„მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის ვარსკვლავს გადაუწყვეტია ისე ითამაშოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ისიც დაასახელონ
უეინ რუნის ლიონელ მესის დონეზე სურს თამაში. „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის ვარსკვლავი 24 წლის ბარსელონელს მაისის მიწურულს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდა. გოლი ორივემ გაიტანა, თუმცა მესის გუნდმა 3:1 მოიგო და ტიტულსაც დაესაკუთრა.

ახლა ინგლისელს გადაუწყვეტია ისე ითამაშოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ისიც დაასახელონ, ხოლო „იუნაიტედმა“ კვლავ მოიპოვოს ევროპის უდიდესი საკლუბო ჯილდო.

რუნიმ თქვა: „მესი დიდი ფეხბურთელია, მან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამართლიანად მიიღო. ეს ის ტიტულია, რომლის მოპოვებაც განა მარტო ჩემი, ნებისმიერი ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ. მინდა მუდმივად კარგად ვთამაშობდე და ვიცი, რომ ზრდის შესაძლებლობა მაქვს. ყოველდღიურად თავს არ ვზოგავ, ძალიან ბევრს ვმუშაობ და როდესაც მიზანს მივაღწევ, ჩემთვისაც და კლუბისთვისაც ძალიან კარგი იქნება“.

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბარსელონას“ ფინალი რუნისთვის რთული სეზონის ბოლო წერტილი გახლდათ. ამ შეხვედრას ცუდი სტარტის შემდეგ ევროპულ ფეხბურთში „იუნაიტედის“ ადგილი უნდა განესაზღვრა. პირადად რუნისაც დიდი ამბები გადახდა თავს. ჯერ იყო და „ოლდ ტრეფორდიდან“ გაქცევას ლამობდა. იმავდროულად ჰქონდა ოჯახური პრობლემებიც. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ახალი ხელშეკრულება გააფორმა, დამშვიდდა და სეზონის მეორე ნახევარში უკეთ ათამაშდა. საბოლოოდ, რუნიმ სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ დასასვენებლად მაინც უკმაყოფილო წავიდა - „იუნაიტედმა“ „ბარსელონასთან“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამ წელიწადში მეორედ წააგო და ამ მარცხმა პირში მწარე გემო დაუტოვა. რუნი ამბობს:

„მათ თავისებური სტილი აქვთ. ჩვენ სხვანაირები ვართ. „ბარსელონას“ ყაიდაზე თამაში ყველას კი არ შეუძლია. მათ ჩვენ აშკარად გვაჯობეს და დამსახურებულად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა, ეს უკვე წარსულია და, ახლა, უკვე მომავალ სეზონზე ვფიქრობთ. რასაკვირველია, ფინალში გასვლაც, თავისთავად, დიდი მიღწევა იყო, მაგრამ დამარცხება, მაინც, ყოველთვის გულს გწყვეტს“.

„იუნაიტედს“ გასულ სეზონში, პრემიერლიგაში ჰქონდა დიდი წარმატება - მეცხრამეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ეს იყო რეკორდი - მანამდე, ინგლისში, ყველაზე ტიტულიანი გუნდი „ლივერპული“ გახლდათ. დიდ წარმატებაში ლომის წვლილი სწორედ რუნიმ და 23 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა შეიტანეს.

წარმოშობით ლივერპულელი რუნი ამბობს:

„ხავიერმა დიდებულად ითამაშა. დიდი იმედი მაქვს, რომ მე და მას მომავალში ყველაფერი კიდევ უკეთ გამოგვივა. ახლა მას დასვენება სჭირდება, რადგან მთელი ზაფხული შეჯიბრებებში გაატარა. ამის გამო ის შედარებით მოგვიანებით ჩაერთვება საქმეში, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს - აქ, თავდასხმაში, ორი, ხანდახან კი ერთი ადგილისთვის ჯანსაღი კონკურენციაა. თითოეულ ჩვენგანს უამრავი მუშაობა და კარგ ფორმაში ყოფნა სჭირდება. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს სათადარიგოთა სკამზე დაგტოვონ. წამითაც არავის შეეცოდები. ეს დიმიტარ ბერბატოვმა საკუთარ თავზე გამოსცადა“.

ბერბატოვის ხსენებაზე რუნის ჰკითხეს, დაწყდა თუ არა გული ბულგარელის გამო. 30 წლის ბერბატოვი, ხომ დიდებულად თამაშობდა, მაგრამ მაინც სათადარიგოთა სკამზე დასვეს - ერნანდესი უფრო ძლიერიაო. რუნიმ უპასუხა:

„პირადად მე მოედანზე ყოფნა მინდა და ამისათვის თავს არ დავზოგავ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ბერბა, რასაკვირველია, ძლიერი ფორვარდია და ჩვენთვის დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. ფაქტია: გასულ სეზონში ის ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი იყო, 22 გოლი შეაგდო და ამ გოლებიდან, რამდენიმე გადამწყვეტი გახლდათ“.

ერნანდესის, იმავე ჩიჩარიტოს გამოჩენამ რუნიზეც იმოქმედა - მას მოედნის სიღრმისკენ მოუხდა გადანაცვლება და ბურთთან უფრო ხშირი ურთიერთობა დასჭირდა. სწორედ ასე ათამაშა ის ალექს ფერგიუსონმა ამერიკულ ტურნეზე, „სიეტლ საუნდერსთან“ 7:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაშიც. სხვათა შორის, რუნიმ მხოლოდ მეორე ტაიმი დაჰყო მოედანზე, მაგრამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა სიეტლელთა თავკაც სიგი შმიდს ეთქვა, რაც მწვრთნელად ვმუშაობ, ასეთი კოშმარული დღე არ მქონიაო.

„მანჩესტერელებმა დიდებული გოლები გაგვიტანეს, მაგრამ მე ჩვენსას ვდარდობ. მინდა ფანებს ბოდიში მოვუხადო“ - თქვა შმიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"