ვეტერანი ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართით 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია, ურუგვაისთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც ჩვენი დროით 21 საათზე მასპინძელ ურუგვაის შეერკინება.

ბორჯღალოსნების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, რომელსაც სადებიუტო თამაში სწორედ ურუგვაისთან ექნება, უკვე დაასახელა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა.

მიქაუტაძეს, რომელსაც 35 წელი 1 ივლისს შეუსრულდა, სანაკრებო დებიუტი 2010 წელს შოტლანდიის ა ნაკრებთან ჰქონდა. მარნეულის ‘არმაზის’ აღზრდილ მეორეხაზელს, რომელიც 2009 წლიდან საფრანგეთში თამაშობს და ამჟამად ‘ბრივის’ ღირსებას იცავს, ბორჯღალოსნების კვართით 88 თამაში (3 ლელო) აქვს ჩატარებული. ბოლოს მან ნაკრების რიგებში 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსის წინააღმდეგ ითამაშა, ახლა კი გუნდს უბრუნდება.

მიქაუტაძე შერკინების მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება. შერკინებაში თამაშს იწყებენ ბურჯები გიორგი ახალაძე და ალექსანდრე ქუნთელია, კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და მესამეხაზელები - ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია. ჯალაღონია ურუგვაისთან 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ბრონკანის სასტარტო რაზმში ერთი დებიუტანტია. ფრთაზე თამაშს ‘შავი ლომის’ მორაგბე რომა მახათაძე დაიწყებს, ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება. სიახლეა დავით ნინიაშვილთან დაკავშირებით. უნივერსალ უკანახაზელს ამჯერად ცენტრში ვიხილავთ, სადაც გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ნინიაშვილი მონტევიდეოში გუნდის კაპიტანიც იქნება. ფულბეკის პოზიციაზე ლუკა ცირეკიძე დადგება, ხოლო ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა შეწყვილდებიან.

ფრანგმა სპეციალისტმა მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა. კვაჭის პოზიციაზე თამაშში ლუკა პეტრიაშვილი ჩაერთვება, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და ბაჩუკი ჭუმბაძე შეცვლიან. მარქაფაში ორი მეორეხაზელი გვყავს - ლადო ჩაჩანიძე და გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი შევა. ჰავბექის პოზიციაზე მარქაფაში მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში თორნიკე კახოიძეა.

ახალი ფორმატი

მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.

ერთა თასი მეორე დივიზიონს წარმოადგენს და მასში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.

ა ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ;

ბ ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.

თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს (ივლისის და ნოემბრის). მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.

ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში გაიმართება. საქართველო სამხრეთ ნახევარსფეროშია, სადაც, ურუგვაის შემდეგ, 11 ივლისს ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას, ხოლო 18 ივლისს ასევე ჩილეში, სანტიაგოში მასპინძლებს შეერკინება. ჩილეში ორივე თამაში ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება.

2030 წელს, დივიზიონებს შორის ასვლა-დაქვეითების თამაშები იგეგმება, რაც ერთა თასის მოწინავე გუნდებს, მომდევნო 4-წლიან ციკლში 12 მოწინავეს შორის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.

ჩვენ და ურუგვაი

ბორჯღალოსნებს ურუგვაის წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშიათ და მათთან დადებითი ბალანსი აქვთ - 5 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთ ამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება - 24:12. ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ ზედიზედ ხუთი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი იაპონიაში, კუმაგაიაში 33:7 დავამარცხეთ და 2003 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანში ავიღეთ.

ურუგვაის ბოლოს 2022 წელს „დინამო არენაზე“ ვუმასპინძლეთ და 34:18 ვძლიეთ, წელს კი მათ მონტევიდეოში ისტორიაში მეორედ, 22 წლის შემდეგ ვეთამაშებით.

მოცემული მომენტისთვის მსოფლიო რაგბის რეიტინგში ურუგვაი 69,19 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს, საქართველო კი 71,94 ქულით მე-13 ადგილზეა.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. I რაუნდი

ურუგვაი. მონტევიდეო. 21:00 (საქ. დრო)

საქართველო - ურუგვაი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.

Rugby.ge

თორნიკე
საინტერესოა ნინიაშვილი 13-ზე.

რუგგერ ინფოს ინფორმაციით,ურუგვაისთან მატჩი 23 საათზე იწყება,თბილისის დროით.
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
პსჟ-ში დემბელეს მომავალი გაირკვა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
გიორგი ნემსაძე: ჩვენ უნდა წავიყვანოთ თამაში, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ პირობები
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასის ჯგუფში ცნობილია