მონრეალის მასტერსზე მთავარი სენსაცია მოქმედი ჩემპიონის, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის ენდი მიურეის სენსაციური მარცხი აღმოჩნდა
თანდათან ძალას იკრებს მონრეალის მასტერსი, რომლის მეორე სათამაშო დღეს მთავარი სენსაცია აღმოჩნდა მოქმედი ჩემპიონის, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის ენდი მიურეის სენსაციური მარცხი.

ბრიტანელი ჩოგბურთელისთვის კანადური მასტერსი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ენდი აქ არავის უთმობდა პირველობას. თითქოს წელსაც ყველაფერი წესრიგში იყო. შოტლანდიელი საშინაო უიმბლდონის შემდეგ პირველ ტურნირს თამაშობდა. იქ მიურეი ზედიზედ მესამე გავიდა ნახევარფინალში და ისევ წააგო. მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. მით უმეტეს, რომ მისი მეტოქე კევინ ანდერსონი ბოლო დროს განსაკუთრებულ საოცრებებს არ ჩადიოდა.

მაგრამ ენდიმ პირველივე გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე. სამხრეთამერიკელი, თავის მხრივ, დამაჯერებლად აწოდებდა, რითაც სეტის ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება. ისე ჩანდა, რომ ბრიტანელი უბრალოდ ვერ შევიდა თამაშში. ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, ყოველთვის კარგად ვერ მიდიოდა ბურთთან და ვერ გრძნობდა თამაშს. თანაც ბრიტანელს საკუთარი მოწოდებაც ვერ ეხმარებოდა. საბოლოოდ, მეორე პარტიაში ანდერსონმა სამი ბრეიკი გააკეთა, იმ დროს, როცა მიურეიმ მეტოქის მოწოდებას ვერაფერი მოუხერხა - 3:6, 1:6. ენდისთვის ეს მესამე სერიოზული ჩავარდნაა სეზონის მესამე საჰარდო მასტერსზე: ინდიან უელსსა და მაიამიშიც ბრიტანელი ასევე ორ სეტში აგებდა პირველი წრის მატჩებს.

"ყველაფერს ნელა ვაკეთებდი, თანაც მეჩვენებოდა, რომ თამაში ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ასეთი რამ წელს უკვე დამემართა. კარგად ვემზადებოდი და ბევრს ვვარჯიშობდი, რათა ამ მასტერსს ოპტიმალურ ფორმაში შევხვედროდი. ჩვეულებრივ, კანადაში კარგად ვთამაშობ. მაგრამ დღეს ბევრი არაფერი გამომდიოდა. ორივე სეტი საშინლად დავიწყე, ხოლო ისეთ მოთამაშესთან, როგორიც კევინია, ასეთი რამ დაუშვებელია. თავიდანვე მისთვის ინიციატივის მიცემის შემდეგ აღარაფრის შეცვლა არ შემეძლო", - განაცხადა მატჩის შემდეგ მიურეიმ.

ბრიტანელმა რეიტინგში 1000 ქულა დაკარგა. მართალია, ამ ეტაპზე კლასიფიკაციაში მის მეოთხე ადგილს ვერავინ დაემუქრება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ როჯერ ფედერერს ბევრით ჩამორჩა. ანდერსონი კი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. მან 2011 წელს მოგებათა რიცხვი 29-მდე აიყვანა, წინა პირადი რეკორდი კი 14 გამარჯვებას უდრიდა (2010 წელი). სამხრეთამერიკელმა ყველაზე კარგად გაზაფხულზე მაიამის მასტერსზე ითამაშა, სადაც მეოთხედფინალამდე გააღწია.

ანდერსონი ერთადერთი იყო, ვინც იმ დღეს მესამე წრის საგზური მოიპოვა. მეორე წრის დანარჩენი მატჩების ჩატარებას წვიმამ შეუშალა ხელი. ამიტომაც მაყურებელი პირველი რაუნდის შეხვედრათა ცქერით დაკმაყოფილდა.

ამ ეტაპზე ბრძოლას ორი განთესილი გამოეთიშა. ერთ-ერთი იყო რუსი მიხაილ იუჟნი, რომელმაც თანაბარი თამაში ჩაატარა ფრანგი მიკაელ ლოდრას წინააღმდეგ. ყველაფერი მესამე სეტის ბოლოს გადაწყდა, როცა იუჟნიმ მეტოქეს მატჩზე არ ჩააწოდებინა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ვერ ივარგა - 3:6, 6:3, 7:6(4).

ასევე მოულოდნელობა იყო ჟილ სიმონის ორი სეტში წაგება გერმანელ ფილიპ პეტცშნერთან. მეცხრე ნომრად განთესილი ფრანგი ძალიან პასიურად გამოიყურებოდა, გარდა ამისა, მისი მეტოქე არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებდა. პეტცშნერმა ორი თვის წინ ჰალეს ფინალში ითამაშა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი ტურნირის პირველი წრე წააგო და რეიტინგში მე-80 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მეორე ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება რიშარ გასკეს გამარჯვებით დასრულდა. ფრანგმა ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია ფლორიან მაიერთან მატჩში და ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:2. აღსანიშნავია, რომ გასკესთვის ეს იყო 250-ე გამარჯვება ATP-ის ტურში.

გასკემდე ბევრი უკლია კანადელ ვაშეკ პოსპიშილს. მან მოულოდნელად ორ საათსა და 23 წუთში დაამარცხა არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელა და პროფესიულ ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა ჩოგბურთელმა 2:4-დან შეძლო მესამე სეტის გადარჩენა.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

რიშარ გასკე (საფ, 10)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 6:2; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 4:6, 6:3, 6:4; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ჟილ სიმონი (საფ, 9) 7:5, 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:2, 7:5; მიკაელ ლოდრა (საფ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 11) 3:6, 6:3, 7:6(4); ვიქტორ ტროიცკი (სერ, 12)-მაიკლ იანი (აშშ) 2:6, 6:3, 6:1; მაიკლ რასელი (აშშ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:5, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 7:5, 6:1.

II წრე

კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა