„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰარი რედნაპის ვაჟმა, ჯეიმსმა პრემიერლიგის მეორე ტურს წერილი უძღვნა
„ლელოს“ ფურცლებიდან ხშირად გთავაზობთ სხვადასხვა ინგლისელი სპეციალისტისა და მიმომხილველის ნააზრევს. ისინი ხშირად ზოგად თემას მიმოიხილავენ, ხშირად კი კონკრეტულ საკითხს, მაგალითად, განვლილ ტურს ეხებიან. „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის ვაჟის, ჯეიმი რედნაპის წერილი პრემიერლიგის მეორე ტურს ეხება.

გთავაზობთ რედნაპის მოსაზრებებს, რომლებიც თავად ავტორმა ქვესათაურებით გამოჰყო:

უიღბლო ფრიმპონგი

ემანუელ ფრიმპონგი პირველად რამდენიმე წლის წინ, „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ აკადემიათა შეხვედრაში ვნახე. ის მოედანზე გამოკვეთილი ლიდერი იყო და მეც, შინ დაბრუნების შემდეგ, მამაჩემს აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი ამომავალი ვარსკვლავის შესახებ. პრემიერლიგის მეორე ტურში ჩემს ფავორიტს არ გაუმართლა. მან იჩქარა, ორთაბრძოლაში სულელურად შევიდა და მსაჯს თავი გააგდებინა. კაცმა რომ თქვას, ეს სველმა მოედანმაც განაპირობა, მაგრამ ამას ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. გასულ უქმეებზე ფრიმპონგის გაძევება თვალში ძალიან მომხვდა. მინდა დამიჯეროთ, რომ ამ 19 წლის ბიჭს გაცილებით მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე ჯერჯერობით ახერხებს.

რეინჯერსის დაბრუნება

გამარჯვებას ვულოცავ „ქუინზ პარკ რეინჯერსს“. პირველ ტურში ვუყურე, როგორ გაანადგურა ეს გუნდი „ბოლტონმა“ მისავე მოედანზე 4:0, მაგრამ აი, გავიდა ამის შემდეგ სულ რაღაც ერთი კვირა და გუნდმა ლივერპულში „ევერტონი“ დაამარცხა, 1:0. ასეთი შემოტრიალება იმას ნიშნავს, რომ „რეინჯერსს“ კლასი და ოსტატობა აქვს. რა საკვირველია, „გუდისონ პარკზე“ მათ თამაშს ნაკლიც ჰქონდა, მაგრამ ტომი სმიტის გოლმა დაამტკიცა, რომ კლუბს, იმ კვირაში, როდესაც ახალი მეპატრონე გამოუჩნდა, მომავლის იმედი უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, აგვისტოს დარჩენილ დღეებში მწვრთნელი, ნილ უორნოკი სატრანსფერო ბაზარზეც გამოჩნდება.

ყოჩაღ, სამირ!

„არსენალი“ იმ კლუბს ჰგავს, რომლის ფეხბურთელებსაც პარაშუტები უკეთიათ და როგორც კი გადახტომის საშუალებას ხედავენ, ხტებიან, რათა იქაურობას მოშორდნენ. ამის ფონზე ის, რაც სამირ ნასრიმ „ლივერპულთან“ შეხვედრაში გააკეთა, სანაქებო საქციელი იყო. მოგეხსენებათ, მას „მანჩესტერ სიტი“ თავისთან გადასვლას სთავაზობს, სატრანსფერო მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და სწორედ ასეთ დროს ბიჭს ეყო გამბედაობა, „მეთოფეთა“ მაისურა ჩაეცვა და მოედანზე გასულიყო. ახლა ყველანი ძალიან საინტერესო საკითხის წინაშე ვდგავართ: ითამაშებს ნასრი, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, „უდინეზეს“ წინააღმდეგ? ეს ფრანგი ფეხბურთელის ამბიციათა ნამდვილი ტესტი იქნება. პირადად მე, არ დაგიმალავთ, ვფიქრობ, რომ ის ამ შეხვედრაში არ ითამაშებს.

მხარი დაუჭირეთ ბოსს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ალან პერდიუმ სანდერლენდში მოგებით დროც მოიგო. პერდიუს კალენდარმა დიდი გამოცდა მოუწყო, მაგრამ აგერ, უკვე ორი ტური ჩატარდა და „კაჭკაჭებს“ ოთხი ქულა აქვთ. ახლა ვნახოთ, რას იზამენ „ჯორდები“ შემდეგ ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ. „ნიუკასლ იუნაიტედის“ შემყურეს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდში თამაშობენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, თავდადებით მუშაობენ და ცდილობენ, როგორც კოლექტივმა, ერთსულოვნად მიაღწიონ წარმატებას. ასეთ დამოკიდებულებასა და ადამიანთა ჯგუფს ახლა ხელმძღვანელთა დიდი მხარდაჭერა სჭირდება.

დარჩი, კარლოს

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა კარლოს ტევესს „მანჩესტერ სიტის“ დატოვება. „სიტი“ სწორედ ის გუნდია, სადაც ფეხბურთელს ყოფნა და თამაში უნდა უნდოდეს. მერედა, კვირას, ბოლტონში თამაშის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდში არანაირი წყენა არ არსებობს და „მანჩესტერ სიტი“ დიდი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდია. ტევესს მადრიდის „რეალი“ რომ იწვევდეს მის დამოკიდებულებას კიდევ გავიგებდი, მაგრამ იტალიაში წასვლის გამო „სიტის“ დატოვება?... იტალიური ფეხბურთი ხომ კრიზისშია. „სიტის“ აშკარად შეუძლია გახდეს პრემიერლიგის ჩემპიონი, მაშ, პრობლემა სადღაა? მე ტევესს დარჩენას და ბრძოლას ვურჩევდი.

მიდი, ედინ

გახსოვთ, რა საშინელი პირველი სეზონი ჰქონდა ედინ ჯეკოს „ვოლფსბურგში“, სანამ გარემოს მოერგებოდა და ძლიერად ათამაშდებოდა? ასევე მოხდა იანვარში, როდესაც ის „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა და აშკარად გამოჩნდა, რომ თავის ადგილას არ არის, მაგრამ აი, დაიწყო ახალი სეზონი და, მართალია, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ რასაც აკეთებს, იმედისმომცემია. თან, თავის პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს - ყველა ის ფორვარდი, რომლის დატოვებასაც ისტლენდელები აპირებენ, სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, ეს გარემოება ჯეკოს ძალიან დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად