მამაკაცებმა გასულ კვირას მხოლოდ ერთ ტურნირში ითამაშეს.

მამაკაცებმა გასულ კვირას მხოლოდ ერთ ტურნირში ითამაშეს. შვედი რობინ სიოდერლინგის უარის შემდეგ, ამერიკის დედაქალაქში ATP-ის პირველ ათეულს ჩეხი ტომაშ ბერდიხი და ამერიკელი ენდი როდიკი წარმოადგენდნენ. ბოლო დროს, ამ უკანასკნელს არც ისე კარგად მისდის საქმეები. უიმბლდონზე განცდილი კრახის შემდეგ, ენდიმ ატლანტაში ნახევარფინალი წააგო თანამემამულე მარდი ფიშთან, ვაშინგტონში კი, სადაც შარშან ფინალი ითამაშა, მესამე წრიდან ჩამოშორდა ბრძოლას. თანაც წააგო ფრანგ ჟილ სიმონთან, რომელსაც აღნიშნულ შეხვედრამდე სეზონში სულ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული. ამ მარცხით როდიკი პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რეიტინგის ტოპათეულიდან გავარდა.

ვერც ბერდიხი შერჩა დიდი ხანი ძირითად ბადეს. უიმბლდონის ფინალისტმა რუს დმიტრი ტურსუნოვთან რთული სამსეტიანი მოგებით დაიწყო. ასევე სამი სეტის ჩატარება დასჭირდა ყაზახი ანდრეი გოლუბევის წინააღმდეგ - თითქმის ორსაათნახევრიან ბრძოლაში ტურნირის პირველმა ჩოგანმა მესამე სეტი 7:5 მოიგო. სამაგიეროდ, ჩეხმა მეოთხედფინალში ვეღარ შეძლო მორიგი სამსეტიანი მატჩის მოგება. ბელგიელმა ქსავიე მალისემ სეზონში პირველად გააღწია ნახევარფინალურ ეტაპზე - 6:4, 3:6, 6:2.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონში შედგა ჩეხი რადეკ შტეპანეკის დაბრუნება, რომელსაც მარტიდან მოყოლებული არ უთამაშია და ამ დროის განმავლობაში ნიკოლ ვაიდიშოვაზე იქორწინა. რადეკის პირველი მატჩი წარუმატებელი გამოდგა - მან მხოლოდ ოთხი გეიმი აიღო შვეიცარიელ მარკო ჩიუდინელისთან პირველი წრის შეხვედრაში.

ვაშინგტონის ტურნირის მთავარი მოქმედი პირი კი დავიდ ნალბანდიანი გახდა. გასული სეზონის თითქმის მთლიანად გამოტოვების შემდეგ, არგენტინელს წელსაც პრობლემები შეექმნა, რამაც "დიდი სლემის" არც ერთ ტურნირში თამაშის საშუალება არ მისცა. თუმცა მოსკოვში დევისის თასის მატჩზე გამოჩნდა, რომ ნალბანდიანი თანდათან იბრუნებს ძველ სპორტულ ფორმას. ვაშინგტონში დავიდს ჟილ სიმონთან და მარკო ბაღდატისთან გაუჭირდა, სამაგიეროდ, სტანისლას ვავრინკასა და მარინ ჩილიჩს ისე გაუსწორდა, რომ არც კი შეუმჩნევია მათი კორტზე ყოფნა.

სიმონს არგენტინელი მეოთხედფინალში შეხვდა და სწორედ ამ მატჩში წააგო დავიდმა ტურნირზე ერთადერთი სეტი. ფრანგმა პირველი პარტია მიითვალა - 6:3 და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ამან მხოლოდ გააბრაზა ნალბანდიანი და საბოლოოდ, ბოლო ორი სეტი იოლად - 6:2, 6:3 მოიგო.

უიმბლდონის ყოფილმა ფინალისტმა კიდევ ერთი გამოცდა ფინალში ჩააბარა, სადაც მარკო ბაღდატისს გადაეყარა. კვიპროსელს ტურნირის მსვლელობისას განსაკუთრებული თამაში უჩვენებია, ხშირად უაზრო შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ მაინც მიაღწია ფინალს, გზად კი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა. მალისესთან ნახევარფინალში კუნძულელმა მარცხენა ფეხი გადაიბრუნა და კინაღამ მიატოვა მატჩი. ბოლოს მაინც ბრძოლის გაგრძელება არჩია და მოიგო კიდეც.

ამ ტრავმის გათვალისწინებით, ფავორიტად ნალბანდიანი სახელდებოდა და პირველმა სეტმა დაადასტურა ეს პროგნოზი. არგენტინელს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა და ნახევარ საათში სეტის მოგებაც იზეიმა.

თითქოს დავიდს მეორე პარტიაც იოლად უნდა მოეგო, მაგრამ ოდნავი მოდუნება კინაღამ ძვირად დაუჯდა. ყველაფერი ნალბანდიანის ორი ორმაგი შეცდომით დაიწყო და სამხრეთამერიკელმა პირველად წააგო საკუთარი მოწოდება - 0:2. ამის შემდეგ ჩოგბურთელებმა მარათონული გეიმები ითამაშეს, რომელშიც წარმატება ნალბანდიანს ჰქონდა. მან ორი ბრეიკი გააკეთა და წინ გაიჭრა.

კვიპროსელს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. მან ისევ შეუტია და კიდევ ერთხელ აღდგინა თანაფარდობა - 3:3. ასეთი აქტიური დასაწყისის შემდეგ, ჩოგბურთელებმა პაუზა აიღეს და იოლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს. 6:5-ზე სეტის ბედი შეიძლება მარკოსის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო - მიღებაზე მან სეტ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ დავიდმა რისკიანი ფორჰენდით გაათანაბრა ანგარიში.

ტაი-ბრეიკი ბაღდატისმა ძალიან ცუდად დაიწყო და საკუთარ მოწოდებაზე სამი ქულა დათმო - 0:5. იქვე მარკოსმა კინაღამ სასწაული ჩაიდინა, როცა ზედიზედ სამი ქულა აიღო, თუმცა იქვე უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სამი მატჩბოლი მისცა. პირველ ჯერზე ნალბანდიანმა ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ მეტოქისგან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო და კარიერაში მე-11 ტიტული გაიფორმა. ამ მოგებით არგენტინელმა შესამჩნევი ნახტომი გააკეთა რეიტინგში - ის ახლა 117-დან 45-ე ადგილზე გადაინაცვლებს. ბაღდატისმაც გაიუმჯობესა მდგომარეობა - 2008 წლის მაისის შემდეგ პირველად შევიდა საუკეთესო ოცეულში.

ATP

Legg Mason Tennis Classic

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

ფინალი

დავიდ ნალბანდიანი (არგ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 8) 6:2, 7:6(4).

ლელო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"