ბაადურ ჯობავამ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე მესამედ იასპარეზა და სამივეჯერ მესამე რაუნდში ჩამოშორდა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას
გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს თასზე მესამედ იასპარეზა და სამივეჯერ მესამე რაუნდში ჩამოშორდა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას. წინა ორ შეჯიბრებაში რუსებთან დამარცხდა. ამჯერადაც ჩრდილოელ მეზობელს - დმიტრი იაკოვენკოს დანებდა. მინიმატჩის (ორი კლასიკური პარტია) დამთავრების შემდეგ მეტოქეებმა ტურნირის პრესცენტრში პრესკონფერენცია გამართეს.

- ბაადურ, მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე წრე თქვენი საყვარელი წრეა, არა? - ხუმრობით ჰკითხა ჯობავას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

- როგორც ჩანს, უსაყვარლესი! წინა გათამაშებაზე ხანტი-მანსიისკში ალექსანდრ გრიშჩუკთან დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდი. მომდევნო ეტაპზე გასვლის ბედი მაშინ ბლიცპარტიებმა გადაწყვიტა. ამჯერად კი იოლად დავთმე პოზიციები - მეტოქემ ყველა სტადიაში მაჯობა, ამიტომ გაუმართლებლობაზე საუბარი უხერხული და თავის მართლება იქნებოდა.

- როგორ შეაფასებთ ამ ტურნირზე დიმიტრის შესაძლებლობებს?

- თუ ისე ითამაშებს, როგორც ჩემთან პირველ პარტიაში, მაშინ ბევრი კითხვა გაჩნდება (იაკოვენკო მე-4 წრეში აზერბაიჯანელ თეიმურ რაჯაბოვთან დამარცხდა 0,5:1,5 და ჯობავას ბედი გაიზიარა - ვ.დ.)

- ალბათ, გული გწყდებათ, რომ ხანტი-მანსიისკს ნაადრევად ტოვებთ...

- ჯერ წასვლას არ ვაპირებ, ჩემს შეგირდს - იაროსლავ ჟერებუხს უნდა ვუქომაგო...

ჟერებუხი (რეიტინგი 2580) უკრაინელი დიდოსტატია, 18 წლის (1993 წელსაა დაბადებული), მსოფლიოს თასის ყველაზე უმცროსი მონაწილე. ამის მიუხედავად, მან ხანტი-მანსიისკში სპეციალისტების და გულშემატკივრების განცვიფრება შეძლო, რადგან შეჯიბრებიდან გამოთიშა საჭადრაკო ელიტის წარმომადგენლები - უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული პაველ ელიანოვი (2697) და შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2765).

`შინიდან გამომგზავრების წინ მშობლებს ხუმრობით ვუთხარი, მსოფლიოს თასზე სამი წრის გავლა შემიძლია, მაგრამ პირველ რაუნდში ელიანოვს როგორ ვაჯობო, არ ვიცი-მეთქი. თავადაც მაინტერესებს, როგორ მოვახერხე ტიტულოვანი დიდოსტატის დამარცხება~, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ჟერებუხმა.

- როგორ აღნიშნე ეს წარმატება?

- მე ვერ გეტყვით, ჩემს მწვრთნელს - ბაადურ ჯობავას ჰკითხეთ.

ჯობავა: დიახ, აღვნიშნეთ ასე - შეუსვენებლად დავიწყეთ მზადება მეორე რაუნდისთვის.

- ბაადურ, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

- ჩერნიგოვის კლუბში ერთად მოხვედრამდე იარიკს არ ვიცნობდი. ჩვენ ერთსულოვანი გუნდი გვყავს, უკრაინის ორგზის ჩემპიონი და ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პრიზიორი. ერთსულოვნებას დღემდე ვინარჩუნებთ. შეჯიბრებების წინ ჟერებუხისთვის არაერთხელ გამიზიარებია ჩემი შთაბეჭდილებები მის თამაშზე და ინდივიდუალურად მოსამზადებლად რჩევებიც მიმიცია. ერთხელ მან თანამშრომლობა შემომთავაზა და რამდენიმე დღით მესტუმრა კიდეც. ვეცადე, მისთვის არა მარტო საჭადრაკო რჩევები მიმეცა, არამედ ფსიქოლოგიურადაც მომემზადებინა, რომ საკუთარი ძალების მეტი რწმენა ჰქონოდა.

ჩემი შეხედულებით, ის სისტემა, რომლითაც უწინ მუშაობდა იაროსლავი, ანუ 10-12 საათი საჭადრაკო დაფასთან ჯდომა, არასწორია. მე მას ავუხსენი, როგორ უნდა იმუშაოს და როგორ გახდეს თვითდაჯერებული. იარიკი კარგი ბიჭია, თავის ასაკთან შედარებით ჭკვიანიც. იგი უმცროს ძმად მიმაჩნია. მომავალშიც თუ ასე გულიანად იმუშავებს, თანაც ჩემზე ბევრად გამოცდილ მწვრთნელებთან, მაღალ შედეგებს მიაღწევს. ვერ გეტყვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდება თუ არა, მაგრამ ტიტულისთვის რომ იბრძოლებს, ამაში დარწმუნებული ვარ...

ჟერუბუხმა მეოთხე რაუნდში ჩეხ დავიდ ნავარასთან 0:2 წააგო. თუმცა მიღწეული ახალგაზრდა დიდოსტატისა და მისი მწვრთნელისთვისაც დიდი წარმატებაა.

გუშინ ხანტი-მანსიისკში მეოთხედფინალების პირველი ორთაბრძოლები გაიმართა: პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-იუდით პოლგარი (უნგრეთი) 0,5:0,5, ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 1:0, ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-დავიდ ნავარა (ჩეხეთი) 0,5:0,5, რუსლან პონომარიოვი (უკრაინა)-ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა