"ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა საუკეთესოს შორის მოვხვდრაა, რათა ლონდონის საგზური მოვიპოვო"
მსგავსი წარმატებისთვის ქართულ კრივს დიდი ხანია არ მიუღწევია - ანკარის რინგზე ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატის სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პრიზიორთაგან ერთ-ერთი თბილისელი ზაალ კვაჭატაძე გახლავთ.

სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო: ბავშვობისას 3 წელიწადი "ავაზასა" და "ოლიმპში" ვარჯიშობდა. ახალ გუნდში გადასვლას აპირებდა, მამამ კრივზე სიარული რომ შესთავაზა. 10 წლის ყმაწვილს ტყავის ხელთათმანები სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ მამას ვერ უთხრა უარი. ფიზული ალექპეროვთან ვარჯიში სამიოდე კვირის დაწყებული ჰქონდა, სოფელ ნორიოში თანატოლთა შორის ლუხუმ თოთიაურის ტურნირი რომ მოიგო.

- კრივზე კი დავდიოდი, მაგრამ გული მაინც ფეხბურთისაკენ მიმიწევდა. მამის ხათრით, უცებ თავს ვერ ვანებებდი ვარჯიშს. ნორიოში ტურნირის მოგებისთვის პირველ პრიზთან ერთად გულშემატკივართა ტაში რომ დავიმსახურე, ისეთი რამ ვიგრძენი, რამაც სამუდამოდ რინგს მიმაჯაჭვა და ეს არჩევანი დღემდე არასდროს მინანია, - გაიხსენა კრივში პირველი ნაბიჯები ზაალ კვაჭატაძემ.

დღე დღეს მისდევდა და შეჯიბრება-შეჯიბრებას. ახალგაზრდა მოკრივე ნელ-ნელა იმყარებდა პოზიციებს. ჯერ თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა თანატოლებში, მერე ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, 2006 წელს კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ზედიზედ სძლია ტაილანდელ, კორეელ და ამერიკელ მეტოქეებს, ფინალური ორთაბრძოლა კი რუს ალექსანდრ ვოლკოვთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

- უფროსებში საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი მარცხიანი გამოდგა, - მითხრა ზაალმა. - 2009 წელს ლიტვაში პირველივე შეხვედრა ბელარუს სპორტსმენთან წავაგე. მახსოვს, კობა ფხაკაძემ და კახა ჟვანიამ შემაგულიანეს - გული არ გაიტეხოო. მაშინ ორივემ ლიტვის ტურნირი მოიგო.

- სამაგიეროდ, წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა შენთვის შედეგიანი.

- დიახ. სახელოვანი სპორტსმენისა და გამოცდილი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით იანვრიდან ოთხი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გავიარე სომხეთში, აზერბაიჯანში, ბულგარეთსა და ყაზახეთში. სამ საერთაშორისო ტურნირზეც გამოვედი. სოფიასა და ალმათიში მესამე ადგილები დავიკავე. ბულგარეთში ნახევარფინალური ორთაბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონ ანდრეი ზამკავოისთან წავაგე.

იგი დღესაც რუსეთის ნაკრების პირველი ნომერია 69 კილოში. ყაზახეთის ტურნირის ნახევარფინალში კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მასპინძელს სერიკ საპიევს უნდა შევხვედროდი, მაგრამ მის თანამემამულესთან მეოთხედფინალში ხელი ვიღრძე და რინგზე ვერ გავედი.

მთავარი მაინც თურქული ბატალიები იყო. ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე პირველად მოვსინჯე ძალები. ბელგიელ მოჰამედ სდერის ნოკაუტით მოვუგე. მერე უკრაინელ დენის ლაზარევს დავუპირისპირდი. სამრაუნდიანი პაექრობა ფრედ - 24:24 დამთავრდა, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა მე მომცეს, რადგან მეტოქე ბოლო წუთზე ორჯერ გავგზავნე ნოკდაუნში.

ყველაზე ძნელი ბრძოლა ირლანდიელ ოლიმპიურ პრიზიორ უილიამ მაკლოჰინთან მქონდა. მართალია, 28:21 ვძლიე, მაგრამ ძალიან დავიღალე. ნახევარფინალში ბრიტანელმა ფრედ ევანსმა, რომელიც მერე ჩემპიონი გახდა, სამი ქულით მაჯობა. ეტყობა. ირლანდიელთან ორთაბრძოლის შემდეგ ძალების ბოლომდე აღდგენა ვერ მოვასწარი, თორემ ევანსი სულაც არ ჩანდა გადაულახავი ზღუდე. ტრაბახად თუ არ ჩამეთვლება, ოქროს მოპოვების შანსი გავუშვი ხელიდან.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 69 კილოში მყარად მოიკიდე ფეხი ეროვნულ ნაკრებში. არადა, ამ წონაში ევროპის პრიზიორი და პეკინის ოლიმპიადის მონაწილე კახა ჟვანია იყო ფავორიტი...

- ჭაბუკობისას კახას პაექრობებს აღფრთოვანებული ვუყურებდი, მომწონდა მისი ბრძოლის მანერა. არაერთხელ მომისმენია მისი რჩევები. ასაკში განსხვავების მიუხედავად, რამდენიმე წელიწადია, ვმეგობრობთ. თურქეთში ბრინჯაოს მედალი რომ მოვიპოვე, ერთ-ერთი პირველი მან მომილოცა პრიზიორობა უკრაინიდან. კარგა ხანია, იქ არის ცოლოურს. ერთი თვის წინათ ქალიშვილი შეეძინა. შარშანწინ მილანის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის მიღების შემდეგ კახა შეჯიბრებებზე, ფაქტობრივად, არ გვინახავს. კარგი იქნებოდა, ნაკრებში ერთად ვყოფილიყავით. იგი ყველას სტიმულს გვაძლევდა ყოველთვის. იმედია, კახა ჟვანია ასე იოლად არ შეელევა დიდ რინგს.

- უახლოეს მიზნებზე რას იტყვი?

- წლეულს სექტემბერში ბაქო მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემი უპირველესი მიზანია, რვა საუკეთესოში მოვხვდე, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოვიპოვო. მერე მედლებისკენაც ვეცდები გზის გაკაფვას. ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკმა ოლიმპიადის კონტურები დამანახვა. აზერბაჯანის დედაქალაქში ძლიერი მეტოქეები მეყოლება. 69 კილოში ფავორიტები არიან საპიევი და ზამკავოი. მილანში რუსმა ქულით აჯობა ყაზახს ფინალურში. საპიევს აქამდე ორჯერ შევხვედრივარ. სამწუხაროდ, უარყოფითი ბალანსი მაქვს.

ახლა ალმათიში მივემგზავრებით ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც ჩვენთან ერთად იქნებიან მასპინძლები და ბრაზილიელები. საპიევთან სპარინგობა მომიწევს. დავაკვირდები მისი ჩხუბის მანერას, თუმცა ამჟამად ისეთ კარგ სპორტულ ფორმაშია, მსოფლიოს ჩემპიონატზე, არა მგონია, მისი ძლევა ვინმემ შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, იმედს არ ვკარგავ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ ფალიანს, მწვრთნელ თემურ ოჩიგავას, კრივის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკურ დელეგატ ვლადიმერ ახალკაცს, აიბას არბიტრ ზურაბ ტიბუას, ნაკრების წევრებს, რომელთა დახმარებამ და მხარდაჭერამ ევროპულ კვარცხლბეკზე ამიყვანა. ვეცდები, გულშემატკივართა იმედები მომავალშიც გავამართლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა