ბრაზილიის ნაკრებმა ულაპარაკოდ სძლია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს - 2:0.

ნიუ ჯერსის "რედ ბულ არენაზე" წარმატებული გამოდგა "სელეშაოს" ახალი თავკაცის, მანო მენეზეშის დებიუტი, ბრაზილიის ნაკრებმა ულაპარაკოდ სძლია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს - 2:0. გუნდის დებიუტანტ ნეიმარს სულ რაღაც 28 წუთი დასჭირდა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლის გასატანად. ტაიმის მიწურულს თავი "მილანის" ფორვარდმა ალეშანდრე პატუმ გამოიჩინა, მას შემდეგ, რაც ერთი გოლი (სავსებით სამართლიანად) არ ჩაუთვალეს.

ამერიკის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი იყო ისეთი, რომელსაც მუნდიალზე არ უთამაშია, ტანმაღალი მცველი ომარ გონსალესი საერთოდ პირველად იყო ნაკრების სასტარტოში, ხოლო ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე ალეხანდრო ბედოიამ ითამაშა. დანარჩენ გუნდს კი გამოცდილი ვეტერანები შეადგენდნენ: ბოკანეგრა, ჰოვარდი, დონოვანი და სხვები. სრული კონტრასტული სურათი იყო მოწინააღმდეგე გუნდში, მენეზეშმა, ფაქტობრივად, ახალი ბრაზილია ათამაშა. 11-ეულში მხოლოდ ოთხმა ითამაშა სამხრეთ აფრიკაში: დანი ალვეშმა, რობინიომ, ტიაგო სილვამ და რამირესმა.

ახალგაზრდულმა ბრაზილიამ მეტოქეს ყველაფერში აჯობა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების კართან თითქმის არ შექმნილა სახიფათო მომენტი. ბობ ბრედლი ტიმ ჰოვარდს უნდა უმადლოდეს, რომ ამერიკამ უფრო დიდი სხვაობით არ წააგო. ბრაზილიელთა შემადგენლობაში კაპიტნის სამკლავური რობინიომ მოირგო, როგორც ყველაზე გამოცდილმა "პენტაკამპეონეთა" შემადგენლობაში.

ნეიმარმა გოლი მარცხენა ფლანგიდან ანდრე სანტოსის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ნაკრებში პირველი გოლი სამბათი აღნიშნა. მეორე გოლი კი ბრაზილიელთა ბრწყინვალე კომბინაციას მოჰყვა, რომელიც რამირესის პასის შემდეგ პატუმ დაასრულა, მან მოატყუა ჰოვარდი და ცარიელ კარში გაიტანა. მეორე ტაიმში გატანასთან ყველაზე ახლოს რობინიო იყო, კაპიტანმა ნეიმარის დარტყმულს დაამატა, მაგრამ ბურთი ამერიკელთა კარის ძელს გაარტყა. ამის შემდეგ კი მწვრთნელებმა სათადარიგოებს მისცეს თავის გამოჩენის შანსი. ერთ-ერთი მათგანისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა, ედერსონმა ნეიმარი 72-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ ორ წუთში ტრავმა მიიღო და ადგილი კარლოს ედუარდოს დაუთმო.

თამაშის შემდეგ ბრედლი სწორედ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ნაკრებში სიახლე ვერ დაინახეს. "როცა თამაშისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე გაქვს. შეუძლებელია დაუძახო, რომელიმე ახალგაზრდას და მეორე დღესვე ბრაზილიის წინააღმდეგ შეუშვა სათამაშოდ. ვეტერანებიც საკმაოდ მოტივირებულნი არიან, მით უმეტეს ბრაზილიის წინააღმდეგ კარგად თამაში ნებისმიერს სურს. ფეხბურთელები მანქანები არ არიან, მათ ამ ეტაპზე მეტი არ შეუძლიათ", - ასე უპასუხა ბრედლიმ ჟურნალისტებს.

მანო მენეზეში: "ყველაზე მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებამ გამახარა. ისინი წარმატებულნი არიან თავიანთ კლუბებში და ახლა ეროვნული ნაკრების მომავალ წარმატებებს უყრიან საფუძველს. ფეხბურთელებმა კარგი მონაცემები გამოამჟღავნეს, ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა".

ერთი ორი სიტყვით ბრაზილიელთა დებიუტანტ ნეიმარზეც ვთქვათ. ის 18 წლისაა და "სანტოსში" თამაშობს. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მას დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. ფეხბურთელის საბაზრო ფასი დღეისათვის 30 მილიონი ევროა, ყველაზე მეტად ნეიმარის შეძენით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. წლეულს მან ბრაზილიის თასის მერვედფინალში "გუარანის" ხუთი გოლი გაუტანა. პელე და რომარიო დუნგას ურჩევდნენ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა მუნდიალზე წაეყვანა, ფანებმა 14-ათასიანი პეტიციაც გააგზავნეს "სელეშაოს" თავკაცის სახელზე, მაგრამ დუნგამ მათი თხოვნები არ შეისმინა. მწვრთნელმა ნეიმარზე და მის თანაკლუბელ განზოზე თქვა, რომ ორივე დიდი ტალანტია, მაგრამ მუნდიალზე ნაკრებს არაფერში გამოადგებიანო. ნეიმარმა დუნგას პასუხი გუშინ ჩინებული თამაშით გასცა, როცა ამერიკელთა კარში თითქმის ყველა შეტევაში მიუძღვოდა წვლილი. კარგად ითამაშა განზომაც, რომელსაც პრესტიჟული "ათიანი" ეცვა, მეორე საგოლე კომბინაცია სწორედ მან წამოიწყო...

აშშ-ბრაზილია 0:2

აშშ: ჰოვარდი (46. გუზანი) - სპექტორი, გონსალესი, ბოკანეგრა (61. გუდსონი), ბორნსტეინი - ბედოია (67. გომესი), ბრედლი, ედუ (46. კლისტანი), ფეილჰაბერი - დონოვანი (62. ფინდლი), ბადლი (46. ალტიდორი).

ბრაზილია: ვიქტორი (75. ედუარდო) - დ. ალვეში, ტაიგო სილვა, ლუიზი, ანდრე სანტოსი (68. - ლუკასი, რამირესი, განზო (89. ჟუსილეი), რობინიო (81. ტარდელი) - ნეიმარი (72. ედერსონი (75. კარლოს ედუარდო), პატუ (68. ანდრე).

გოლები: 0:1 ნეიმარი (28), 0:2 პატუ (45)

მაყურებელი: 77 223

ლელო

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...