გუშინ საქართველოს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვია. ის უკვე მეოთხედაა ჩვენს ქვეყანაში, აქედან მეორედ - უეფას პირველკაცის რანგში...

გუშინ საქართველოს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ეწვია. ის უკვე მეოთხედაა ჩვენს ქვეყანაში, აქედან მეორედ - უეფას პირველკაცის რანგში. დაგვეთანხმებით, არ არის ეს პატარა ამბავი. პლატინი ამით საქართველოსადმი პატივისცემას ადასტურებს...

...ზუსტად 16:50 საათზე მიშელ პლატინის კერძო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. უეფას პრეზიდენტი გენერალური მდივნის მოადგილე თეოდორის თეოდორიდისის, უეფას სტადიონებისა და ეროვნული ასოციაციების კომიტეტის მენეჯერ ტიერი ფავრისა და პირადი სტუმრის ჟან ლუი ჟენოვეზის თანხლებით ჩამობრძანდა. აეროპორტში მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დახვდნენ.

"თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში სტუმრობის საშუალება. ბევრი მსმენია თქვენს ქვეყანასა და ფეხბურთზე. ვიცი, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა... 2012 ან 2013 წელს ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარება ჩემი იდეა არ არის, ეს თქვენი ფედერაციის ინიციატივაა. ბუნებრივია, ჩემი ვიზიტისას ამ საკითხზეც გვექნება შეხვედრები და მსჯელობა. სწორედ ამ ვიზიტისას ადგილზე გავეცნობი ინფრასტრუქტურას და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. თუმცა ეს გადაწყვეტილება ასე უცებ კი არა, მოგვიანებით იქნება. მანამდე კი ამ თემას გავეცნობით და შევისწავლით. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი გაცნობის სტადიაშია", - აეროპორტშივე განაცხადა მუსიე პლატინიმ.

იქიდან სტუმრებმა "თბილისი მარიოტს" მიაშურეს. სხვათა შორის, პლატინი სწორედ იმ ნომერში დაბინავდა, სადაც 2006 წლის ვიზიტისას ცხოვრობდა. უეფას თავკაცმა მცირე ხანს მოისვენა და 19 საათისთვის ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ეწვია. სიჭინავამ და არველაძემ პლატინისა და მის თანმხლებთ "ბასაში" მიმდინარე სამუშაოები და ტექნიკური ცენტრის დამტკიცებული ესკიზი დათვალიერებინეს. ხელოვნურსაფარიანი მოედანი უკვე გაკეთებულია, ბუნებრივზე კი მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. იქვე მოეწყობა 3 ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. ამას გარდა, ადმინისტრაციულ კორპუსს კიდევ ერთი შენობა დაემატება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ "ბასაში" 23 ორადგილიანი და 8 VIP-ნომერი იქნება. საბოლოოდ, ცენტრი 54 პერსონას დაიტევს, რაც ორი გუნდის ერთობლივი მომზადებისთვის სრულიად საკმარისია.

უეფას პრეზიდენტს ტექნიკურ ცენტრში კომენტარი არ გაუკეთებია, სიჭინავამ კი ეს თქვა: "მიშელ პლატინი ხვალ (ანუ დღეს, სამშაბათს - ავტ) ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და კონკრეტულად ევროპის ლიგის ფინალის თბილისში ჩატარებაზე ილაპარაკებენ. უეფას პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მზად არის, ამ და სხვა საკითხებში ჩვენთან ითანამშრომლოს".

"ბასადან" სტუმრებმა იმ სტადიონს მიაშურა, რომელმაც, შესაძლოა, ორ-სამ წელიწადში ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს. "ბორის პაიჭაძეზე" პლატინისა და მის თანმხლებთ არენის დირექტორი სანდრო შახოვი დახვდა. უეფას ემისრებმა მოედნის საფარს მოავლეს თვალი და გასახდელებში შევიდნენ. პლატინის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ნანახით უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც გამოთქვა, რისი გამოსწორებაც აუცილებელი იქნება, თუ გვინდა, რომ დიდ ჩანაფიქრს რეალურად შეესხას ხორცი.

"ტექნიკურ ცენტრში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამუშაოები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ყველაფერი სათანადოდ გაკეთდება, ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ იმ ბაზაზე მწვრთნელებმა ფეხბურთელები კარგად მოამზადონ. რაც შეეხება სტადიონს, ჩინებული არენაა, მაგრამ გარკვეული შენიშვნები მქონდა, რომელიც გავუზიარე კიდეც ფედერაციის ხელმძღვანელებს. ზოგი რამ უფრო სხვა მასშტაბით არის გასაკეთებელი.

იმედს გამოვთქვამ, ქართული მხარე ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და ამის შემდეგ უეფა უკვე მზად იქნება, ამ სტადიონზე ევროპის ლიგის ფინალის ჩატარების საკითხი განიხილოს", - თქვა ბატონმა მიშელმა სტადიონის დათვალიერების შემდეგ.

დავინტერესდით, რა აზრის იყო უეფას სტადიონებისა და ეროვნული ასოციაციების კომიტეტის მენეჯერი ტიერი ფავრი:

"საქართველოს ადრეც ვსტუმრობდით. ტექნიკური ცენტრის პროექტს გავეცანით და ვფიქრობ, ეს გაცილებით უკეთესი იქნება. რაც შეეხება სტადიონს, აქ არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც დახვეწას საჭიროებს", - განაცხადა მუსიე ფავრიმ.

სტადიონის შემდეგ ესკორტი დაბრუნდა "მარიოტში", სადაც პლატინიმ, სიჭინავამ და არველაძემ ჯერ ისაუბრეს, ხოლო შემდეგ ვახშამი გამართეს...

მოკლედ, შესაძლებელია, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ევროპის ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ. საამისოდ, საჭირო იქნება განათების გაძლიერება, სამ ათეულზე მეტი ვიდეოკამერის დამონტაჟება, VIP-სექტორი, მედიაცენტრი, კვების ობიექტების, ავტოსადგომის, საპირფარეშოების, მედიასერვისის სათანადო რაოდენობა, უსაფრთხოების საკითხი... გარდა ამისა, აეროპორტების სათანადო რაოდენობა და გამტარიანობა, რათა არ შეფერხდეს სტუმართა მიღება. ბუნებრივია, საკმარისი უნდა იყოს სასტუმრობიც...

ბუნებრივია, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ფეხბურთის ფედერაცია ამხელა მასშტაბებს ვერ გასწვდება. და იმედია, ხელისუფლებისგან ეს მხარდაჭერა აუცილებლად იქნება, მით უფრო, რომ ეს ქვეყანას სჭიროდება...

მიშელ პლატინის ვიზიტი დღეს დასრულდება. უეფას პრეზიდენტი დილით თბილისის მერ გიგი უგულავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან ერთად ისაუზმებს. შემდეგ უეფას ხელმძღვანელობა ფეხბურთის ფედერაციის გარემონტებულ ოფისსა და გასარემონტებელ ვაკის სტადიონს მოინახულებს, მერე კი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება. საქართველოდან გამგზავრებამდე პლატინი "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას.

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა