ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა დღეს სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს
როგორც გუშინ დაგპირდით, დღევანდელ რეპორტაჟს მაჟორულ ნოტზე უნდა ვიწყებდე. მიზეზიც, იცოცხლეთ, ხომ ისეთია, ქვას გახეთქავს.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს, მაგრამ რაც ტრაბზონში მასმედიის წარმომადგენლებს თავგადასავლები გვაქვს, ძნელია, სიტყვებით აღწერო.

ის, რომ მთავარ პრესცენტრში ინფორმაციები დაგვიანებით ან საერთოდ არ მოდის, ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ XXI საუკუნეში თუ ინტერნეტით სარგებლობის პრობლემა შეიქმნებოდა, უკვე ნამეტანია. ყოველ საღამოს ევროპელ კოლეგებთან ერთად ლეპტოპით აღმა-დაღმა დავრბივარ და ვცდილობ, ინტერნეტსამყაროსთან კავშირი დავამყარო. მოთმინების ფიალა გუშინწინ აივსო და არაერთ ჟურნალისტსაც ნერვებმა უმტყუნა. ირლანდიელმა და სლოვაკმა კოლეგებმა ფესტივალის ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ისეთ დღეში ჩაყარეს, რომ საცოდავი გოგონები აქვითინდნენ კიდეც, მაგრამ ცრემლი საქმეს რას უშველიდა. დიდი შანსია, პრესის ბევრ მუშაკს იმ საღამოს თავიანთი გამოცემებისთვის ინფორმაცია ვერ მიეწოდებინა.

მეც უკვე ხელი ჩაქნეული მქონდა, როდესაც ბედად ლიტველმა კოლეგამ ინტერნეტში შეაღწია და მისი კომპიუტერით ვისარგებლე. მოკლედ, ამ მხრივ აქაურობა ქვის ხანას მაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ადამიანები ლეღვის ფოთლებით არ დადიან. ამ მასალას კი ვწერ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, თქვენამდე თუ მოაღწევს და დღის სინათლეს იხილავს.

გუშინ დილით პატარა დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ვერ გადამეწყვიტა, ძიუდოს დარბაზში წავსულიყავი თუ მძლეოსნობის სტადიონზე, სადაც სამხტომში ლაშა ღულელაურს ფინალურ ეტაპზე უნდა ეასპარეზა. საბოლოოდ ტრაბზონის გარეუბანში მდებარე სტადიონზე წასვლა ვარჩიე და, იმის მიუხედავად, რომ ძიუდოში ბექა ღვინიაშვილის (81 კგ) ჩემპიონობა გამოვტოვე, მაინც არ მინანია.

შეჯიბრებამდე ლაშას და მამამისს (რომელიც ამავდროულად ახალგაზრდა ათლეტის მწვრთნელიცაა) იუსუპ ღულელაურს გამოველაპარაკე. შევატყვე, რომ ორივე ღელავდა და არც გაემტყუნებათ. "ლაშას ტრავმა მადარდებს, ასპარეზობისას არ იჩინოს თავი, თორემ გარანტიას გაძლევთ, მედალს აუცილებლად მოიგებს. ათლეტი, ჩვეულებრივ, ასეთი დონის ტურნირებზე იწრთობა და ლაშაც უდიდეს გამოცდილებას შეიძენს. კონკურენციის არ უნდა გეშინოდეს, პირიქით - უნდა გიხაროდეს, წინსვლა თუ გინდა. ღმერთმა თუ ინება და მედალი მოვიგეთ, ლაშასთვის ეს უდიდესი სტიმული იქნება", - მეუბნება ბატონი იუსუპი.

ღულელაურმა მართლაც სასწაული მოახდინა. მტკივანი წელით საკუთარ თავს ზემოთ ახტა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. და არ იკითხავთ ჩემპიონობამდე რა დააკლდა? სულ რაღაც ერთი სანტიმეტრი. იგი მრისხანე მეტოქეებს არ შეუშინდა. ყოველ ჯერზე შედეგებს აუმჯობესებდა და, როდესაც მესამე ცდის შემდეგ ტაბლოზე 15.49 მეტრი დაეწერა, თვალებს არ ვუჯერებდით - ეს ხომ პირველ ადგილს ნიშნავდა.

12 ფინალისტიდან თავიდანვე გამოიკვეთა სამი ფავორიტი, რომლებიც ოქროსთვის იბრძოლებდნენ: ქართველი, ფრანგი და შვეიცარიელი. საბოლოოდ ნეიტრალური ქვეყნის შვილმა ჩვენებურს ერთი სანტიმეტრით აჯობა. ბუნებრივია, შეჯიბრების შემდეგ ყველას დაგვწყდა გული, მაგრამ ამავდროულად ღულელაურის ვერცხლმაც გაგვახარა. გავკადნიერდები და ვიტყვი: სათანადო ხელშეწყობა თუ იქნა და ლაშას ვარჯიში და საერთასორისო ტურნირებში სისტემატური ასპარეზობები არ მოაკლდება, იგი სახელოვანი სამხტომელის ვიქტორ სანეევის კვალს ღირსეულად გააგრძელებს. ღულელაური მესამე სპორსტმენია, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე "სპორტის დედოფალში" მედალი მოუტანა. მანამდე ბირთვის კვრაში ზურაბ გიგაიამ 2001 წელს ბრინჯაო, ხოლო მამუკა ტუღუშმა 2003 წელს ოქროს მედლები მოიპოვეს.

სანამ ჩვენ ლაშა ღულელაურს ვქომაგობდით, ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი ერთი-მეორის მიყოლებით აკრავდა ტატამზე მოწინააღმდეგეებს. ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა გერმანელი, ესტონელი, რუსი, ლატვიელი მეტოქეები და საქართველოს დელეგაციას ტრაბზონში პირველი ოქროს მედალი მოუტანა. დილით ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ამბობდა, მესიზმრა, ვითომ მოკრივეთა შეჯიბრება იყო და ტაისონმა გაიმარჯვაო. შემდეგ ბექას მიუბრუნდა და ჰკითხა - შენ ხომ მეტსახელად "ტაისონას" გეძახიან, - ჰოდა, ნუ ნერვიულობ, სიზმრები ყოველთვის კარგად მიხდებაო.

ლევან გუგავამ (73 კგ) სტარტზე დასანანი მარცხი განიცადა ჰანტეით რუს მოწინააღმდეგესთან, მაგრამ შემდეგ ძალ-ღონე მოიკრიბა და ბერძენი, პორტუგალიელი, ებრაელი და ლატვიელი ძიუდოისტები დამაჯერებლად დაამარცხა, რითაც ბრინჯაო დაიმსახურა.

საღამოს ოლიმპიურ სოფელს სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი ესტუმრნენ და სპორტსმენებს შეხვდნენ. გია ნაცვლიშვილმა ჩემპიონ-პრიზიორებს წარმატება მიულოცა და გუნდის სხვა წევრებსაც გამარჯვება უსურვა.

ამრიგად, 27 ივლისის მონაცემებით ჩვენი გუნდი ორი ბრინჯაოს მედლით 27-ე ადგილზე იმყოფებოდა, სულ კი მედლები 30 ქვეყნის სპორტსმენებს ჰქონდათ

მოპოვებული. დღევანდელი მედლებით, სავარაუდოდ, წინ 10-12 საფეხურით უნდა წავიწიოთ.

დღეს, 29 ივლისს "ტრაბზონი 2011"-ის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ქართველთაგან მხოლოდ ძიუდოისტები - შალვა ჩოჩელი და გახსნის ცერემონიალზე ჩვენი მედროშე გიორგი ლაზუაშვილი იასპარეზებენ. დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრი ძიუდოს დარბაზისკენ ავიღებთ გეზს, რათა ჭაბუკი გავამხნევოთ და იქნებ კიდევ ერთხელ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი.

კახა ბერიძე ტრაბზონიდან

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი