ისე მოხდა, რომ დღეს ფეხბურთის ორ უდიდეს გიგანტზე – ბრაზილიასა და გერმანიაზე უნდა დავწერო. სპორტში წარმატება ხშირად ილუზიაა, ხოლო წარუმატებლობა კი გაკვეთილი, რომელსაც ზოგჯერ წლები სჭირდება გააზრებისთვის. ჩემთვის ეს ორი ნაკრები ყოველთვის ერთი უზარმაზარი კედლის ორ სხვადასხვა მხარეს ჰგავდა: დიდება და მწარე რეალობა.

დავიწყოთ “პენტაკამპეონებით“ – ქვეყანა, რომელმაც 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში დაიპყრო მსოფლიოს მწვერვალი და ფეხბურთი ბრაზილიურ კარნავალად აქცია. ამ ხუთი ვარსკვლავის მიღმა იმალებოდა ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიურ საფეხბურთო კარნავალზე, ნებისმიერ სხვა ადგილს, გარდა მწვერვალისა, კულტურულ დანაშაულად აღიქვამდა. როდესაც ლუის ფელიპე სკოლარის მსოფლიო მწვერვალზე აყვანილმა ბრაზილიამ, თავისი “3-R” ფორმაციით(რონალდო, რივალდო, რონალდინიო) მსოფლიო თასი აღმართა, ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ეს სელესაოს დიდების დაისი იქნებოდა. მას შემდეგ დაიწყო გრძელი, მტკივნეული გზა, რომელიც დამეთანხმებით და ეგზისტენციალურ კრიზისს წააგავს.

მოდით, ქრონოლოგიას ჩავხედოთ: 2006 წელს ფრანკფურტში ზიდანის მაგიამ ბრაზილიური „ჯადოსნური კვარტეტი“ გააცამტვერა. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიელებმა ნაფოტებად აქციეს დუნგას ნაკრები. მერე იყო 2014 წლის 8 ივლისი, ბელუ-ორიზონტეს „მინეირაზოზე“, გერმანიამ 1:7-ით ბრაზილიური ფეხბურთის ღირსება ტალახში გასვარა. 2018-ში ბელგიის კონტრშეტევებმა და 2022-ში ხორვატიამ პენალტების სერიაში ბრაზილიური იმედები ნაწილ-ნაწილ დაშალა. ყოველი ეს მარცხი იყო ერთი უზარმაზარი კედლის აგების პროცესი – კედლისა, რომელიც იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მისი გადალახვა 2026 წლის მუნდიალმაც ვეღარ შეძლო.

და აქ იყო ნეიმარიც, ისევე როგორც კოშმარულ 2014, 2018, 2022 წლებში… ჩემი საფეხბურთო ბავშვობა ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა ის „ბარსელონაში“ MSN-ის ლეგენდარულ ტრიოს ქმნიდა. იმ „ბარსას“ ნეიმარს კი მე უბრალოდ ვაღმერთებდი. და აი, 2026 წლის ამ ჩრდილოამერიკულ მუნდიალზე, მე ის უკანასკნელად ვნახე მსოფლიო სცენაზე. მოედანზე საკუთარი დიდების აჩრდილს დაათრევდა, ტრავმებისგან დაფლეთილი სხეულით. და მაინც, ნორვეგიასთან მატჩში, მან შეძლო მე-100 წუთზე პენალტის ნიშნულთან დადგა, გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

ბრაზილიამ მაინც წააგო, გამოვარდა და ნეიმარი ისევ ატირებული დარჩა მოედანზე. უყურებ და ხედავ, როგორ ტირის კაცი, რომელიც ამჯერად მილიონების სანაცვლოდ კი არ ბრწყინავს, არამედ უბრალოდ ბოლოჯერ ბედავს ცეკვას... ცეკვას იმისთვის, რომ არ დარჩეს მარადიულ პრინცად, რომელმაც საკუთარი გვირგვინი ვერასდროს მოირგო.

და თუ ბრაზილიის ამბავი არის „ჯინგას“ (იმ საფეხბურთო სულის) დაკარგვის ისტორია, გერმანიის კედლის მეორე მხარე სულ სხვა, უფრო ჩახლართულ ლაბირინთს ჰგავს. გერმანული ფეხბურთი ხომ ათწლეულების განმავლობაში საფეხბურთო დისციპლინით გამოირჩეოდა…

ყველაფერი ბერნის სასწაულით დაიწყო. ომისგან გატანჯული ქვეყნისთვის ეს მუნდიალი მსოფლიო რუკაზე “მანშაფტის” დაბრუნების ტოლფასი იყო. ფინალი უნგრეთის წინააღმდეგ, სადაც ფრიც ვალტერის გუნდმა წაგებული მატჩი გამარჯვებად აქცია. გერმანიამ აჩვენა, რომ ფეხბურთი არის ბრძოლა უკანასკნელ წამამდე, ეს კი ნაკრების „სავიზიტო ბარათი“ გახდა. 70-იანი წლების „კაიზერის“ ეპოქა თუ 1990 წლის გაერთიანებული ერის ტრიუმფი ამტკიცებდა თუ რამდენად ძლიერია გერმანული ხასიათი.

მაგრამ ისტორიას ირონია უყვარს. 2014 წლის 8 ივლისს, ბელო ჰორიზონტეს „მინეირაოზე“, მანქანამ გაიბრწყინა ბრაზილიის წინააღმდეგ,ოლიმპოს გასაღები მიიღო და რამდენიმე დღეში, მარაკანაზე, ოქროს თასიც დამსახურებულად აღმართა. და როგორც დრომ აჩვენა, ეს აღმოჩნდა (დღეისთვის) უკანასკნელი, გაბრწყინება დიდ სცენაზე. როგორც ძველ ბერძნულ ამბებში, სხვისი ტაძრის ნგრევას (თანაც ბრაზილიაში, სადაც ფეხბურთი რელიგიას უტოლდება) ყოველთვის მოსდევს სასჯელი. გერმანელებმა ბელო ჰორიზონტეში გამოსცალეს სული ბრაზილიას, მაგრამ საკუთარი საფეხბურთო სულიც იქ, „მინეირაოს“ გაზონზე დატოვეს. 2018 წელს მოქმედი ჩემპიონები ჯგუფურ ეტაპზე მექსიკამ და სამხრეთ კორეამ სამარცხვინოდ გამოაგდეს. „მანშაფტმა“ პირველად ისტორიაში ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. 2022 წლის კიდევ ერთი წყევლისებური "დეჟავიუ" - გერმანია კვლავ ვერ ახერხებს ჯგუფური ბარიერის გადალახვას.

და აი, მივედით 2026 წლის ჩრდილოამერიკულ მსოფლიო ჩემპიონატამდე. „ბუნდესგუნდი“ იმ იმედით ჩადის, რომ ორგზის ჯგუფში ჩარჩენის წყევლას საბოლოოდ დაასრულებს. ტურნირის სტარტზე, ჰიუსტონში, გერმანიამ კიურასაო 7:1 გაანადგურა. საფეხბურთო სამყარომ ამოისუნთქა, ბევრმა იფიქრა კიდეც, ალბათ მინეირაოს წყევლა საბოლოოდ დაამარცხესო. ჯგუფიდან გასვლა ამჯერად მართლაც მოხერხდა, მაგრამ ეს მხოლოდ სამხრეთამერიკული შამანური მახე აღმოჩნდა…

ბოსტონში, 1/16-ფინალში, გერმანია პარაგვაის დაუპირისპირდა. მძიმე 1:1-ის შემდეგ, საქმე საფეხბურთო ლატარიამდე, პენალტების სერიამდე მივიდა. მაგრამ ჰავერცის, ვოლტემადესა და ტას აცილებულმა დარტყმებმა „მანქანას” კიდევ ერთხელ აგრძნობინა მარცხის სიმწარე. პარაგვაიმ პენალტები 4:3 მოიგო და გერმანია სახლში ნაადრევად გაამგზავრა. და ამ საბედისწერო პენალტების სერიაში, გერმანიის კართან იდგა კაცი, რომელიც 2014 წლის იმ მითიური „მინეირაოს“ მოწმე და შემოქმედი იყო - მანუელ ნოიერი. მეკარე, რომელმაც თავის დროზე რევოლუცია მოახდინა საფეხბურთო სამყაროში, ამჯერად უძლური იყო პარაგვაელთა დარტყმების წინაშე. მისი სევდიანი მზერა ბოსტონის მოედანზე იყო საბოლოო წერტილი იმ დიდი თაობისა, რომელმაც 2014 წელს სამყარო დაიპყრო, დღეს კი, ნოიერის ბოლო ნახტომთან ერთად, საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას.

აქ კი მივდივართ მთავარ კითხვამდე, რომელიც მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, ყველაზე მეტად მაინტერესებს: აქვთ კი ამ გუნდებს მომავალი, თუ ეს კრიზისი სამუდამოა?

პერსპექტივაზე თუ ვისაუბრებთ, ორივე გუნდს ჰყავს საოცარი თაობა. გერმანიას ჰყავს ჰავერცი, კარლი, ბრაუნი... ხოლო ჯამალ მუსიალა და ფლორიან ვირცი ის ბირთვია, რომლის გარშემოც მომდევნო ათწლეული უნდა აშენდეს. ნიკ ვოლტემადემ მართალია გადამწყვეტი პენალტი ააცილა, მაგრამ ის ზუსტად ის ტიპაჟია, გერმანულ მანქანას რომ სჭირდება. მეორე მხრივ, ბრაზილიასაც ეზრდება და უკვე გაეზარდა ვინისიუსის, რაიანის, როდრიგოსა და ენდრიკის სახით ახალი თაობა, რომელმაც ნეიმარის ეპოქის მძიმე მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს. თითქოს ნეიმარის მთელი ეს წამებული, ტრავმებითა და იმედგაცრუებებით სავსე კარიერა, მისი ეს უკანასკნელი განწირული ცეკვა ჩრდილოამერიკულ გაზონზე, სხვა არაფერი იყო, თუ არა მომავლისთვის გზის გაკაფვა. მერანი, რომელიც მარტო მიაპობდა საფეხბურთო უიღბლობის წყვდიადს, რათა მის ზურგს უკან მომავალ ბიჭებს შავი ბედისწერის წინაშე შიში აღარ ჰქონოდათ. და მიჩნდება რიტორიკული კითხვა: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება?!”…

მაგრამ თურმე მხოლოდ მოთამაშეები და დიდი სახელები ვერაფერს წყვეტს, თუ სისტემაა მოშლილი. ამის საუკეთესო მაგალითი სწორედ ბრაზილია და კარლო ანჩელოტია.

რა ილუზიები გვქონდა, არა? გვეგონა, რომ "პაპა კარლო" თავისი სტოიციზმით, აუღელვებლობითა და ვარსკვლავების მართვის გენიალური ნიჭით ზუსტად ის მესია იქნებოდა, რომელიც სელესაოს ძველ დიდებას აღადგენდა. ველოდით, რომ ანჩელოტი ბრაზილიას ისევ კარნავალის განწყობას გაახსენებდა, მაგრამ ანჩელოტიმაც კი ვერ უშველა ამ გუნდს. ბრაზილია ამ მუნდიალიდანაც ნაადრევად, სრულიად უსუსურად გამოვარდა.

ბრაზილიის ამ ტრაგიკული კრახის ფონზე, ახლა მთელი ყურადღება გერმანიისკენ და იურგენ კლოპისკენ გადადის. გერმანიისთვის კლოპი ის უკანასკნელი იმედია, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადება შეუძლია. კლოპი ანჩელოტისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟია, ის არ შეეცდება გერმანია სხვის სტილში აათამაშოს (რამაც დაღუპა კიდეც მათი თვითმყოფადობა ბოლო წლებში). პარაგვაისთან ბოსტონური მარცხი მძიმე დარტყმაა, მაგრამ კლოპის ხელში ეს შეიძლება გახდეს ბევრად უფრო ძლიერი ეპოქის დასაწყისი. გერმანიამ ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ ადრე თუ გვიან, ყველა კედელი ინგრევა - ისევე, როგორც 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინში. საფეხბურთო წყევლაც ზუსტად ასე, ერთ დღესაც უნდა დასრულდეს, რადგან ისტორია ყოველთვის წრეზე ბრუნავს. ანჩელოტის ბრაზილიური ოცნება დაიმსხვრა, 2030 წლამდე ვერ გავიგებთ, აღდგება თუ არა… ახლა კი ჯერი კლოპის გერმანულ როკ-ენ-როლზეა.

ისტორია იწერება, მაგრამ ზოგჯერ ის გვტოვებს განცდით, რომ ზოგიერთი ბედნიერი დასასრული მხოლოდ ფილმებში არსებობს - იქ, სადაც გმირები ბოლო წამზე აუცილებლად იმარჯვებენ და ცრემლებს მხოლოდ სიხარულისგან ღვრიან. რეალურ საფეხბურთო ცხოვრებაში კი, მარაკანასა და მინეირაოს გაზონებზე, ტაძრები ნამდვილად ინგრევა და ნეიმარის მსგავსი პრინცები გვირგვინის გარეშე რჩებიან.

მუნდიალის კარი ყოველთვის ღიაა ახალი გმირებისა და ახალი ტრიუმფებისთვის, მაგრამ ამჯერად, ბრაზილიისა და გერმანიის გზები ისეა ნისლით დაფარული, როგორც არასდროს. ახლა ყველაფერი ამ ნისლის მიღმაა დამალული. გადაარჩენს თუ არა კლოპის "ჰევი მეტალი" გერმანულ სულს, ან შეძლებენ თუ არა ბრაზილიის ახალი "ჰუნები", კარლოსთან ერთად გათელილ უვალ გზაზე სიარულს - ეს მხოლოდ დროის ამბავი და მისი შენახული საიდუმლოა. მანამდე კი, ჩვენ, ტელევიზორებთან თუ მოედნის ტრიბუნებთან მსხდომ გულშემატკივრებს, მხოლოდ ის გვრჩება, რომ ამ დიდებული, მტკივნეული და სასტიკი ამბის მონაწილენი ვიყოთ. ამბისა, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

ჟორა გაბრიჭიძე
ბრაზილიურად და ლაღად ვეღარასდროს ვეღარ ითამაშებს ბრაზილია, რადგან ასეთი ფეხბურთი დიდი ხანია მოკლეს, მათი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ხომ ევროპაში სხვა ფეხბურთს თამაშობს?
გიგა
ძალიან კარგი სტატიაა და ალბათ ამ საიტზე პირველი შემთხვევაა როცა გარკვეული ანალიზის გადმოცემა მოხდა. ერთი უნდა დავამატო-განა გარდა გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებების ჩავარდნისა,იტალიის ნაკრების ბოლო წლების შედეგები არ არის ლოგიკური? მარტო აფრიკის გუნდების რეზულტატები რატო უკვირს ამ სტატიის კომენტატორებს? ნორვეგია? შვეიცარია?რამოდენიმე წლის წინ ისლანდიის ნაკრების შედეგები? თუ ფიფა და უეფა სრულიად არ დაღუპავენ ფეხბურთს, მაშინ ამ თამაშის ევოლუცია და განვითარება კიდევ ბევრ სასწაულს დაგვანახებს.
კიეზა
უმაგრესი სტატიაა..სწორი ანალიზით..ჩემი მოკრძალებული აზრი ჩემპიონატის დაწყებამდეც ვთქვი..ეს ბრაზილიის ნაკრები ალბათ ისტორიის მანძილზე ყველაზე სუსტია..იაპონიასთჯ გამოჩნდა როგორც დაბერებული გუნდი ..პლუს შემადგენლობის შერჩევის შეცდომა..ალბათ ანჩელორისაც არ ქონდა დიდი არჩევანი რაც 210 მილიონიან ქვეყნისთვის კატასტროფაა .აი გერმანიაზე კი მისმა ლეგენდამ ტონი კროოსმა თქვა და ყველაფერს გასცა პასუხი რომ ბრაზილიასავით დიდ და უმდიდრესი საფეხბურთო ისტორიის ქვეყანას არ ყაბს მსოფლიო დონის თუნდაც ერთი ფეხბურთელი...ასე რომ მათი კრახი გარდაუვალი იყო.კლოპი ნამდილად დაალაგებს და შეკრავს გუნდს..აი კარლიტო კი ჩემის აზრით უნდა გაუშვან..
მარიამ ვაშაკიძე
დიდი მადლობა!!❤️❤️
ჟორა
სულ 2-3 მუნდიალია საჭირო, რომ გერმანია-ჰოლანდიიდ ბედი გაიზიაროს ევროპულ ნაკრებთა უმრავლესობამ და მუნდიალზე ტონის მიმცემები აფრიკის ქვეყნები გახდნონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში საფეხბურთო ლიგების ძირითადი შემადგენლობა, აფრიკელი და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ადგილობრივ ფეხბურთელებს კი არ ეძლევათ საშუალება მაღალ დონეზე ითამაშონ და დაოსტატდნონ. მე გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ევროპელმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ დადგენილება, რომ ყველა გუნდს დაერთოს უფლება რამდენი უცხოელიც უნდათ იმდენი იყოლიონ გუნდში, მაგრამ აეკრძალოთ ერთდროულად 3-4 უცხოელ ფეხბურთელზე მეტის მინდორზე გაყვანა. ასე უნდა მოიქცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.
ქეთა
ძალიან კარგი სტატიაა, ბრავო
ავჭალიდან
რიშარლისონი რომ დატოვეს მარტო მაგ მომენტიდან ჩანს რომ არასწორი შემადგენლობა და ტაქტიკა აარჩიეს….
ოთარიჩი
უკვე მეორე სტატია შემხვდა ამ გოგონასი და ისევ აღფრთოვანებული ვარ, სპორტული ჟურნალისტიკის უმაღლესი პილოტაჟია, საოცარი ხედვით, ანალიტიკით და ჟურნალისტური გემოვნებით. არ ვიცი ეს გოგონა ვინ არის ან აქამდე სად იყო, მაგრამ როგორც გულშემატკივარი 1978 წლიდან, ქედს ვიხრი მისი ნიჭის და პროფესიონალიზმის წინაშე, ბრავო 👏👏👏 P.S. წარმომიდგენია კაბო ვერდეზე რა სტატია და ანალიზი იქნება, წინასწარ ვტკბები ✌️
ტიტე
როცა უგნური თაგუნა იუკადრისებს თაგვობას და ჩიტობას გადაწყვეტს შედეგი ყოველთვის ერთია, აღარც თაგვია და აღარც ჩიტი, ეს დაემართა ბრაზილიას და ესე იქნება სანამ იმ თავის გიჟურ ლაღ ფეხბურთს არ დაუბრუნდებიან რის გამოც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ, საქმე მოგება წაგებაში არ არის ვერც 1982 და 1986 წლებში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი მაგრამ ენა ვის მოუბრუნდებოდა თამაშობდნენ ბრაზილიურად, ლაღად ლამაზად. ბოლო წლებია კი ძალიან უნდათ ევროპული წესრიგი შემოიტანონ თავიანთ ფეხბურთში რაც სასაცილოა, ამიტომ დაემსგავსნენ ,,ღამურებს,,.
ამატაკი
შესანიშნავია, ბრავო!
რევალდო
ვის ახსოვს ბეკენბაუერის სიტყვები ქართველებზე - ასეთები ვერასდროს ითამაშებენ და მოიგებენო. ხოდა მაგ გაბღენძილობის მიღმა ისე გამოჩნდა, რომ დღეს ჩვენ ხვიჩა და თითო ოროლა გვყავს და გერმანია არაერთგვაროვანი ინტერნაციონალის იმედზეა, ამასთანვე ასე ნაქები გერმანულმა ხასიათმა გამრავლება და ბეკენბაურების დაბადება რატომ ვერ ისურვა? რა გაუჭირდათ? კლოპი გერმანიის ანჩელოტია - სახელოვანი 'პრობკა', ეფექტური შირმა, ქეცბაიას თქმის არ იყოს, კლოპი მიულერებს ვერ დაბადავს. ბრაზილია კი ჩვენთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს, მათაც მიბაძვით დაიღუპეს თავი, ევროპული სტაბილურობაა საჭიროო, ეგ აზრი მათაც დიდხანს აწუხებდათ ჩვენი არ იყოს და აჰა დადეს შედეგი. რამდენი ტალანტი ვაუფუჭდათ უკვე კარგად ანაზღაურებად ევრო კლუბებში. ხოდა თუ არ შევეშვით სისტემურ მოთქმას და კააი ხელფასის ლოდინს ვერც ხვიჩა გვიშველის და ამასობაშ კაბო ვერდე მსოფლიოს მოიგებს და ისლანდია ევროს 😉
Gio
ავტორის ლუდზე დაპატიჟება რომ მოგინდება, ისეთი სტატიაა :დ
alexandre
ნამდვილად გამიკვირდა ასეთი ღრმა ანალიზი. გაიხარე მარიამ(!) ვაშაკიძე. რესპექტი ჩემგან, ფეხბურთის გულშემატკივრისგან 1961 წლიდან.
Gomako
კარგი სტატიაა ნამდვილად,ყოჩაღ ავტორს
ZZZ
გერმანიას პროგრესი აქვს, ზედიზედ ირჯერ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ მეთექვსმეტედფინალში ითამაშა :):):)
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"ისეთი რაღაცები მესმოდა, კინაღამ გავგიჟდი" - ლეანდრო პარედესი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
"მერე რა, რომ არ ვითამაშებ?" - მოურინიომ კამავინგა კლუბიდან წასვლაში ვერ დაარწმუნა
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე "მალიორკაში" გაანათხოვრა
"რეალი" დიომანდეს 100+ მილიონად შეიძენს
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
მოთხოვნებს ჯერ ვერ უკმაყოფილებენ - "რეალი" და ვინისიუსი შეთანხმებას ვერ აღწევენ
"რეალი" არ ჩერდება - მოურინიოს გუნდი კიდევ ორი ვარსკვლავის დამატებასთანაა ახლოს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
ქოჩორაშვილი "სპორტინგის" განაცხადში არ იყო და მისი წასვლა გარდაუვალი ჩანს
ახალი ვარიანტი - პსჟ-ის მეკარე შესაძლოა, იტალიურ გრანდში გადაბარგდეს
7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
მარცხის შემდეგ გამარჯვება - "ნიკე ლუსომ" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა
[VIDEO] გოლის გატანა მისი ხელობაა - მიქაუტაძემ პსვ-ს დაცვა და მეკარე გააბითურა
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
ვოზინია მალე "კოლო-კოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!