ესპანეთის სუპერთასი. "რეალი"-"ბარსელონა". პირველი მატჩის გამოხმაურება

Puro futbol - ასეთი სათაური ამშვენებდა ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ "მარკას" პირველ გვერდს კვირის სუპერკლასიკოს შემდეგ. ჩვენებურად, რომ ვთქვათ - ნაღდი ფეხბურთიო.

მართლაც, როგორც ერთმა ესპანელმა კომენტატორმა მოსწრებულად შენიშნა, როცა "რეალი" და "ბარსა" ნაღდ ფეხბურთს თამაშობენ, სხვა გუნდებს ურჩევნიათ გაჩერდნენ და მათ უყურონო. შარშანდელ სეზონში ჟოზე მოურინიო 5-ჯერ "შეასკდა" "ბარსელონას" და მხოლოდ ერთ ტიტულს, "სამეფო თასს" გამორჩა. მაგრამ, მიუხედავად, დიდი დაძაბულობისა, შარშანდელ კლასიკოებს რაღაც აკლდა, თითქოს მოურინიო გასაღებს არგებს კატალონიურ გრანდსო. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პორტუგალიელს ეს გასაღები უპოვნია, მაგრამ ამჯერად კარი მაინც არ გაიღო - 2:2 და "კამპ ნოუზე" თამაშის წინ სუპერთასის მოგების ფავორიტი "ბარსელონაა"...

უპირველესად იმ შეფასებებს გაგაცნობთ, რაც ესპანურმა გაზეთებმა სუპერთასის მონაწილეებს დაუწერეს. ისინი საკმაოდ განსხვავებულია და, ხშირად, ურთიერთგამომრიცხავიც. "მარკამ" 2-იანით შეაფასა მარსელო, იოზილი, ჩაბი ალონსო, დი მარია, ბენზემა, რონალდო (რეალი), ვალდესი, აბიდალი, ალექსისი, მესი, ვილია და პედრო (ბარსელონა), სხვებს კი 1-იანები აკმარა.

"ელ მუნდო დეპორტივომ" მატჩის ყველაზე დიდი შეფასება - 4 ვარსკვლავი - ლეო მესის დაუწერა, 3 ვარსკვლავი მიიღეს: ჩაბი ალონსომ, რონალდომ, ბენზემამ (რეალი), ვალდესმა, კეიტამ, ჩავიმ, ინიესტამ, ალექსისმა და ვილიამ (ბარსელონა), დანარჩენებს 2-2 ვარსკვლავი ხვდათ წილად, ხოლო მარსელო და დი მარია თითოს დააჯერეს. "სპორტი" 8 ბალით აფასებს: მესის, ვალდესს, ალექსისსა და ვილიას, მოკლედ, მხოლოდ ბარსელონელებს. დანარჩენებმა 6 ან 7 ბალი მიიღეს, ყველაზე ცუდი შეფასებები კი (5-5) ტიაგო ალკანტარას, რიკარდო კარვალიოს, კალეხონსა და იგუაინს დაუწერეს.

საერთაშორისო გამოცემასაც მივმართოთ - ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტი "გოლი", რომელიც ახლახან "გადმობარგდა" ამერიკიდან ევროპაში (კერძოდ, ბრიტანეთში), მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "რეალის" გერმანელ ათიანს, მესუთ იოზილს მიიჩნევს - 8 ბალი. "გაიტანა შესანიშნავი გოლი და მუდამ "რეალის" შეტევების გულში იყო", - წერს "გოლი". 8 ბალი მიიღო ჩაბი ალონსომაც, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუკეთესო ფეხბურთელად იოზილი დაასახელეს.

7,5-7,5 ბალი მიიღეს ბენზემამ, რონალდომ და ხედირამ. როგორც ხედავთ, "გოლი" უპირატესობას მასპინძელ ფეხბურთელებს ანიჭებს. მატჩის ყველაზე ცუდ მოთამაშედ კი "რეალის" არგენტინელი ნახევარმცველი დი მარია დაასახელეს.

მოკლედ, "რეალმა" ის თამაში იპოვნა, რომელიც საჭიროა "ბარსელონას" წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მიიღო სათანადო შედეგი. "ბარსელონამ" კი, რომელიც ჯერ ვერ არის სათანადო ფორმაში, საპასუხო მატჩის წინ ძალზე სასურველი ანგარიში დაიბევა. მოკლედ, ორივე გუნდს კმაყოფილების საბაბი მიეცა, თუმცა უკმაყოფილებისაც - მაგალითად, მასპინძლები ამტკიცებენ, რომ რონალდოს ნაღდი პენალტი მოჰპარეს, ხოლო სტუმრები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსელო საჯარიმოში წესს არღვევდა და პენალტი მათაც ეკუთვნოდათ, მადრიდელები დანი ალვეშს სიმულიანტს უწოდებენ, ბარსელონელები კი პეპეს - არანორმალურს.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინიო არ მისულა, მის ნაცვლად კითხვებს აიტორ კარანკამ უპასუხა.

აი, რა თქვა ხოსეპ გვარდიოლამ: "ვფიქრობ, ბრწყინვალე შედეგია. ოთხშაბათის მატჩისთვის დაუყოვნებლივ ვიწყებთ მზადებას და იმედი გვაქვს, როცა დახმარება დაგვჭირდება, ფანები გაგვამხნევებენ და ტიტულს მოგვაგებინებენ".

სხვათა შორის, ეს შეხვედრა ზედიზედ 184-ე იყო "ბარსელონასთვის", როცა გვარდიოლას გუნდმა ბურთის ფლობის პროცენტით აჯობა მეტოქეს, მაგრამ ამ რეკორდს პირველად, სერიოზულად დაემუქრა შეჩერება, რადგან სანამ მოედანზე ჩავი გამოვიდოდა, "რეალი" ბურთს აკონტროლებდა. საბოლოოდ, "ბარსას" მაინც 52% დარჩა: "სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ჩვენი თამაშის სტილი არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, "რეალს" მოგების შანსი ჰქონდა", - განაცხადა პეპმა.

კარანკას მსაჯობაზე რომ დაეკითხნენ, მოურინიოს ასისტენტმა დიპლომატიურად მიუგო: "მადრიდი კი პროგრესირებს, მაგრამ არის რაღაც, რაც "კლასიკოზე" ვერაფრით შეიცვალა. სამწუხაროა, როცა ასე ითამაშებ და სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ, რომ ბიჭებმა ასე კარგად ითამაშეს".

მოკლედ, წინმსწრები დაკსვნებიდან თავს შევიკავებთ, ეს ხომ ორივე კლუბისთვის პირველი ოფიციალური მატჩი იყო სეზონში, მაგრამ ერთი ცხადია - ოთხშაბათს კიდევ ერთი საფეხბურთო სპექტაკლი გველის, ამჯერად, "კამპ ნოუზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"