ევროპის XI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 49 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც იასპარეზებს
24-30 ივლისს ტრაბზონი ევროპის XI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც ევროპის 49 ქვეყანა იასპარეზებს. მათ შორის - საქართველოც. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა, ჩვენები კი მხოლოდ 5-ში გამოვლენ - ცურვაში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, ჩოგბურთსა და ველოსპორტში, ხოლო უჩვენოდ ჩაივლის შეჯიბრებები ხელბურთში, ფრენბურთში, კალათბურთსა და ტანვარჯიშში.

ამ სპორტულმა ღონისძიებამ სათავე 1991 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟაკ როგეს ინიციატივით აიღო, რომელიც მაშინ ევროპის ეოკ-თა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. ის ბელგიელია და პირველ თამაშებსაც მისმა მშობლიურმა ბრიუსელმა უმასპინძლა. პირველმა ფესტივალმა, საქართველოში იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, უჩვენოდ ჩაიარა. ფესტივალში ჩვენები 1993 წლიდან ჩაებნენ, როცა თამაშებს ჰოლანდიურმა ვალკენსვაარდმა უმასპინძლა და მას შემდეგ უცვლელადაც მონაწილეობენ. დღემდე საქართველოდან 250 -მდე მონაწილის მონაგარი 44 მედალია. ლომის წილი კი ძიუდოისტებზე მოდის.

ამჟამად საქართველოს დელეგაციაში 22 სპორტსმენია, 8 მწვრთნელი, 1 მსაჯი და 9 ოფიციალური წევრია. ცალკეული ყველაზე მასშტაბურად კვლავაც ძიუდოა წარმოდგენილი - ბიჭების ნაკრები სრულადაა დაკომპლექტებული - ზაზა ხუბულური (50), ივანე მამისაშვილი (55), თამაზ კირაკოზაშვილი (60), გიორგი მუზაშვილი (66), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი და გიორგი ლაზუაშვილი (+90) გოგოებში კი 4 მონაწილე გვეყოლება - გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57) და ანი მინდიაშვილი (63); მწვრთნელები: გიორგი ვაზაგაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, გია თენაძე).

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა მძლეოსანთა გუნდი - სალომე სირაძე (100, 200მ), ლაშა ღულელაური (სიგრძე, სამხტომი), გიგა ჭიკაძე (100მ), გიორგი აზარაშვილი (200მ). მწვრთნელები: უსუფ ღულელაური, ვასილ მახარაძე; 2-2 მონაწილეა ველოსპორტში - ბექა ნარეკლიშვილი, დიმიტრი ხოსიაური. მწვრთნელები: თეიმურაზ კიკნაძე, რუსლან ჯაოშვილი და ჩოგბურთში - შოთა მეფარიძე, ალექსანდრე ბაკში. მწვრთნელი: ვიქტორ ბაკში.

ერთი მონაწილე გვეყოლება ცურვაში - თეიმურაზ კობახიძე (თავისუფალი სტილი-100მ, ბატერფლაი-100მ). მწვრთნელი: მანანა თურქია. ფესტივალს ერთადერთი ქართველი მსაჯი მოემსახურება - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ძიუდოში ვლადიმერ ნუცუბიძე. დელეგაციის ხელმძღვანელი ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილია, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი - გიორგი ესაკია.

ჩვენი გუნდი ტრაბზონში ხვალ დილას გაემგზავრება. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი კვირას გაიმართება. 25 ივლისს სპორტული პაექრობები დაიწყება და პირველივე დღეს 5 ქართველი იასპარეზებს: თეიმურაზ კობახიძე, ჩოგბურთელთა დუეტი პირველი წრის შეხვედრებს გამართავს, მძლეოსანთაგან კი ჭიკაძე და სირაძე ირბენენ. 26 ივლისს სარბიელზე ორ ისეთ ათლეტს ვიხილავთ, ვისგანაც მედლებს ველოდებით - ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონი მამისაშვილი იჭიდავებს, მძლეოსნობაში კი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი ღულელაური გამოვა, ოღონდ მას წელი სტკივა, საოპერაციოა და ახლა მთელი იმედები იმაზეა, სტარტამდე ექიმებმა ტკივილების გაყუჩება შეძლონ.

ამავე დღეს ასპარეზობას დაიწყებენ ველოსიპედისტები, ძიუდოისტთაგან კი ხუბულური და შოთაძე იჭიდავებენ. 27-ში ღულელაური სამხტომში მოსინჯავს ძალებს, სირაძე და აზარაშვილი კი 200-მეტრიან დისტანციებზე ირბენენ. ველოსიპედისტები მორიგ ეტაპს ჩაატარებენ, ძიუდოისტთაგან ტატამზე ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი კირაკოზაშვილი, მუზაშვილი, ციხელაშვილი და ჯანაშვილი გავლენ. 28-ში ველოსიპედისტები და კობახიძე დაამთავრებენ გამოსვლას, ძიუდოისტთაგან კი ჭაბუკებში ევროპის ასევე წლევანდელი ჩემპიონი ღვინიაშვილი, მესამე პრიზიორი გუგავა და მინდიაშვილი იჭიდავებენ. 29 ივლისს სპორტული პაექრობები მთავრდება. ამ დღეს ჩვენგან ასპარეზობა გარანტირებული ძიუდოისტებს აქვთ, რომელთაგანაც ტატამზე ბოლო ორი წარმომადგენელი გავა, ორივე გუნდის ლიდერი - ჩოჩელიც და ლაზუაშვილიც წლეულს ჭაბუკთა შორის ევროპის ვერცხლის მედალოსნები გახდნენ. ამ დღეს ჩვენ ჩოგბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ ასპარეზობა, თუ მედლებისთვის ბრძოლის უფლებას მოიპოვებენ.

გუშინ ფესტივალთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, ჟურნალისტებს ოლიმპიური გუნდი წარუდგინეს და სპორტული ფორმის პრეზენტაციაც მოეწყო. ის "ლოტომ" შეკერა და ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი - თეთრ ფონზე წითელი კანტები, შიგა და შიგ კი - გერბი, ხუთჯვრიანი დროშები და ინგლისურენოვანი წარწერა "GEORGIA". ოღონდ წინა მხარეს ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო თვალსაჩინოდაა დატანილი, რაც თვალსაც კარგად ხვდება და აღსაქმელადაც იმდენად კარგია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავამ სეოკ-ს სთხოვა კიდეც, იქნებ ეს ლონდონის ოლიმპიადის ფორმების შეკერვის დროსაც გაითვალისწინოთო.

გუშინდელ შეხვედრას ერთი ფრიად საპატიო სტუმარიც ესწრებოდა - ამერიკიდან სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნებული ცნობილი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია, რომელმაც მისალმებისას სინანულით აღნიშნა, რომ მის თაობას ასეთ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის, ასეთი ეკიპირებით გამოსვლისა და სამშობლოს სახელის დაცვის საშუალება არ ჰქონდა. მან წარმატება უსურვა მომავალ ოლიმპიელებს როგორც ტრაბზონში, ასევე - დიდ სპორტში.

პრესკონფერენციაზე შესავალ სიტყვაში სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს დელეგაცია ტრაბზონში წარმატებით გამოვა და ამჯერად ოქროს მედლებს არა მხოლოდ ძიუდოისტები, არამედ მძლეოსნებიც მოიპოვებენ. მან აღნიშნა, რომ დიდ ოლიმპიადებზე გამოსვლის საშუალება ყველას არ ეძლევა, ახლა კი ამ მოზარდებს აქვთ საშუალება, "მცირე ოლიმპიადის" ჩემპიონები მაინც გახდნენ. თუმცა, ცხადია, ახალგაზრდებს მანაც უპირველესად, დიდ ოლიმპიადებზე უსურვა წარმატება. იქვე დასახელდა ოლიმპიური გუნდის მედროშე - ძიუდოისტი ლაზუაშვილი, რომელსაც დროშა პრესკონფერენციაზევე გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს