"ჩელსის" ყმაწვილმა თავდამსხმელმა ბოლოს და ბოლოს პირადად გაიცნო ბავშვობისდროინდელი კერპი დიდიე დროგბა
რომელუ ლუკაკუ ცისფერ... უფრო სწორედ კი ლურჯ ოცნებაში მოხვდა - ბოლოს და ბოლოს პირადად გაიცნო ბავშვობისდროინდელი კერპი დიდიე დროგბა. კაცმა რომ თქვას, ლუკაკუ ბავშვობას ჯერ მაინც და მაინც არც გაცდენია, ერთი ეგ არის, ფეხბურთს კარგად თამაშობს და მასში დასავლეთლონდონელებმა 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ყმაწვილი თავდამსხმელი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ანდერლეხტიდან“ აგვისტოს დასაწყისში გადავიდა და, როგორც თავად ამბობს, დროგბას დანახვაზე ლამის იტირა. დღეს ის კოტ დ’ივუარელ ვეტერანს ეხვეწება „ჩელსიდან“ არსად წავიდეს.

„დიდიე დროგბას ორი მაისურა მქონდა, ერთი დასაძინებლად და მეორე ქუჩაში მეგობრებთან სათამაშოდ - უამბო ლუკაკუმ ინგლისელ ჟურნალისტებს - „ჩელსის“ იმ დღიდან ვგულშემატკივრობ, რაც ჯიმი ფლიოდ ჰასელბაინკმა ათი წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ გოლი გაუტანა. ჩემი გმირები დროგბა და ნიკოლა ანელკა იყვნენ. დიდიეს პლაკატი ჩემი საწოლის თავზე, ჭერში მქონდა გაკრული, ანელკასი კი ცოტა მარჯვნივ. ყოველთვის ისეთ ბუცებს ვიცვამდი, როგორსაც დროგბას დავუნახავდი და შინ, „ჩელსის“ ტელევიზია გამოვიწერე, რათა ჩემი გმირების ვარჯიშები და მათი მონაწილეობით სარეკლამო კლიპები მენახა. როდესაც 2009 წლის ნოემბერში „ჩელსიმ“ „არსენალს“ 3:0 მოუგო ქუჩაში დავრბოდი და ვღრიალებდი. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი უმცროსი ძმა ჯორდანი „არსენალის“ გულშემატკივარია. ისე ვღრიალებდი, დედაჩემს ეგონა, რომ გავგიჟდი“.

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველად სკოლის მოსწავლეობის დროს, მეგობრებთან ერთად, სამდღიანი ექსკურსიის დროს მივიდა.

„ჩემმა მეგობრებმა გასახდელების დათვალიერება დაიწყეს, მე კი მოედანზე დავდექი და წარმოვიდგინე, რომ დროგბასთან ერთად ვთამაშობდი. შემდეგ, ჩემს მასწავლებელს ვუთხარი, ნახავთ, ერთ დღეს აქ ვითამაშებ, მეთქი. და აი, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ოცნება ავიხდინე. სხვათა შორის, „ჩელსისთან“ კონტრაქტს ხელი რომ მოვაწერე იმ მასწავლებელს დავურეკე და რაც მოხდა ვახარე“.

ლუკაკუ დროგბას ისეთი ფანი გახდა, რომ ვეტერნ თავდამსხმელს შესაძლოა მის დანახვაზე დამალვამაც მოუწიოს.

„როდესაც დიდიე პირველად ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ მელაპარაკებოდა. გასახდელში სულ გვერდით ვუზივარ და რაღაცებს ვეკითხები. ის ყოველთვის რჩევას მაძლევს. ვარჯიშებზე ყურადღების დაძაბვისკენ მომიწოდებს. ხანდახან, „გოლს“ მანამდე ვყვირივარ, სანამ ბურთს შევეხები, ის კი მეუბნება, რომ ასე არ ვარგა და მეტი კონცენტრაციაა საჭირო. ჩვენ ერთნაირი სტილის ფეხბურთელები ვართ. მეც სწრაფი ვარ და მცველთან ერთი ერთზე გამკლავება შემიძლია. თმაც ერთაირად გვაქვს, ორივეს საყვარელი ნომერი თერთმეტია. დარწმუნებული ვარ ერთად თამაშს შევძლებთ, რადგან ეს ერთობლივი ვარჯიშების დროს კარგად ჩანს.

დღეს არ ვუშვებ, ყოველთვის ვეუბნები, რომ ის „ჩელსიში“ ჩემი გულისთვის უნდა დარჩეს. მასთან ერთად ორ წელიწადს რომ ვითამაშო, გარწმუნებთ, ის ძალიან ძლიერად მომამზადებს. უკვე დიდი გამარჯვებებისთვის ვიქნები მზად. დიდიე მაიმედებს, მეუბნება, რომ წასვლას არ აპირებს“.

თუმცა, ოცნებები ოცნებებად და ლუკაკუმ კარგად იცის, რომ პრემიერლიგაში იოლი ცხოვრება არ ელის: „პრემიერლიგაში ისე არ გამიადვილდება როგორც ბელგიაში. მე აქ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებისგან უნდა ვისწავლო და მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ როდესაც მას დავჭირდები, მზად ვიქნები. თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ გართობის დრო დასრულდა, ამიერიდან სერიოზული უნდა გავხდე. „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრას რომ ვუყურებდი, ყველაფერს ისე განვიცდიდი, რომ ბოლოს კაპიუშონის წამოხურვა დამჭირდა, ვინმეს ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნია. „ანდერლეხტი“, რასაკვირველია, დიდი კლუბია, მაგრამ მე ყოველთვის უმაღლესი დონის ვარსკვლავების მხარდამხარ თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა