გუშინ, 12 აგვისტოს მონრეალისა და ტორონტოს ტურნირებზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მორიგი სენსაციები დაფიქსირდა
გუშინ, 12 აგვისტოს მონრეალისა და ტორონტოს ტურნირებზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მორიგი სენსაციები დაფიქსირდა. ბრძოლას გამოეთიშნენ: როჯერ ფედერერი, მარია შარაპოვა, როლან გაროსისა და უიმბლდონის ჩემპიონები - ნა ლი და პეტრა კვიტოვა...

მონრეალის მასტერსზე მორიგი სენსაციის ავტორი გახდა ჟო-ვილფრიდ ცონგა. თუმცა ფრანგმა ისე შეგვაჩვია ფედერერის დამარცხებებს, რომ, შესაძლოა, თავად სულაც არ თვლიდეს როჯერის ბარიერის გავლას სენსაციად. ბოლოს ეს ჩოგბურთელები უიმბლდონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ცონგამ 0:2-დან მოუგო მეოთხედფინალი თანამედროვე ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას.

პირველ სეტში ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, თუმცა ბოლოსკენ ფედერერმა მოუმატა და სამი ბრეიკ-პოინტიც მიიღო. აქედან ერთ-ერთი სეტბოლი იყო, თუმცა როჯერმა შანსი ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე კი ცონგამ შანსი არ დაუტოვა შვეიცარიელს - 7:6(7:3).

მეორე სეტის სტარტზე როჯერმა იძალა და ბრეიკი გააკეთა. ცონგას შეეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, როცა 3:4-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ეს შანსი არარეალიზებული დარჩა და შვეიცარიელმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4. ამ პარტიის ბოლოსკენ ჟო-ვილფრიდმა ისევ იპოვნა შემტევი თამაში და ამან მესამე სეტში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ცონგა შეტევაში იდეალურად მოქმედებდა და მის ფონზე ფედერერის თამაში გაფერმკრთალდა. ფრანგი ორი ბრეიკის წყალობით 5:0 დაწინაურდა და როჯერმა შემდეგ მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოასწრო.

ცონგა მეოთხედფინალში ესპანელ ნიკოლას ალმაგროზე გავიდა, რომელმაც ორ სეტში მოუგო ფრანგ რიშარ გასკეს, თუმცა პირველ პარტიაში ხუთი სეტბოლის მოგერიება მოუწია.

კიდევ რამდენიმე მატჩში გახდა საჭირო სამი სეტის ჩატარება. მასპინძელმა მარდი ფიშმა ლატვიელ ერნესტ გულბისს ორი კვირის წინ ლოს ანჯელესის ფინალში წაგებისთვის აუღო რევანში. სტანისლას ვავრინკასაც გაუჭირდა ენდი მიურეის მძლეველი კევინ ანდერსონის დამარცხება, მაგრამ ყველაზე მეტად გაელ მონფილსმა იწვალა, რომელსაც სერბ ვიქტორ ტროიცკისთან მეორე სეტში სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია, მესამე სეტში კი მატჩზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს.

მონფილსი მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. სერბმა სეზონში საიუბილეო - 50-ე გამარჯვებას ხორვატ მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ მიაღწია, თუმცა მის მოქმედებას იდეალურამდე ბევრი აკლდა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა ჩილიჩს ექვსიდან ექვსი მატჩი მოუგო. ასეთივე სტატისტიკა აქვს მას მომავალ მეტოქესთან - გაელ მონფილსთან.

არ გაუმართლა კიდევ ორ ხორვატს - ივო კარლოვიჩსა და ივან დოდიგს. ეს უკანასკნელი ისე გამოიფიტა ფიზიკურად და ემოციურად რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ, რომ თითქმის უბრძოლველად წააგო იანკო ტიპსარევიჩთან - 1:6, 4:6.

სასწაულებს ახდენს ქალთა ტურნირზე ყაზახი გალინა ვოსკობოევა. ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილმა ჩოგბურთელმა ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშა ბრძოლას მარიან ბარტოლი, ფლავია პენეტა და მარია შარაპოვა.

ეს ჩოგბურთელი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ სეზონის დასაწყისში დაბრუნდა ტურში. რეიტინგში სადღაც მეშვიდე ასეულში ეჭირა ადგილი, მაგრამ თანდათან ზემოთ აიწია და ბაქოს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით საუკეთესო ასეულს მიუახლოვდა. ახლა კი ყაზახი ფორმის პიკზე გავიდა და ტორონტოში ავტორიტეტებს არ უშინდება.

შარაპოვასთან მატჩის პირველ სეტში მან ერთი ბრეიკის წყალობით გაიმარჯვა, მეორეში კი გაუჭირდა, რადგან რუსი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ მოწოდებამ დააღალატა. ვოსკობოევამ ორივეჯერ დაიბრუნა დაკარგული, შემდეგ 40:0-ზე სამმაგი მატჩბოლი გაანიავა, თუმცა იქვე კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და მეოთხედფინალში გავიდა, რისი წყალობითაც ორშაბათს რეიტინგის პირველ ასეულში შეაბიჯებს, შარაპოვა კი ორი პოზიციის დაქვეითდება და წინ გაუშვებს ჩინელ ნა ლისა და ჩეხ პეტრა კვიტოვას.

სხვათა შორის, ამ ჩოგბურთელებს ("დიდი სლემის" ბოლო ორი ტურნირის ჩემპიონები) მერვედფინალში იმედგაცრუება ელოდათ. განსაკუთრებით შეირცხვინა თავი უიმბლდონის ტრიუმფატორმა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც მხოლოდ სამი გეიმი აართვა გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს. რაც შეეხება როლან გაროსის ჩემპიონ ნა ლის, მან მეტნაკლებად გაუწია წინააღმდეგობა ავსტრალიელ სამანტა სტოსურს, მაგრამ მაინც ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 4:6. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ჩინელს სამანტასთან საშინელი სტატისტიკა აქვს - ოთხიდან ოთხი წაგება ისე, რომ ერთი სეტიც არ მოუგია.

ძირითად ბადეს არც ერთი რუსი აღარ შემორჩა. გასულ კვირას კარლსბადის ტურნირის ფინალში წაგებისთვის რევანში ვერ აიღო ვერა ზვონარევამ - ის ზედიზედ მეორედ დაამარცხა პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ.

კაროლინ ვოზნიაცკის ძლევის შემდეგ იტალიელმა რობერტა ვინჩიმ ანა ივანოვიჩსაც მოუგო და ამის ორშაბათიდან კარიერაში პირველად დაიმკვიდრებს ადგილს საუკეთესო ოცეულში.

ბოლო მეოთხედფინალური წყვილი ლუსი საფაროვამ და სერენა უილიამსმა შეადგინეს. ჩეხმა ორ სეტში დაამარცხა შარშანდელი როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე, სერენამ კი ძალიან ლამაზ მატჩში ჩინელ ჟიე ჟენგს სძლია. აზიელი შესანიშნავად მოქმედებდა კონტრშეტევებზე, მაგრამ მნიშვნელოვან გათამაშებებში ამერიკელის კლასი გადამწყვეტი იყო. საბოლოოდ, ორსაათიან ბრძოლაში სერენამ სამ სეტში მოიგო - 4:6, 6:3, 6:3.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 7:5, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 5)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 12) 3:6, 7:6(0), 7:6(5); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 7:6(3), 4:6, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 7:6(2); სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 4:6, 6:4; მარდი ფიში (აშშ, 6)-ერნესტ გულბისი (ლატ) 4:6, 6:3, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8)-რიშარ გასკე (საფ, 10) 7:6(5), 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:1, 6:4.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-მონფილსი (5); ცონგა (13)-ალმაგრო (8); ფიში (6)-ვავრინკა (14); ბერდიხი (7)-ტიპსარევიჩი.

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

1/8 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ვერა ზვონარევა (რუს, 3) 6:4, 7:6(4); ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:1, 6:2; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-მარია შარაპოვა (რუს, 5) 6:3, 7:5; სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-ნა ლი (ჩინ, 6) 6:2, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7) 6:1, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა)-ანა ივანოვიჩი (სერ) 7:6(3), 6:2; სერენა უილიამსი (აშშ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 4:6, 6:3, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 8) 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

ვინჩი-სტოსური (10); ა. რადვანსკა (13)-პეტკოვიჩი (11); ვოსკობოევა-აზარენკა (4); საფაროვა-ს. უილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს