გაირკვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 30-31 ივლისს ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს
გაირკვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 30-31 ივლისს ბუქარესტში მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს.

ნუგზარ სხირელმა შემადგენლობაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანა, ძირითადი ბირთვი კი უცვლელად დატოვა. ლევან როჭიკაშვილი (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), მამუკა კორძაია (96), თედო ებანოიძე (120) - აი, ასეთია სხირელისა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა საკადრო გადაწყვეტილება.

ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იმდენად დიდი წარმატებით გამოვიდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არც იყო მოსალოდნელი - ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი ჩემპიონები გახდნენ, პეტრიაშვილი მეორეზე გავიდა, ჩოჩიშვილი, ებანოიძე და მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი კი მესამეზე, ოღონდ ებანოიძემ მაშინ 96-ში იჭიდავა.

ნათქვამია, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიანო და მედალოსნები არც სხირელს შეუცვლია. ახალი კადრები მხოლოდ როჭიკაშვილი, ტლაშაძე და კორძაიაა. 50 კილოგრამში ევროპაზე ლაშა ტალახაძემ იჭიდავა და მეხუთეზე გავიდა. ის გამოცდილი და ტიტულოვანი ფალავანია - შარშან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი მესამე იყო, მაგრამ წონის პრობლემები აწუხებს და კონტინენტის წლევანდელ პირველობაზეც ამიტომ დარჩა უმედლოდ - ნახევარფინალი მწვრთნელებმა შეგნებულად არ აჭიდავეს, იმდენად ცუდად იყო. სხირელს მისი მაშინაც ეიმედებოდა და ახლაც მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ წონის დაკლება კვლავაც დიდ პრობლემად რჩება. თავად სპორტსმენმაც აღიარა, რომ ვერ შეძლებდა დაკლებას და ამიტომ მწვრთნელებმა მისი შეცვლა გადაწყვიტეს, თუმცა მთლად იდეალური წონა არც როჭიკაშვილს გააჩნია.

66-ში ცვლილების მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე დავით ტლაშაძის სუსტი გამოსვლა გახდა. ის და გალეგაშვილი ორივე გორში ვარჯიშობს სხირელთან და მწვრთნელი კარგად იცნობს ორივეს შესაძლებლობებს. თან ორივე დაახლოებით თანაბარი დონისაა - მათი კონკურენცია მთელი წელიწადი გრძელდება და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, ორივე დაახლოებით ერთნაირ შედეგეს აჩვენებს. ურთიერთშეხვედრა თუ ყოფილა, ბრძოლის ბედი იქაც თანაბარ ბრძოლაში, წილისყრით გადაწყვეტილა. ამიტომ სხირელი კარგა ხნის წინ მივიდა დასკვნამდე, რომ შანსი ორივესთვის მიეცა - ერთს ევროპა ეჭიდავა, მეორეს - მსოფლიო. ევროპაზე ტლაშაძემ იასპარეზა და წარუმატებლად, თუმცა გალეგაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არც მანმადე არსებობდა.

მწვრთნელს დაახლოებით თანაბარძალოვანმა კონკურენციამ უბიძგა იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ, რაც ზედა ორ უმძიმეს წონაში ვიხილეთ, თუმცა აქ საქმეში მძიმე წონაში არსებული საკადრო პრობლემებიც ჩაერია. საქმე ისაა, რომ ამ წონაში ახალგაზრდული ასაკიდან სხირელის მოთხოვნებს ვერავინ აკმაყოფილებს, რასაც არასოდეს მალავდა. ამიტომ ვროპის ჩემპიონატის წინ მიიღო, ერთი შეხედვით თამამი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ გაამართლა - უარი თქვა ამ ასაკის ყველა ლიდერზე და სერბულ ზრენჯანინში ჭაბუკთა გუნდის ლიდერი გენო პეტრიაშვილი წაიყვანა.

16 წლის ბიჭის ამ ასაკში გამოყვანა იქნებ ცოტა ნაადრევიც ჩანდეს, მაგრამ სხირელმა იცის თავისი საქმე, რაც პეტრიაშვილის შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა - ბრინჯაო მოიპოვა. მწვრთნელი მას ახლაც დიდი სიამოვნებით დააყენებდა, მაგრამ შეგირდს ამ ზაფხულს ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ჭაბუკებშიც ელოდება. ამიტომ იმ გუნდის ინტერესებიც გაითვალისწინა და აქ ასპარეზობა აღარ დააძალა. თუმცა ამ წონაში შექმნილი საკადრო ვაკუუმის შესავსებად კვლავაც არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო - ძველი კადრების ნაცვლად ებანოიძის ზევით ამოწევა განიზრახა. სხირელის აზრით, ის და კორძაია ორივე დაახლოებით თანაბარი დონის და ასაკის კვალობაზე მაღალი კლასის მოჭიდავეა. ის კორძაიასთვის მსოფლიოზე შანსის მიცემას ისედაც აპირებდა, ახლა კი არც ებანოიძეს დასწყვიტა გული და რაკი სჯერა მისი შესაძლებლობების, მძიმე წონაში გადაანაცვლა. დროებით თუ სამუდამოდ, ამას დრო აჩვენებს, ამ ეტაპზე კი გადაწყვეტილებას ებანოიძე და მისი მწვრთნელი ულაპარაკოდ დათანხმდნენ.

თუმცა სხირელისთვის მთავარი პრობლემა არა ეს წონები, არამედ ხინჩეგაშვილისა და მარსაგიშვილის საკითხი იყო, რადგან აქ ერთმანეთს ახალგაზრდული და ეროვნული გუნდების ინტერესები ეჯახებოდა - მოგეხსენებათ, ორივე თავიან წონებში მთავარი გუნდის ლიდერები არიან და სექტემბერში სტამბოლში მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატშიც უნდა იჭიდაონ. მათ უფროსებში წლეულს უკვე იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე და ვერცხლის მედლებიც მოიპოვეს, რასაც მერე კონტინენტის ჩემპიონობა მიაყოლეს უკვე ახალგაზრდებში, მსოფლიოს პირველობების წინ კი გაჩნდა კითხვა, რომელ ნაკრებში ეჭიდავათ ამ პრესტიჟულ ტურნირზე? იყო მოსაზრება და საშიშროება, რომ ერთბაშად ორივე შეჯიბრებაში გამოსვლა მათ გადაღლის და რომელიმე გამოეტოვებინათ.

ცხადია, ასეთად უფრო ახალგაზრდების პირველობას მიიჩნევდნენ, რადგან უფროსებისა მნიშვნელობით ბევრად აღემატება მას. თან ის ლონდონის ოლიმპიადისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა - ლიცენზიები გაიცემა, ყოველ წონაში 6-6, ამიტომ იქ წარმატებით გამოსვლაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ეტაპზე სხირელმა დაასაბუთა, რომ ახალგაზრდულ მსოფლიოზე ჭიდაობა ამ ბიჭებს დიდებს შორის ასპარეზობაში ხელს არ შეუშლის.

მისი თქმით, სპორტსმენებმა გამოტოვეს ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი, სანაცვლოდ კი იასპარეზეს ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე; გამოტოვეს "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური შეჯიბრებაც ბაქოში, მაგრამ სამაგიეროდ გამოვლენ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე. ანუ, მათ უფროსთა მსოფლიოსთვის მოსამზადებლად სასტარტო შეჯიბრებები მაინც არ მოაკლდებათ, ახალგაზრდული მსოფლიოდან უფროსთა ანალოგიურ ტურნირამდე კი თვენახევრიანი შუალედია და ძალების აღდგენა უნდა მოასწრონო.

ვნახოთ, რომელი მხარეა მართალი, ამას დრო გამოაჩენს ანუ რამდენად მოასწრებენ ფორმის აღდგენას. დროის ასე მცირე შუალედში ამდენის ჭიდაობა აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და რიგი სხვა გუნდებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა ჩვენებისთვის.

ბარემ აქვე შეგახსენებთ ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს საჩემპიონატო განაცხადსაც: ნიკა ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84), სერგო დიხამინჯია (96), შოთა გოგისვანიძე (120). ბერძენ-რომაელები 24 ივლისს გაფრინდებიან რუმინეთში, "თავისუფლები" - 28-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია