„ჩელსის“ გამოუცხადეს, რომ ლუკა მოდრიჩს ვერც 30 მილიონ ფუნტად მიიღებენ და მომავალში 25 წლის ხორვატის ყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ
„ჩელსის“ გამოუცხადეს, რომ ლუკა მოდრიჩს ვერც 30 მილიონ ფუნტად მიიღებენ და მომავალში 25 წლის ხორვატის ყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ.

კატეგორიული უარი დასავლეთ ლონდონელებს „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივიმ გამოუცხადა. მოგეხსენებათ, ლივი მთელი ზაფხულის განმავლობაში მტკიცედ იდგა. ის ამბობდა, რომ მოდრიჩს „უაით ჰართ ლეინიდან“ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა.

„სფურზის“ მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, რომელიც „მანჩესტერ სიტიდან“ 27 წლის ტოგოელი ფორვარდის, ემანუელ ადებაიორის გადაბირების საქმით გახლდათ დაკავებული, მოდრიჩს უთხრა, რომ ორჭოფობისა და ჭირვეულობის დრო დამთავრდა - ის ამ სეზონს „ტოტენჰემში“ გაატარებს. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა“ პრემიერლიგის ჩემპიონატის პირველ ტურში „ევერტონთან“ შეხვედრა ლონდონური არეულობების გამო გამოსტოვა, მეორე ტურში კი მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე“ 3:0 წააგო და ამ შეხვედრაში მოდრიჩს მონაწილეობა არ მიუღია. ინგლისურმა გაზეთებმა დაწერეს, რომ ხორვატი გამთამაშებელი გაიფიცა, რედნაპმა კი თქვა, რომ მოდრიჩმა არ ითამაშა, რადგან იმ მომენტისთვის „თავში ყველაფერი ნორმალურად არ ჰქონდა“.

რას ნიშნავს დენიელ ლივის განცხადება? როგორ უნდა ათამაშოს ფეხბურთელი გუნდში ძალით? „დეილი მეილი“, მაგალითად, მიიჩნევს, რომ „ტოტენჰემის“ საქციელი ჩვეულებრივი ხრიკია, რომელსაც ვაჭრობაში იყენებენ. ლივი ცდილობს „ჩელსის“ მოდრიჩში 30 მილიონზე მეტი გამოართვას. შეგახსენებთ, რომ „ლურჯები ჩრდილოლონდონელებს „ფულს პლუს ფეხბურთელის“ ვარიანტსაც სთავაზობდნენ - მზად იყვნენ „ტოტენჰემისთვის“ თანხის გარდა იოსი ბენაიუნიც დაეთმოთ. ცნობილია, რომ ბენაიუნი ჰარი რედნაპს ძალიან მოსწონს და ებრაელ ფეხბურთელს სიამოვნებით იხილავდა თავის გუნდში, მაგრამ მოდრიჩი მაინც არ ეთმობა და ცდილობს მის შესანარჩუნებლად ყველა ღონე იხმაროს. 31 აგვისტომდე კი რაღა დარჩა. თუ დარჩენილ დღეებში ხორვატის საკითხი არ გაირკვევა, ის იძულებული გახდება „დეზების“ სახელით განაგრძოს თამაში, რადგან გამოვა, რომ სულ მცირე იანვრამდე „უაით ჰართ ლეინზე“ „ჩარჩა“.

„მე ლუკასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს და თუ ვინმეს მისი დაყოლიება და გონზე მოყვანა შეუძლია, ეს მე ვარ - თქვა რედნაპმა - ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ იოლ სიტუაციაში არ ვართ. სულ ერთია, ფეხბურთელი იქნებით თუ სხვა პროფესიის ადამიანი, თუკი ვინმე სამჯერ მეტ ხელფასს შემოგთავაზებთ, რაგინდ გიყვარდეთ თქვენი ძველი სამსახური, დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით. სწორედ ასეთ დღეშია ახლა ეს ბიჭი. კვირაში 50 ათასის პატრონს უთხრეს 150-ს გადაგიხდითო და, რასაკვირველია, საგონებელში ჩავარდა.

არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ასეთ დროს დიდი სკანდალი მოაწყონ, ცუდად მოიქცნენ, გუნდში მდგომარეობა არიონ და ყველა ღონე იხმარონ, რათა ძველი კლუბი იძულებული გახადონ, რომ ის გაყიდოს. იცით, რამდენჯერ მინახავს ასეთი სცენები? ლუკა ასეთი ადამიანი არ არის. ის გადასვლას ითხოვს, მაგრამ სხვას არ აწუხებს. თავად არის შეწუხებული და პრობლემებით დამძიმებული დადის“.

ზემოთ ემანუელ ადებაიორის ამბავი ვახსენეთ. ტოგოელის ფრონტზე, მოდრიჩისგან განსხვავებით, ყველაფერი გარკვეულია - „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეთანხმდნენ, რომ თავდამსხმელი იჯარით ლონდონურ კლუბში ითამაშებს. გუშინ „არსენალისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფორვარდმა „უაით ჰართ ლეინზე“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ადებაიორს ისტლენდიდან წასვლის სურვილი რომ გაუჩნდა გასაკვირი არც არის, ის ხომ რობერტო მანჩინის იერარქიაში სერხიო აგუეროს, ედინ ჯეკოს, კარლოს ტევესის და მარიო ბალოტელის შემდეგ დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში არ მოუწევს.

ადრეც ვწერდით, რომ ტოგოელი თავდამსხმელის გაქირავების საქმეში ყველაზე რთული მისი ხელფასის ამბავი იყო. ფორვარდის გასამრჯელო კვირაში 170 ათასი ფუნტი გახლავთ, ამ თანხას კი „დეზები“ ვერ გადაიხდიდნენ. მეორე მხრივ, არც „სიტისთვის“ ჰქონდა დიდი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელის სკამზე დასმას აზრი. მისი „სფურზში“ გაქირავების შემთხვევაში რაღაც თანხას მაინც აიღებდნენ. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადებაიორის გასამრჯელოს მეტ წილს მაინც „სფურზი“ გადაიხდის, თუმცა ჯიბეში ხელის ჩაყოფისგან ვერც „სიტი“ დაიძვრენს თავს. სხვა საქმეა, რომ ტოგოელი თავდამსხმელი კვირას „სფურზის“ შემადგენლობაში, ბედის ირონიით სწორედ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს - ხელს ფორმალობები უშლის, დებიუტი მოგვიანებით შედგება.

ემანუელ ადებაიორის „ტოტენჰემში“ გადასვლა იმას ნიშნავს, რომ „დეზებს“ შეუძლიათ პიტერ კრაუჩი გაყიდონ. ინგლისის ნაკრების ფორვარდის შეძენა დასავლეთლონდონელ მეზობლებს, „ქუინზ პარკ რეინჯერსსა“ და „ფულჰემს“ სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა