საქართველოს XXII ჩემპიონატი. I ტურის მიმოხილვა
ვერაფერს ვიტყვით: საქართველოს XXIII ჩემპიონატი მართლაც "ხალისიანად" დაიწყო! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ექვს მატჩში 19 გოლი გავიდა და იმედი დავიტოვოთ, ასეთი შედეგიანობა სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს.

შედარებისათვის: წინა სეზონში, 36 ტურის განმავლობაში შედეგიანობის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ 19 გოლი იყო და ეს შედეგი სეზონის ფინიშისკენ (XXIII ტურში) დაფიქსირდა. მოკლედ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი აუცილებლად გაუმჯობესდება - ბოლოს და ბოლოს, წინა სეზონისგან განსხვავებით ამჟამად უმაღლეს ლიგაში ხომ უფრო მეტი გუნდი ასპარეზობს.

აქვე, რახან პარალელებზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ წინა სეზონში სამი უხვგოლიანი მატჩი გვქონდა: "დინამო"-"სამტრედია" (7:1), "ზესტაფონი"-"სამტრედია" (7:0) და "ზესტაფონი"-"ბაია" (6:1). და აი, ახალი სეზონის პირველსავე ტურში შვიდგოლიანი სანახაობაც შედგა: "ვიტ ჯორჯიამ" უაღრესად დრამატულ შეხვედრაში გორის "დილას" 4:3 მოუგო!

განსაკუთრებული მატჩი

ახალი სეზონი "ვიტ ჯორჯია"-"დილას" მატჩით გაიხსნა და XXIII ჩემპიონატის პირველი გოლიც სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა: თავი გიგა ჯუღელმა გამოიჩინა! აღსანიშნავია, რომ ეს იყო 19 წლის გარემარბის სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში, თუმცა ამ შეხვედრაში სხვაც ბევრი მოხდა დასამახსოვრებელ-აღსანიშნავი; ჯერ ერთი, მართლაც არა ვართ განებივრებულნი ისეთი მატჩებით, მოულოდნელი სცენარით რომ მიმდინარეობს და საბოლოოდ, შვიდ გოლსაც რომ იხილავს გულშემატკივარი; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ეს მატჩი საშინაო არენაზე ჩაატარა - პირველად, 2008 წლის გაზაფხულის შემდეგ!

მოგეხსენებათ, რომ მცხეთის "არმაზის" სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდებოდა და სამი სეზონის განმავლობაში "ვეტერინარები" საშინაო შეხვედრებს ბორჯომში, გორში, რუსთავსა თუ თბილისის სხვადასხვა სტადიონებზე ("ლოკომოტივი", "ეროვნული", "შატილი") ატარებდნენ. და აი, განახლებულ სტადიონზე ჩატარებულ პირველსავე მატჩში მოპოვებული გამარჯვებაც; თანაც, ამიერიდან მცხეთის სტადიონს "არმაზის" ნაცვლად "მცხეთა-პარკი" ერქმევა! მოგეხსენებათ, გემოვნებაზე არ დავობენ და თუ ინგლისში არქმევენ სტადიონებს "აპტონ პარკსა" თუ "ვილა პარკს", რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც იგივე განხორციელდეს? მით უფრო, რომ ჩვენში დღესდღეობით ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ სწორედ ინგლისურთან "კავშირში" უნდა იყოს.

სადებიუტო შეხვედრები, სადებიუტო გოლები

გიგა ჯუღელის სადებიუტო გოლი ვახსენეთ და მის გარდა პირველ ტურში სხვა დებიუტანტებიც უნდა გამოვარჩიოთ. მოდი, ჯერ მწვრთნელებზე ვთქვათ, მით უფრო, რომ ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტმა პირველად გამოიყვანა თავისი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში! თუმცა, ყველა მათგანს სხვადასხვა "ხასიათის" დებიუტი ჰქონდა: ესპანელმა ალექს გარსიამ ("დინამო") საქართველოს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა აი, გია ცეცაძეს ("დილა"), მალხაზ ჟვანიას ("მარტვილი") და ჯონი ჯაგიდისისა და ვახტანგ ჩაგელიშვილის "დუეტის" ("სიონი") დებიუტი კი მარცხიანი აღმოჩნდა.

ეგ არაფერი - წინ უამრავი მატჩია და ამ მწვრთნელების პირველი გამარჯვებებიც, როგორც იტყვიან, დროის საქმეა. აქვე, კიდევ ერთი სამწვრთნელო დებიუტიც უნდა ვახსენოთ: ტურის ცენტრალურ მატჩში ("ტორპედო"-"ზესტაფონი") სტუმართა გუნდს გია გეგუჩაძის არყოფნაში ახალგაზრდა სპეციალისტი გია ჭიაბრიშვილი მოძღვრავდა და გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი ძლიერ მეტოქესთან გამარჯვებით დაიწყო.

ახლა კი სადებიუტო გოლებზეც, თანაც საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში "ესპანური გოლებიც" ვნახეთ: "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერებმა, 23 წლის კოტომ და 30 წლის ჩისკომ ევროპის ლიგაზე დაწყებული შედეგიანი თამაში საქართველოს ჩემპიონატშიც გააგრძელეს! კოტოსა და ჩისკოს გარდა, საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს 26 წლის ესპანელმა იაგუემ ("დინამო"), 26 წლის უკრაინელმა ვლადიმირ ორდინსკიმ ("გაგრა") და მარტვილის კოტ"დივუარელმა ლეგიონერებმაც - 22 წლის იატრომ და 20 წლის ტაპემ.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ 24 წლის ნოდარ ნოზაძის სადებიუტო გოლ(ებ)ი უმაღლეს ლიგაში, - გორის "დილას" ნახევარმცველი ჩემპიონატში პირველი "დუბლის" ავტორიც გახდა! ასევე პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ; გაგრძელება კიდევ იქნება.

დაბრუნებები...

"ვიტ ჯორჯია" სამწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა თავის მშობლიურ სტადიონს და ზუსტად ამდენი ხანი ველოდით უმაღლეს ლიგაში გორის "დილას" გამოჩენასაც. სხვათა შორის, ფეხბურთის გულშემატკივრებს გვინდა შევახსენოთ, რომ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული სეზონების მიხედვით "დილა" მხოლოდ სამ გუნდს ჩამორჩება - თბილისის "დინამოს", "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს".

უფრო ნაკლები, ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ უმაღლეს ლიგას გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე, - ეს ახალგაზრდა მწვრთნელთა "დუეტი" ამჯერად ქუთაისის "ტორპედოს" მოძღვრავს. აი, რაც შეეხება ანატოლი პისკოვეცს, უკრაინელი სპეციალისტი უმაღლეს ლიგაში "გაგრასთან" ერთად ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პირველსავე ტურში დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა!

და კიდევ ერთ "დაბრუნებულზეც": გორის "დილას" გამოცდილ შემტევს, 30 წლის რომან ახალკაცს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უკანასკნელად გოლი 7 წლის წინათ ჰქონდა გატანილი და აი, ამხელა პაუზის მერე პირველად გამოიჩინა თავი.

გამორჩეული მატჩები

რატი წინამძღვრიშვილს უმაღლეს ლიგაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, როცა "ამერის" ღირსებას იცავდა. მერე იყო უმძიმესი ტრავმები, რის გამოც, ფაქტობრივად, ორწელიწადნახევარი გაუცდა; თუმცა "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ახალგაზრდა ფორვარდს ფეხბურთში დაბრუნების შანსი მისცა და წინამძღვრიშვილმაც ეს ნდობა გოლებით გაამართლა! შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში წინამძღვრიშვილმა მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და ცამეტივეჯერ შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა! და აი, 23 წლის ფორვარდის პირველი გოლი "ზესტაფონის" შემადგენლობაში, ოღონდ, როგორც ძირითადის ფეხბურთელის "როლში"!..

I ტურის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად, ვინმემ, შესაძლოა, ფოთის "კოლხეთის" სტუმრად მოპოვებული ქულა მიიჩნიოს. თუმცა, ვინც "მეტალურგისა" და "კოლხეთის" მატჩს თვალი მიადევნა, დაგვეთანხმება, რომ ფოთელებმა რუსთავიდან დამსახურებული ქულა წაიღეს.

ეგ კი არა, სტუმრებს რომც მოეგოთ, არც ეს იქნებოდა გასაკვირვი - "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფილიამ აბსოლუტურად სწორი ტაქტიკური სქემა აირჩია და ევროპალიგაგამოვლილ მეტოქეს აქეთ "მოახვია" აგრესიული თამაში. ისე, რაც ფილია "კოლხეთში" დაბრუნდა, რუსთავულმა გუნდმა ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ შეძლო: წინა სეზონში ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა (ფოთში), მეოთხე წრის შეხვედრა კი ფოთელებმა სტუმრად მოიგეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ წინა სეზონში იყო (ოღონდ, ორივე გუნდს სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ), როცა პირველი წრის შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" მართლაც სასტიკი მარცხი აგემა რუსთავის "ოლიმპს" (5:1). ჰოდა, რუსთაველებისთვის თუ რომელიმე გუნდზე ითქმის უხერხული მეტოქეაო, ასეთი სწორედ "კოლხეთია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi giorgadze
ვიტ ჯორჯიასა და გორის დილას მატში გასული გოლები შეგიძლიათ ნახოთ აქ http://www.facebook.com/video/video.php?v=243988815633717&oid=128188180559897&comments
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა