აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა სერენა უილიამსი 6:2, 6:3 დაამარცხა
ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირი მოულოდნელად დასრულდა. ფინალის წინ სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმრავლესობას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სერენა უილიამსი ორ ან სამ სეტში დაამარცხებდა ავსტრალიელ სამანტა სტოსურს და კარიერაში "დიდი სლემის" მე-14 ტურნირს მოიგებდა.

ალბათ, ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა, თავად სამანტა სტოსური იყო. ავსტრალიელისთვის ეს იყო კარიერაში "დიდი სლემის" მეორე ფინალი. მანამდე მან 2010 წელს ითამაშა როლან გაროსის გადამწყვეტ მატჩში და იტალიელ ფრანჩესკა სკიავონესთან ორ სეტში დამარცხდა. სხვათა შორის მაშინ სამანტამ გზად სერენა დაამარცხა, თანაც მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

შარშან სტოსური ამერიკის ღიას მეოთხედფინალში გავიდა, მანამდე კი "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული. თუმცა პროფესიული კარიერის საწყის წლებში სამანტა უფრო წყვილების მოთამაშე იყო და ერთეულებში წარმატებების მიღწევა 2009 წლიდან დაიწყო.

სერენას კი ნიუ იორკში სამი გამარჯვება ჰქონდა, ასე რომ, გადამწყვეტ მატჩებში თამაშის გამოცდილების მხრივ, მას კოლოსალური უპირატესობა გააჩნდა. რაც შეეხება სათამაშო ელემენტებს, მოწოდების მხრივ ჩოგბურთელები თანაბარი ძალისანი არიან, უკანა ხაზზე დარტყმების ძალა სერენას უკეთესი აქვს, სამაგიეროდ, სტოსური უფრო სტაბილურია, ვიდრე ამერიკელი.

ურთიერთშეხვედრებში ამერიკელი 4:2-ს უგებდა ავსტრალიელს, თანაც მათი ბოლო შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ, ტორონტოს სუპერტურნირზე შედგა და იქ ფინალი უმცროსმა უილიამსმა ორ სეტში მოიგო - 6:4, 6:2.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფინალი ამერიკელს არ გამოუვიდა. მას თავიდანვე არ წაუვიდა ძლიერი დარტყმები და საფირმო მოწოდებები, რის გამოც მასპინძელი უფრო მეტად ანერვიულდა, შესაბამისად, შეცდომებს თვლა არ ჰქონდა.

სტოსური კი კარგად იჭერდა ბურთს თამაშში, დარტყმების რითმს ცვლიდა, ბევრს არბენინებდა მეტოქეს... გარდა ამისა, ავსტრალიელს ძალიან შველოდა მოწოდება. უილიამსმა კარგა ხანი ვერ დაალაგა თამაში მიღებაზე და მთელი პირველი სეტის განმავლობაში მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ სამი (!) ქულა აიღო. სტოსურმა კი პარტიის დასაწყისში და ბოლოში გააკეთა თითო ბრეიკი.

მეორე სეტის სტარტზე ადგილი ჰქონდა ეპიზოდს, რომელმაც დროებით "გამოაღვიძა" სერენა. ერთ-ერთმა მსაჯმა სამანტას ბრეიკი მიანიჭა იმის გამო, რომ სერენამ თავისი დარტყმის კორტში ჩავარდნამდე დაიყვირა: "common!"

არბიტრთან კამათს შედეგი არ მოუტანია და ამის შემდეგ გაბრაზებულმა უილიამსმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტოქეზე იყარა ჯავრი.

ის ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდა. უილიამსმა დაიბრუნა ბრეიკი, შემდეგ კი ავსტრალიელის მოწოდებისას კიდევ ერთ შანსი მიიღო. მაგრამ იქ სამანტამ აუღელვებლად ითამაშა და ამის შემდეგ სერენას ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. თანდათან უილიამსს გაუქრა მსაჯისგან მიღებული მუხტი, ისევ იმატა შეცდომებმა და სტოსურმა კვლავ მოიპოვა უპირატესობა უკანა ხაზზე.

შესაბამისად, სავსებით ლოგიკური იყო ავსტრალიელის ბრეიკი. უფრო მეტიც, მატჩის ბოლოს მან კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი, როცა მატჩბოლზე ბრწყინვალე მიღება შეასრულა.

სხვათა შორის ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ფინალი ზედიზედ მეთექვსმეტედ ორ სეტში დასრულდა. ბოლოს აქ სამსეტიანი ფინალი 1995 წელს შტეფი გრაფმა და მონიკა სელეშმა ითამაშეს და მაშინ ჩემპიონი გერმანელი ჩოგბურთელი გახდა.

"ვფიქრობ, ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში. გამიმართლა, რომ ის ნიუ იორკში ფინალურ შეხვედრას დაემთხვა. ამაზე კარიერის დასაწყისიდანვე ვოცნებობდი. უნდა დამეჯერებინა საკუთარი თავი, რომ სერენას ძლევის შანსი მქონდა, მით უმეტეს, რომ კარიერაში ორჯერ მყავდა დამარცხებული. მეტოქის პრაქტიკულად ყოველ მეორე მოწოდებაზე კარგად გამომდიოდა ჩემი საყვარელი ფორჰენდი. ამან მეტოქეზე უდიდესი ზეწოლა მოახდინა", - საკუთარი ემოციები გაგვანდო მატჩის შემდეგ სტოსურმა.

სამანტა ბოლო 31 წლის განმავლობაში პირველი ავსტრალიელია, ვინც "დიდი სლემის" ტურნირზე ერთეულებში გაიმარჯვა. ბოლოს ეს ივონ გულაგონგმა გააკეთა, რომელმაც 1980 წელს უიმბლდონი მოიგო.

ამერიკის ღია პირველობაზე კი აქამდე ერთადერთ ავსტრალიელს - მარგარეტ კორტს ჰქონდა მოგებული (1969, 1970, 1973).

უილიამსმა კი კარიერაში მეოთხედ წააგო "დიდი სლემის" ტურნირი. მანამდე დამარცხდა მარია შარაპოვასთან (2004 წლის უიმბლდონი) და ორჯერ თავის დასთან - ვენუს უილიამსთან (აშშ-ის ღია-2001 და უიმბლდონი-2008).

წელს ქალებს შორის "დიდი სლემის" ყველა ტურნირს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს მოხდა. ამ სეზონში ავსტრალიის ღია მოიგო ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა, როლან გაროსი - ჩინელმა ნა ლიმ, უიმბლდონი - ჩეხმა პეტრა კვიტოვამ და აშშ-ს ღია - სამანტა სტოსურმა.

ასევე კვირას გაიმართა ქალების წყვილებს შორის ფინალი, რომელშიც იაროსლავა შვედოვამ და ვანია კინგმა კინაღამ შეინარჩუნეს ტიტული, თუმცა ერთი ნაბიჯი დააკლდათ მორიგ ტრიუმფამდე. ისინი უგებდნენ ამერიკელებს - ლიზა რეიმონდსა და ლიზელ ჰუბერს 6:4, 5:3-ს, მაგრამ რაღაც მომენტში მოდუნდნენ, რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, საბოლოოდ, მეორე და მესამე სეტები ტაი-ბრეიკებზე დათმეს.

ქალები

ერთეულები. ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-სერენა უილიამსი (აშშ, 28) 6:2, 6:3.

წყვილები. ფინალი

ლიზა რეიმონდი/ლიზელ ჰუბერი (აშშ, 4)-იაროსლავა შვედოვა/ვანია კინგი (ყაზ/აშშ, 3) 4:6, 7:6(5), 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს