„ტოტენჰემ ჰოთსპურს“ პრემიერლიგაში ისედაც რთული სტარტი აქვს და როგორც ჩანს გუნდში ფსიქოლოგიურადაც მძიმე გარემოა
„ტოტენჰემ ჰოთსპურს“ პრემიერლიგაში ისედაც რთული სტარტი აქვს და როგორც ჩანს გუნდში ფსიქოლოგიურადაც მძიმე გარემოა - მწვრთნელ ჰარი რედნაპს 25 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩისთვის „სიტისთან“ თამაში დაუძალებია.

„ჩელსი“ მოდრიჩის შესაძენად ძველებურად ყველა ღინეს ხმარობს, ეგრეთწოდებული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე კი ახლოვდება - ოთხშაბათს ყველაფერი დასრულდება. კვირას „დეზებმა“ შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:5 წააგეს. მატჩის შემდეგ მოდრიჩი მწვრთნელთან კიდევ ერთხელ მისულა და გუნდიდან გაშვება უთხოვია.

შეგახსენებთ, რომ წინა ორშაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ „სფურზმა“ ხორვატმა არ ითამაშა. პრესაში ამას გაფიცვა დაარქვეს. რედნაპმა თქვა:

„დღეს ლუკას მე დავაძალე თამაში, მაგრამ აშკარაა, რომ ისევ ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. არ იყო მზად. სხვათა შორის, ის დღეს დილით, თორმეტის ნახევარზე ჩემთან მოვიდა და მთხოვა, თავი დამენებებინა. თვითონ მითხრა, თამაშისთვის მენტალურად მზად არ ვარო, მე კი დავაძალე. ვუთხარი, რომ ის ვალდებულია მოედანზე გავიდეს, რადგან ნახევარდაცვაში პრობლემები მაქვს. ის ჩვენი გუნდის მთავარი კაცია და მაშინ როდესაც ტომ ჰადლსტოუნიც ცუდ ფორმაშია, რა უნდა მექნა?"

ამ ლაპარაკის შემდეგ მოდრიჩი მოედანზე გავიდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში, როდესაც თამაში უკვე წაგებული იყო, რედნაპმა ის მოედნიდან გაიყვანა.

საინტერესოა, რომ თავიდან „სფურზის“ თავკაცი „ჩელსიზე“ გაბრაზებული იყო. ის ამბობდა, რომ „ლურჯებმა“ მის ვარსკვლავს თავგზა აურიეს, მაგრამ შემდეგ დამშვიდდა და აღიარა, რომ დასავლეთლონდონელებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ.

„მოდრიჩს გონება ამოუტრიალდა - თქვა რედნაპმა. - შაბათს დილით თითქოს უკვე ნორმალურად იყო ყველაფერი, ლუკას სათამაშო განწყობა ჰქონდა, მაგრამ რაღაც მოხდა. ის ისევ აირია. კერძოდ, რა მოხდა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით.

„ჩელსიზე“ აბა რა მოგახსენოთ... ეს კლუბი მოვიდა და საუკეთესო ფეხბურთელის წაყვანა უნდა. მე ვცდილობდი ეს ფეხბურთელი დამეწყნარებინა, ჭკუაზე მომეყვანა და მეთამაშებინა, მაგრამ გაირკვა, რომ ის კიდევ „ჩელსიში“ გადასვლაზე ფიქრობს. ის ჯერ კიდევ გრძნობს, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის შანსი აქვს. ვფიქრობ, მან კვირას გააკეთა ის, რაც „ჩელსის“ წარმომადგენლებმა უთხრეს გააკეთეო. ისინი ყველანი ცდილობენ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ მოდრიჩი ჩვენგან გადავიდეს“.

ბუნებრივია, რედნაპს ჰკითხეს ვინ და რა ხერხებით ცდილობს მოდრიჩის ფსიქიკაზე ზემოქმედებას. „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა უპასუხა:

„აბა, ზუსტად რა ვიცი... როგორ ხდება ასეთი რამეები? ალბათ, ვიღაც რაღაცებს უჩურჩულებს.ფეხბურთია, აქ კი აგენტებიც მუშაობენ. შესაძლოა მისი აგენტიც კი უწევს აგიტაციას. ასეთ ისტორიებს ადრეც გადავყრივარ. როგორც ჩანს, უთხრეს, კვირას „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ არ ითამაშოო. ასეა, შენ ფეხბურთელს ამზადებ, თერთმეტ კაცში ასახელებ, „ჩელსი“ კი მოდის და 40 მილიონს გთავაზობს. რას გაიგებ, საიდან მოაქვთ ამდენი ფული“.

ასეთ შეხედულებებთან ერთად, ჰედნაპი დარწმუნებულია, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავმჯდომარე დენიელ ლივი ოთხშაბათამდე მოდრიჩს არსად გაუშვებს და ხორვატი იძულებული გახდება გუნდში დარჩეს. მოგეხსენებათ, ახლა უეფას ევროპული ქვეყნების კალენდარში სანაკრებო წყვეტა აქვს - მოდრიჩიც ხორვატიის ნაკრებში მიდის. ხორვატია საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში და 2 სექტემბერს მალტაში თამაშობს, 6 სექტემბერს კი ისრაელს მასპინძლობს. პრემიერლიგაში შემდეგი ტური 10 სექტემბერს გახლავთ დანიშნული. რედნაპი იმედოვნებს, რომ ეროვნული გუნდის შეკრების შემდეგ გამთამაშებელი „უაით ჰართ ლეინზე“ დაბრუნდება.

„დღეს ჩვენ „მანჩესტერ სიტისთან“ მწარედ დავმარცხდით და გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ეს სეზონის დასაწყისია და არა ბოლო. არადა, გულშემატკივარს ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა. ასე არ არის. ეს სატრანსფერო ისტორიებიც ჩვეულებრივი ამბავია. ფეხბურთში ასეა, ვიღაც მიდის, ვიღაცას წასვლა უნდა. აი, თუნდაც პიტერ კრაუჩის ამბავი აიღეთ. გაზეთები ყოველდღე წერენ, რომ ის „სტოკში“ გადადის, არადა მან „სფურზის“ მაისურით „სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. მართალი გითხრათ, პირადად ჩემთვის, ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ ის „სტოკში“ გადადის და ეს ამბავი ცოტა მაღიზიანებს კიდეც“.

„ტოტენჰემისთვის“ კვირას კიდევ ერთი ცუდი რამ მოხდა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა კუნთი გაიწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება