევერკუზენის „ბაიერი“ ვარჯიშობს - ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი აქ, ავსტრიაში, მოსამზადებელ შეკრებას გადის, ბალაკი კი, როგორც გუნდის მთავარი სუპერვარსკვლავი, ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

მიხაელიც ორმაგი მონდომებით ემზადება და ვარჯიშებზე აშკარად ეტყობა, რომ გერმანიის ნაკრებიდან მოკვეთამ მასზე მხოლოდ კარგად იმოქმედა - „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით. ის ფაქტი, რომ ბუნდესგუნდთან მიმართებაში ყველაფერი საბოლოოდ გარკვეულია, მიშას მხოლოდ ათავისუფლებს იმ წნეხისგან, რაც მთელი ერთი წლის განმავლობაში სტანჯავდა. 34 წლის ნახევარმცველს თითოეულ მოძრაობაზე ეტყობა, რომ მყარად აქვს გადაწყვეტილი, მომავალ სეზონში ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები - პირველ რიგში კი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს აჩვენოს, რომ მან ბალაკი ნაადრევად ჩამოწერა.

ვარჯიშის შემდეგ ისევ წყნარდება და ძალიან კარგ ხასიათზეა - ავტოგრაფებს არიგებს, ნებისმიერ მსურველს ესაუბრება და გზად ყველას ეკითხება, კიდევ ხომ არაფერი გინდათო. ბალაკს ეტყობა, რომ არ უნდა, ვინმეს იმედი გაუცრუოს. რაც ყველაზე მთავარია, მიხაელი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, რაც მან ზალცბურგის „რედ ბულთან“ ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა მოედანზე მედგრად იომა და გოლიც გაიტანა - „ლევერკუზენმა“ „რედ ბულს“ 4:0 მოუგო.

„ჰო, მიხაელი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გულახდილი ადამიანია. უშუალოდ ვარჯიშებსა თუ ტესტ მატჩებში კი ბალაკს ნაღადად ვერ ვცნობ. მართალია, აქამდე მას ჩემს ხელში არასდროს უვარჯიშია და მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს, მაგრამ მის შესახებ ხომ ყველამ ყველაფერი ვიცით, წლების მანძილზე გერმანული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი იყო და თამამად ვიტყვი, ასეთი მოტივირებული მიხაელი აქამდე არასდროს მინახავს,“ - ეს ლევერკუზენელთა ახალი მწვრთნელის, რობინ დუტის სიტყვებია.

თუკი გასულ სეზონში უმეტესად დაძაბული და დათრგუნული, შეწუხებული იყო და დეპრესიულობა ეტყობოდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული და თანაგუნდელებთანაც უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა - ჰანო ბალიტშს და მიხალ კადლეცს ეხუმრება, შტეფან კისლინგთან და ანდრე შიურლესთან შეტევის ვარიანტებს განიხილავს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი რჩევა-დარიგებებს აძლევს. ისინიც უსმენენ! უსმენენ ყველაზე გამოცდილ და მრავლისმნახველ თანაგუნდელს.

ვარჯიშის დროს ბალაკი ყველაზე კონცენტრირებული ლევერკუზენელია, ბევრს დარბის და ორთაბრძოლებს არ ერიდება, ყველაზე ხშირად ითხოვს ბურთს, აკეთებს ჩინებულ პასებს და სტანდარტული მდგომარეობების დროს კართან ისეთივე სახიფათოა, როგორც ადრე იყო - მაშინ, როცა ნებისმიერი დაგიდასტურებდათ, რომ მიხაელ ბალაკი ყველაზე გოლუხვი საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ მთელს მსოფლიოში. პრინციპში, ეს ყველაფერი ლოგიკურიცაა, რადგან მომავალი სეზონი მიხაელისთვის უკანასკნელი შანსია, დიდი საფეხბურთო სცენა თავაწეულმა დატოვოს.

დუტს და ბალაკს ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად ერთმანეთი სჭირდებათ - რობინი გამოცდილი მწვრთნელი კი არის, მაგრამ აქამდე ასეთ კლუბში არასდროს უმუშავია. ის მოკრძალებული „ფრაიბურგიდან“ პირდაპირ „ლევერკუზენში“ მოხვდა, თან „ბაიერში“ მოღვაწეობას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობით იწყებს და მოედანზე სწორედ მიხაელის დარი მარჯვენა ხელი სჭირდება. ბალაკს კი დუტის ნდობა ესაჭიროება - განსაკუთრებით მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებიდან დაითხოვეს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ სხვა არცერთი გერმანულ კლუბის ნახევარდაცვაში არ არის კონკურენცია ისეთი მძაფრი, როგორც „ლევერკუზენში“. „ბაიერი“ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს ხოლმე და ცენტრალური ნახევარმცველის სამ პოზიციაზე (ორი საყრდენი, ერთი გამთამაშებელი) ბალაკს რამდენიმე კონკურენტი ჰყავს: სიმონ როლფესი (29 წლის), ჰანო ბალიტში (30), არტურო ვიდალი (24), ლარს ბენდერი (22) და რენატო აუგუსტო (23).

დუტი ამბობს, სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის აქვსო. შესაბამისად, მიხაელს ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე მოუწევს იმის მტკიცება, რომ თამაშის ღირსია. ამბობს, ეს ძალიან კარგად ვიციო, იღიმება და გასახდელისკენ მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა