ახლა უკვე მამაზეციერიც ვერ იხსნის ესპანურ პრიმერის პირველ ტურს ჩაშლისგან და, ვინ იცის, იქნებ მეორესაც. LFP-ის პრეზიდენტი 37-ტურიან ლიგაზე ფიქრობს
ესპანეთში საბოლოოდ აირია მონასტერი - გუშინ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები, ესპანეთის პროფესიული ლიგის (LFP) ხელმძღვანელები და ფეხბურთელთა ასოციაციის (AFE) წარმომადგენლები. როგორც წინა შეხვედრა, ესეც უშედეგოდ დასრულდა.

ახლა უკვე მამაზეციერიც ვერ იხსნის ესპანური პრიმერის პირველ ტურს ჩაშლისგან და, ვინ იცის, იქნებ მეორესაც...

პირველი ტური (პრიმერაში და სეგუნდაში) ოფიციალურად გადაიდება. ასე რომ, ამ უქმეებზე ესპანური ფეხბურთის მოყვარულები ვერ ნახავენ საკმაოდ დამაინტრიგებელ მატჩებს: "ბარსელონა" აღარ ჩავა ანდალუსიაში მოღონიერებულ "მალაგასთან" საომრად და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვეღარ ვიხილავთ "რეალისა" და ბილბაოს "ატლეტიკის" უთუოდ საინტერესო დაპირისპირებას. შეგახსენებთ, რომ AFE-მ მას შემდეგ გამოაცხადა საყოველთაო გაფიცვა (პირველ და მეორე ტურებში), რაც LFP-მ არ შეისმინა ფეხბურთელთა მოთხოვნები, რომელთაგან მთავარი მყარი ფინანსური გარანტიებია, რომ ფეხბურთელები ხელფასს იმ შემთხვევაშიც დროულად მიიღებენ, თუკი მათი კლუბები გაკოტრდებიან.

ფეხბურთელები ისევ თავის პოზიციაზე რჩებიან, ჩემპიონატი არ დაიწყება, სანამ AFE-სა და ყველა კლუბს შორის არ გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება ფინანსურ გარანტიებზე. რამდენიმე დღის წინათ, LFP-მ გაფიცვა უსამართლოდ და უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ ეს ორგანიზაცია გაფიცვის შეჩერების ბერკეტებს ვერ ფლობს.

ფეხბურთელების დასჯას კი ურჩობისთვის აზრი არა აქვს, მათ, შეიძლება სულ ჩაშალონ სეზონი. ეს კარგად ესმის LFP-ს პრეზიდენტ ხოსე ლუის ასტიაზარანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დამსჯელ ღონისძიებებს არ მიმართავს:

"გაფიცვის გამო დისციპლინარულ სასჯელებს არ მივმართავთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფეხბურთელებს გაფიცვის უფლებას ვერ ჩამოვართმევთ. ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ მეორე ტურსაც არ დაემუქროს ჩაშლა, თან სხვა საკითხების მოგვარებასაც ვაპირებთ, სულ არ მინდა 37-ტურიან ლიგაზე ვიფიქრო, არადა, დღეისათვის სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს".

ეს როგორ გავიგოთ? პრიმერას პრეზიდენტი თუნდაც ვარაუდის დონეზე უშვებს იმ აზრს, რომ ჩემპიონატი ნაკლული იყოს, გუნდების ნაწილმა მეტი მატჩი გამართონ შინ, ვიდრე მათმა მეტოქეებმა? ან თუნდაც რამხელა პრივილეგია ექნებათ "ბილბაოს" და "მალაგას", რომელთაც გრანდებთან თამაში მოაკლდებათ. ბუნებრივია, სრული აბსურდია, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ არაფერია გამორიცხული.

ისე, გუშინდელი მოლაპარაკება მთლად შეთანხმების გარეშე არ დასრულებულა - მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ გააგრძელონ მოლაპარაკება - ისინი დღეს და, თუ საჭირო იქნა, ორშაბათსაც შეიკრიბებიან. LFP-ს მთავარი ამოცანა მეორე ტურის (რომელიც 27-28 აგვისტოს უნდა გაიმართოს) გადარჩენაა, ფეხბურთელთა წარმომადგენლებს კი კვლავ ფინანსური გარანტიების მიღება აინტერესებთ.

ახლა რაშია საქმე - ესპანურ ფეხბურთში ხშირია ამა თუ იმ კლუბში ფინანსური კრიზისი. ვთქვათ, პრიმერადან გავარდნა გუნდისთვის ფინანსური სიკვდილის ტოლფასია. ამ სიტუაციიდან კი კლუბებმა კარგი გამოსავალი იპოვნეს, ბანკროტად გამოცხადება, რის გამოც ყველაზე მეტად მოთამაშეები ზარალდებიან. ხელფასების გაცემა ისეთ კლუბებსაც უჭირდათ, რომელთაც თავი ბანკროტად არ გამოუცხადებიათ. მაგალითისთვის, თითქოსდა უცხოელი ინვესტორის პატრონი სანტანდერის "რასინგი" თვეობით ვერ გასცემდა ხელფასებს. "რაიო ვალეკანო" სეგუნდადივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბოლოს პრიმერაშიც გადმოვიდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა უხელფასოდ დარჩენილი ფეხბურთელები გაფიცვის პირას იყვნენ, 3-4 ტური კი აშკარად ჩააგდეს. მოკლედ, ესპანელი ფეხბურთელის კარიერა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, თუკი ის სუსტ პრიმერულ ანდა სეგუნდადივიზიონის გუნდში თამაშობს. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი გალეგიონერდა ბოლო წლებში (ბუნებრივია, აქ სხვა მიზეზიც არის - ევროპულ და მსოფლიო მწვერვალზე ასვლის შემდეგ ესპანელ ფეხბურთელთა წონაც გაიზარდა სხვათა თვალში).

გაფიცვა ძალაშია, თუმცა ყველა გუნდი როდი იცავს "თამაშის წესებს". ბუნებრივია, ამ უქმეებზე თამაშს არავინ აპირებს, მაგრამ გაფიცვა ხომ უქმობას ნიშნავს, პრიმერადივიზიონის რამდენიმე გუნდში კი ეს თავშიც არ მოსვლიათ, იქ გრძელდება ყოველდღიური რუტინა. ეს სიტუაცია კარგად შეაფასა "მარკამ" - არც ლიგა და არც გაფიცვა.

არ გაფიცულან: ბილბაოს "ატლეტიკი" - ბასკური გუნდი ყოველდღიურად ივარჯიშებს ევროპალიგის საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებლად; "ატლეტიკო" - იმავე მიზეზით არც მადრიდელი "ათლეტები" გაჩერდებიან; "ბარსელონა" - გუშინ "ბარსას" ფეხბურთელებმა ოფიციალური გუნდური ფოტო გადაიღეს, ორშაბათს კი გუნდი ჟოან გამპერის თასისთვის იბრძოლებს; "ხეტაფე" - "ასულონესი" არ გაიფიცებიან, მათი პრეზიდენტი ანხელ ტორესი ხომ აფე-ს დაუძინებელი მტერია; "რეალი" - ცალ ყურში უჩურჩულეთ ამის შესახებ მოურინიოს - რა თქმა უნდა, პორტუგალიელი მუშაობას არ წყვეტს; "სევილია" - ანდალუსიური კლუბი ევროთასებზეა, ასე რომ გაფიცვის ჩაშლა ეპატიება; "ვალენსია" - დღეს შეიკრიბება ივარჯიშებს და გადაწყვეტს; "ვილიარეალი" - გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის იბრძვის და რა დროს გაფიცვაა? მოკლედ, მხოლოდ რამდენიმე გუნდი გაიფიცა (რომლებიც არ ჩამოვთვალეთ), ახალწვეულმა "გრანადამ" კი სოლომონის სიბრძნე გამოიჩინა - ვარჯიშები დაინიშნა, თუმცა ფეხბურთელებს უთხრეს, რომ მათი გადასაწყვეტია, მივლენ თუ არა ვარჯიშებზე.

სულ სხვა სიტუაციაა სეგუნდადივიზიონში - ყველა კლუბი ("ბარსას" და "ვილიარეალის" სარეზერვო კლუბების გარდა) გაფიცვას პატივს სცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა