თამაზ კირაკოზაშვილმა და გიორგი მუზიაშვილმა ტრაბზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"დღეს ვერაფრით გაგახარეთ, მაგრამ ღმერთი ისე როგორ გაგვწირავს, აქედან უმედლოდ დავბრუნდეთ. ახლაც ვერ გამიგია მამისაშვილს რა დაემართა, არადა მალტაში კონტინენტის პირველობა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. სტარტზე იტალიელთან მოგების შემდეგ იმედი მქონდა, ვანოს მეორე სუნთქვა გაეხსნებოდა, მოსათელ ოთახშიც გავამხნევე და რჩევები მივეცი, მაგრამ ალბათ გუშინ მისი დღე არ იყო", - წუხდა ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს განცდილი ფიასკოს შემდეგ გიორგი ვაზაგაშვილი.

ხასიათი მთავარ მწვრთნელს ოდნავ გუშინ გამოუკეთდა, როდესაც მისმა შეგირდებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

ვაზაგაშვილს საფიქრალი ნამდვილად აქვს, რადგან სულ მალე კიევში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ზვიად ხუბულურმა და ვანო მამისაშვილმა იმდენად უგერგილოდ იჭიდავეს, რომ ვშიშობდით, ამას გუნდზე უარყოფითად არ ემოქმედა.. თავად განსაჯეთ ორთავე მათგანმა ასპარეზობა ისე დაასრულა, რომ ერთი ილეთიც არ შეუსრულებიათ.

გასაგებია, რომ ყველგან და ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ მთავარია გამარჯვების წყურვილი გქონდეს და ლტოლვა გეტყობოდეს. სამწუხაროდ იმ დღეს მათში ბრძოლის ჟინი არ ჩანდა.

ამ ამბავმა ერთი შემთხვევა გამახსენა, რომელიც 2001 წლის მურსიის ანალოგიურ თამაშებზე მოხდა. მაშინ ძიუდოისტი ჯარჯი ზვიადაური საქართველოს ღირსებას იცავდა და ერთ-ერთი შეხვედრისას მეტოქემ იგი ვაზარზე დააგდო. იმ მომენტში ჯარჯის თვალები და შეშლილის სახე ახლაც არ ამოდის ჩემი მეხსიერებიდან. ტატამიდან წამოდგა, ტაბლოს გახედა, კიმანო გაისწორა და მეტოქე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაჭმუჭნა. რა გასაკვირია, რომ კარგი დღეს არც სხვებს დასდგომიათ და მაშინ ჯარჯი ზვიადაური, ეხლა კი უკვე ილიას ილიადისი ჩემპიონი გახდა.

მოდით ისევ ტრაბზონულ ამბებს დავუბრუნდეთ. ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა და გუნდურში გამარჯვებაც გადაუჭრელ ამოცანად არ მიიჩნეოდა. ტრაბზონული რვაეულიდან შვიდი ძიუდოისტი ევროპირველობის მედალოსანია და ფესტივალზეც ევროპიდან თითქმის იგივე შემადგენლობა შეიკრიბა, რაც ერთი თვის წინ მალტაში.

გუშინ, 27 ივლისს ძიუდოში მედლები ქალთა შორის 52,57, ხოლო ვაჟებში 60,66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. სიურპრიზი შემოგვთავაზა მარიამ ჯანიაშვილმა (57კგ), ვინაც საწყისი შეხვედრა იტალიელ ჟულია კორიერისთან კი დათმო, მაგრამ შემდეგ ისლანდიელ, ფინელ და უკრაინელ მეტოქეებს დამაჯერებლად მოუგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება გაინაღდა. გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გვპირდებოდა, რომ ერთი მედლის მოპოვება რეალური იყო და შეგირდსაც მასწავლებლის იმედების გასამართლებლად სულ ცოტა დააკლდა. III ადგილისთვის შეხვედრაში ჯანიაშვილი წლევანდელ ევროპის ჩემპიონს ჰოლანდიელ ველემა დოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ ერთი იუკოთი წააგო.

გოგონებში მეორე მონაწილემ მარიამ ციხელაშვილმა სტარტზე იტალიელ დანიელა რაისთან, ხოლო შემდეგ პოლონელ დობროვოლსკისთან წააგო და ასპარეზობაც ამით დაასრულა.

ვაჟთა შორის ტატამზე ევროპის ვერცხლის პრიზიორი თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) და გიორგი მუზიაშვილი გავიდნენ და ორთავემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ნიშანდობლივია, რომ მუზიაშვილი ტრაბზონში მომავალ ავტობუსს ზურაბიანი ტრამვის გამო ბოლო წამს შეახტა და მანაც მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა.

მართალია მან სტარტზევე წააგო თურქ მურატ ბექთაშთან, თუმცა შემდეგ დამამშვიდებელში იყოჩაღა მონტენეგროელი, ჰოლანდიელი და უკრაინელ კიმონოისტებს შანსი არ დაუტოვა და მკერდიც ბრინჯაოთი დაიმშვენა.

თამაზ კირაკოზაშვილზე მწვრთნელები უპირობო მედალს გეგმავდნენ. ის კი არა მისი საჩემპიონო შანსებიც აქტიურად განიხილებოდა. საწყისი ორი შეხვედრა მან იტალიელ და ჰოლანდიელ მეტოქეებთან დამაჯერებლად გაიარა, ხოლო რაც ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრე რასკოპინთან მოხდა ამას ძნელია ახსნა მოუძებნო. ქართველი გაფრთხილებით კი აგებდა, მაგრამ შემდეგ ორი 100-პროცენტიანი გდება შეასრულა და არც ერთი არ ჩაუთვალეს და საბოლოოდ გამარჯვებაც აღთქმული მიწის ქვეყნის ძიუდოისტს დარჩა. რეპეშაჟში "კირაკოზამ" ერთი-მეორის მიყოლებით გააკრა ბეჭებზე ფინელი, მოლდოველი, ბოსნიელი და ბრიტანელი მეტოქეები და ბრინჯაოს დაეუფლა.

პირველი დღისგან განსხვავებით მძლეოსნები ოდნავ გამოფხიზლდნენ და გუშინ გაცილებით უკეთესი სედეგი აჩვენეს. სამხტომში ახმეტელმა ლაშა ღულელაურმა 15,28 მეტრზე გადახტა და ფინალში-საუკეთესო 12 მონაწილეში შევიდა. სხვათა შორის ღულელაურს დილით ტრამვა აწუხებდა და ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ყველაფერი გააკეთა მის ფეხზე დასაყენებლად. როგორც მწვრთნელები ამბობენ დიდი შანსია დღეს ღულელაურმა მედლის რაიონში იტრიალოს და რომელიმე სინჯსაც გამოჰკრას ხელი. სხვათა შორის ახლახანს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი ლაშამ 20 სანტიმეტრით გააუმჯობესა. 200 მეტრზე სირბილში სალომე სირაძემ კვალიფიკაცია გადალახა და ნახევარფინალში გავიდა, ხოლო იგივე დისციპლინაში გიორგი აზარაშვილს ხელი მოეცარა. რაც შეეხება თინათინ პაპუაშვილს იგი 1500 მეტრზე სირბილში მე-8 იყო.

დღეს, 28 ივლისს ასევე ასპარეზობაში ჩაერთვებიან ძიუდოისტები ლევან გუგავა (73კგ) და ბექა ღვინიაშვილი (81 კგ). გული გვიგრძნობს, ოქროს უნდა გავუსინჯოთ გემო.

აღდგომა და ხვალეო. იმედია ხვალინდელი რეპორტაჟი ოქროს მედლით გამოწვეული სიხარულითა და ემოციებით იქნება გაჟღენთილი.

კახა ბერიძე ტრაბზონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ