ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა კიევში სქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქრო-ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი დაამთავრა
ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა კიევში ჩვენი ნაკრებისთვის მარცხიანად დაიწყო - ორი დღის განმავლობაში ვერც ერთი მედალი ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ამ უქმეებზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ჩემპიონატი 2-2 ოქრო-ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი დავამთავრეთ.

განსაკუთრებით წარმატებული შაბათი აღმოჩნდა. იმ დღეს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (81) გახდა, ვერცხლი ბექა დონღვანმა (73) მოიპოვა, რომელსაც კვარცხლბეკზე მხარს ბრინჯაოსმედალოსანი ლევან გუგავაც უმშვენებდა.

შაბათის ამ რანგის შეჯიბრებაზე კვარცხლბეკზე პირველად ვიხილეთ ერთბაშად ორი ქართველი, ხოლო ღვინიაშვილმა გაასამა - სეზონის მესამე უმთავრესი ტურნირიც მოიგო. კვირასაც ოფიციალურ შეჯიბრებაზე ასევე პირველად გაიმართა ქართული ფინალი - 90 კილოგრამში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა გურამ თუშიშვილმა ევროპის ვიცე-ჩემპიონ შალვა ჩოჩელს გაფრთხილებით მოუგო.

ქართული ფინალი ნამდვილად საამაყო მიღწევაა ახლო წარსულის ცნობილ ძიუდოისტთა სამწვრთნელო დუეტის - გიორგი ვაზაგაშვილისა და გიორგი რევაზიშვილისთვის, თუმცა ტრიუმფით ჩატარებული ევროპის წლევანდელი პირველობისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე კარგი გამოსვლისთვის ისინი უამისოდაც ქებას იმსახურებენ.

კიევური შეჯიბრების გამორჩეულ ქართულ ამბებზე ვსაუბრობთ და ერთიც ვთქვათ - გოგოების ტურნირში იყოჩაღა მარიამ ჯანაშვილმა (57), რომელიც უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ ორი წრე გაიარა და დამამშვიდებელში გადავიდა, რაც ჩვენი გოგოებისთვის იშვიათი შემთხვევაა. თან იქაც გაფრთხილებით წააგო. ეს მით უფრო სასიამოვნოა, რომ ჯანაშვილმა კარგი ჭიდაობით ტრაბზონშიც გამოიჩინა თავი, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ეტყობა, სამართლიანია სპეციალისტთა შეფასება, რომ მას ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.

სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მოვლენებს დავასწრებთ და ვიტყვით, რომ ღვინიაშვილი მიმდინარე წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის წოდების უმთავრესი პრეტენდენტია. მისი კიევური გამოსვლა წყლის წვეთივით ჰგავს ევროპის ჩემპიონატის შედეგს - ორივეგან ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო; მაშინაც და ახლაც ბოლო ორ წრეში უკრაინელები დაამარცხა - დავით ხარებავა და ბოჰდან ზუსკო. თანაც, მათ ახლაც იმავე ეტაპებზე სძლია, სადაც - ევროპაზე ანუ ნახევარფინალში კვლავაც თანამემამულე ხარებავა დაჯაბნა, ფინალში - ისევ ზუსკო.

წესით, ამის გაკეთება ახლა ბევრად უნდა გასჭირვებოდა, რადგან უკრაინელები შინ ჭიდაობდნენ, თუმცა ღვინიაშვილი კვლავაც მთელი თავით მაღლა იდგა მათზე. მანამდე კორეელი იონგილ კიმი და უზბეკი მუხრიდდინ მირზაიოროვიც ბეჭებით გააკრა ტატამს. ჩვენებურმა ოთხივე მათგანი შებოჭა. მას არ უჭირს მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანა, იქ კი კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი - წყალში.

თუშიშვილმა და ჩოჩელმა წლეულს ფინალში საქართველოს ჩემპიონატზეც იჭიდავეს. მაშინ ჩოჩელმა მოიგო, თუმცა ბევრის აზრით, მსაჯთა დახმარებით. მოგვიანებით ისინი ერთობლივად გამოვიდნენ ევროპაზე, სადაც ჩოჩელმა შედეგით აჯობა, ამჯერად კი უპირატესობა თუშიშვილის მხარეს იყო. კიევში მან თითქოს უფრო ლაღად და თავისუფლად იჭიდავა, ჩოჩელი კი მთელ რიგ შეხვედრებში ცოტათი შებოჭილი იყო. არ გამოვრიცხავთ, დატვირთულმა კალენდარმა ცოტათი გადაღალა კიდეც.

ევროპირველობის მსგავსად, თუშიშვილმა ტურნირი ისევ რუს ალექსანდრ გრაჩევს მოუგო სამი იუკოთი. მერე იტალიელი დავიდ პოზი გაანადგურა - ვაზარიც აართვა, გააფრთხილებინა კიდეც, ბოლოს კი იპონიც მიითვალა. მეოთხედფინალში მან რევანში აუღო აზერბაიჯანელ ხალილ ჯალილოვს ევროპაზე მარცხისთვის. ნახევარფინალში ქართველმა იოლად დააიპონა გერმანელი ლეონ სტრუბერი, იმავე ეტაპზე კი ჩოჩელმა უმძიმესი ბრძოლა მოიგო იაპონელ ჯოუბუ ებატასთან - გამარჯვებულის ბედი მსაჯებმა გადაწყვიტეს. წინასწარი შეხვედრები ჩოჩელმა ძალზე ძლიერად ჩაატარა - სერბ ნემანია ნიკოლიჩს, ამერიკელ მეთიუ კოჩსა და რუს ახმედ მაგომედოვს სუფთად მოუგო.

ქართულ ფინალში იგრძნობოდა, რომ თანაგუნდელები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მოლოდინისამებრ, ეს ცოტა ფრთხილი ორთაბრძოლა იყო. მეტოქეები რისკს ერიდებოდნენ. თუშიშვილმა გაფრთხილებებით მოიგო, თუმცა ემოცია თავშეკავებით გამოხატა, ბოლოს კი ჩოჩელსაც აუწია ხელი.

ამდენად, თუშიშვილმა წლეულს ორ ტურნირში იჭიდავა და ორივეგან მედალი მოიპოვა, ჩოჩელს სამიდან მხოლოდ ერთხელ მოეცარა ხელი - ოლიმპიურ ფესტივალზე (იქ მეხუთე იყო). აღსანიშნავია ლევან გუგავას წლევანდელი სეზონიც - ღვინიაშვილის დარად, მანაც სამივეგან მოიპოვა მედალი, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ვერც ერთხელ ვერ გადააბიჯა ბრინჯაოს. ამ წონაში ორივე ჩვენებური რუს სულეიმან ვიშეგუროვთან დამარცხდა. თან, ორივემ გაფრთხილებით წააგო - გუგავამ ნახევარფინალში, დონღვანმა - ფინალში. გუგავა მასთან ევროპაზეც ასევე გაფრთხილებით გამოეთიშა შეჯიბრებას, რუსი კი ორივეჯერ ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება დონღვანს, ის ევროპაზე მეხუთე იყო. ერთ რუსთან კი დამარცხდა, მაგრამ მანამდე რევანში აუღო მეორეს - ვალენტინ გერეკოვს ევროპის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის.

შაბათ-კვირას ჩვენი ბიჭებიდან უმედლოდ სამნი დარჩნენ, თუმცა თუ მძიმეწონოსნები - გიორგი ლაზუაშვილი და ზაზა ხუბულური პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ, ჯაბა კაპანაძე (81) მესამე წრეში გავიდა, იქ კი ზემოხსენებულ უკრაინელ ზუსკოსთან დამარცხდა.

გოგოებს რაც შეეხებათ, ჯანაშვილმა ეგვიპტელი ნოურან ოსამა და ყირგიზი გულსირენ ემილბეკ კიზი დააიპონა, შემდეგ კი ჯერ რუმინელ ადელინა სტეფანიე დობრესთან წააგო, მერე კი სანუგეშოში გაფრთხილებებით დამარცხდა იტალიელ ჯულია კორიერისთან. ანი მინდიაშვილი (63) პირველივე წრიდან გამოვარდა.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

73 კგ. 1. სულეიმან ვიშეგუროვი (რუსეთი); 2. ბექა დონღვანი; 3. ლევან გუგავა (ორივე - საქართველო), რუსტამ გერეკოვი (რუსეთი).

81 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. ბოჰდან ზუსკო (უკრაინა); 3. იუმა ნონოუჩი (იაპონია), დავიდ ტეკიჩი (გერმანია).

90 კგ. 1. გურამ თუშიშვილი; 2. შალვა ჩოჩელი (ორივე - საქართველო); 3. ჯოუბუ ებატა (იაპონია), ლეონ სტრუბერი (გერმანია).

+90 კგ. 1. კენსუკე ტასაკი (იაპონია); 2. სერგეი ზვიერევი (უკრაინა); 3. ოლეგ აბაევი, ალექსეი საპუნოვი (ორივე - რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა