საფეხბურთო გერმანიამ და მთლიანად ევროპამ დაასკვნა: პატარა მარიო უკვე დიდია!
გერმანია-ბრაზილია 3:2

გერმანია (4-1-4-1): ნოიერი - ტრეში, ჰუმელსი (88. ბოატენგი), ბადშტუბერი, ლამი - შვაინშტაიგერი (85. როლფესი) - თ. მიულერი, გიოტცე (88. კაკაუ), კროოსი, პოდოლსკი (46. შიურლე) - გომესი (46. კლოზე).

ბრაზილია (4-2-2-2): ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, ანდრე სანტოსი - რალფი, რამირესი (86. ლუის გუსტავო) - ფერნანდინიო (69. განსო), რობინიო (86. რენატო) - ნეიმარი, პატო (77. ფრედი).

გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (61-პენ), 2:0 გიოტცე (67), 2:1 რობინიო (71-პენ), 3:1 შიურლე (80), 3:2 ნეიმარი (92)

გაფრთხილება: განსო

მაყურებელი: 54 767

მატჩის დღეს გერმანული გაზეთი "ბილდი" წერდა, იოახიმ ლიოვი მარიო გიოტცეს აუცილებლად ათამაშებსო და მართლაც, იოგიმ "დორტმუნდის" 19 წლის ვარსკვლავი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა და კიდევ კარგი, რომ ასე მოიქცა: მარიომ ბრაზილიელ მცველებს თავბრუ დაახვია. სხვათა შორის, ეს იყო გიოტცეს პირველი თამაში ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში და დღეს მთელი საფეხბურთო გერმანია ერთხმად ამბობს, ეს ბიჭი სასტარტოდან აღარასოდეს ამოაგდოთო.

უნიჭიერესმა ნახევარმცველმა თავის მეშვიდე სანაკრებო შეხვედრაში ბრწყინვალე იყო და ასი პროცენტით გაამართლა ის მეტსახელი, დორტმუნდში რომ შეარქვეს - "გიოტცინიო". მარიო ბრაზილიასთან მოგებულ ამხანაგურ, მაგრამ მაინც ისტორიულ შეხვედრაში მოედანზე საუკეთესო იყო.

სამიდან ორი გოლი უშუალოდ გიოტცეს დამსახურება გახლდათ. ბასტიან შვაინშტაიგერის პენალტამდე სწორედ მან მისცა უზადო პასი ტონი კროოსს, ეს უკანასკნელი კი ლუსიომ წააქცია. შვაინიმ თერთმეტმეტრიანი უპრობლემოდ გაიტანა და გერმანელები დააწინაურა. მეორე გოლი კი, "გიოტცინიომ" უკვე თავად შეაგდო - ეს 67-ე წუთზე მოხდა: გერმანელებმა სწრაფად შეუტიეს, კლოზემ კროოსს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი გიოტცეს გაატანა, რომელმაც ჟულიო სეზარს გვერდი მოხდენილად აუარა და თითქმის ცარიელი კარი (ლუსიომ გარკვეულწილად ჩაასწრო) მახვილი კუთხიდან დალაშქრა.

"გაოცებული ვარ! მარიო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რაღაც-რაღაცებს კი მართლა გენიალურად აკეთებს. ბრავო!" - მართლა გაოგნებული იყო ლიოვი.

"მოედანზე გატარებული თითოეული წამით ძალიან ვისიამოვნე. მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მე კი პირველ რიგში ის გამიხარდა, რომ გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ცხოვრებაში პირველად ვითამაშე. ცხადია, ფანტასტიკურია ისიც, რომ ბრაზილიასთან მოვიგეთ და მე გოლიც გავიტანე," - ეს კი თავად მარიოს სიტყვებია.

ზოგადად, გერმანიის ნაკრების გამარჯვება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ასი პროცენტით დამსახურებული იყო. აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ბრაზილიას 1993 წლის შემდეგ პირველად მოუგო. "სელესაოს" მთავარი შემსრულებლები, ნეიმარი და პატო კი დაკარგულები იყვნენ - ბუნდესგუნდის ცენტრალურმა მცველებმა მატს ჰუმელსმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა იმდენად კარგად ითამაშეს, რომ პატოსა და ნეიმარს თავიანთი ნიჭი ფაქტობრივად არ გამოუვლენიათ. "სელესაომ" პირველი გოლი პენალტით გაიტანა (ლამმა დანი ალვეში მოცელა, თერთმეტმეტრიანი რობინიომ გარდასახა), მეორე კი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე (ნეიმარის შორეული დარტყმა მანუელ ნოიერისთვის აუღებელი გამოდგა).

გიოტცესთან ერთად, გერმანიის ნაკრებიდან უდავოდ შვაინშტაიგერი უნდა გამოვარჩიოთ. უნდა ითქვას, რომ გერმანელებმა თამაში ინერტულად დაიწყეს და სწორედ შვაინშტაიგერი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც მოინდომა და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. გარდა ზუსტად შესრულებული პენალტისა, შვაინიმ მესამე გოლშიც ლომის წვლილი შეიტანა, როცა ვიზავის ბოლომდე ებრძოლა, ბურთი აართვა, მერე კი ანდრე შიურლეს საგოლედ უპასა.

მოკლედ, გერმანიას ბრაზილია შემოეჩაგრა და მარიო გიოტცეც უკვე ძალიან კარგად გავიცანით. ახლა საინტერესოა, რა მოხდება ბუნდესგუნდში, როცა ლიოვი მესუთ იოზილს დააბრუნებს. ფაქტია, იოგის გიოტცეს ამოგდება გაუჭირდება და ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ იოზილის დაბრუნებას ნახევარდაცვაში ლუკას პოდოლსკი შეეწირება. პოლდიმ ბრაზილიასთან, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა. სხვათა შორის, იგივე ეხება მარიო გომესსაც.

"არავის და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავს," - თქვა შვაინშტაიგერმა საფინალო სასტვენის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ერთს დავამატებთ: ...და საოცარი "გიოტცინიო"!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ