სერენა უილიამსმა ტორონტოს სუპერტურნირის ფინალში იმარჯვა და მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის მთავარი ფავორიტი იქნება
სენსაცია არ მოხდა ტორონტოს სუპერტურნირის ფინალში. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სერენა უილიამსი სრულფასოვნად დაუბრუნდა ტურს და მოახლოებული ამერიკის ღიას მთავარი ფავორიტი იქნება.

ამერიკელს ფინალში მეტოქედ სამანტა სტოსური ჰყავდა, რომელიც საკმაოდ სუსტ სეზონს ატარებს. ტორონტომდე ავსტრალიელს ერთადერთი წარმატება რომში ჰქონდა, სადაც როლან გაროსის მომავალ ფინალისტებს - ფრანჩესკა სკიავონესა და ნა ლის გაუსწორდა და ტიტულისთვის მატჩი რუს მარია შარაპოვას დაუთმო. სხვათა შორის ამ ტურნირზე სტოსურმა ისევ მოუგო ნა ლის, ნახევარფინალში კი სამ სეტში აჯობა აგნიეშკა რადვანსკას.

საინტერესოა, რომ სერენასა და სამანტას შორის ბოლო მატჩი ავსტრალიელის გამარჯვებით დასრულდა - ეს მოხდა 2010 წლის როლან გაროსის მეოთხედფინალში. იმ დრამატულ მატჩში უილიამსს მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ სტოსურმა გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ფინალშიც გავიდა. მაგრამ ეს მოხდა გრუნტზე, თანაც ავსტრალიელი იმ დროს კარგ ფორმაში იყო.

ამ ფინალში კი სტოსურის მხოლოდ ერთი იარაღი მუშაობდა - მოწოდება. საწყის გეიმებში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა და დამაჯერებლად იღებდა საკუთარ მოწოდებას - საქმე "თანაბარ ანგარიშამდეც" არ მიდიოდა. თითქოს ასეთი სიტუაცია ტაი-ბრეიკამდე უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სერენამ მიღებისას მოუმატა თამაშს და ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც სეტზე ჩააწოდა - 6:4.

მეორე სეტში კი უილიამსმა თავიდანვე დააწესა თამაშზე კონტროლი. პირველივე გეიმში ბრეიკის გაკეთების შემდეგ მან საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცა და მალე ანგარიში 5:1 გახდა. მართალია, სერენას მოწოდებაზე სტოსურმა შეძლო ერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვება, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო და მატჩში მეოთხე ეისით უილიამსმა წერტილი დაუსვა შეხვედრას.

"ძალიან გახარებული ვარ! ვერ ვიფიქრებდი, რომ დაბრუნებისთანავე ასე კარგად შევძლებდი თამაშს. ბედნიერად ვგრძნობ თავს იმით, რომ ისევ ვთამაშობ და ისევ ვიმარჯვებ. ეს შესანიშნავია. გამოგიტყდებით, რომ სწორედ ამ ტურნირის მოგება მინდოდა", - განაცხადა სერენამ დაჯილდოების ცერემონიის დროს.

ამ გამარჯვების წყალობით ამერიკელი 31-ე ადგილზე აინაცვლებს რეიტინგში, რითაც განთესვის ნომერს მიიღებს ამერიკის ღია პირველობისთვის. შეგახსენებთ, "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირზე განთესილებს ცინცინატის ტურნირის შემდეგ არსებული რეიტინგის მიხედვით დაასახელებენ. ეს შეჯიბრი გუშინ დაიწყო და თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სტოსური და უილიამსი იქ მეორე წრეში შეხვდებიან ერთმანეთს.

WTA

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 10) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს