იმედია, დავით იმედაშვილი, რევაზ ბარაბაძე, ლევან ყენია და ბექა გოცირიძე მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან
საფეხბურთო სამყაროს ხშირად ის ემართება, რაზეც მოხევეები ამბობენ, თვალშორა, გულშორაო. როდესაც ფეხბურთელი მძიმედ დაშავდება და მკურნალობს, ბევრს ავიწყდება, რომ მას არც ისე დიდი ხნის წინათ სარგებლობა მოჰქონდა - ასეთ მდგომარეობაში არიან ოდესღაც ყურადღებით განებივრებული ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიც და დღევანდელ მდგომარეობას ძალიან განიცდიან.

დღეს ოთხი მათგანის ამბავს მოგიყვებით, რომლებიც, ვფიქრობთ, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ალბათ, ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან.

იმედაშვილის იმედი - ვარჯიში დავიწყე!

საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე დავით იმედაშვილი "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა, საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დაიმსახურა და თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა.

26 წლის ფეხბურთელი 2010 წლის ზაფხულში ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველივე საშინაო შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

იმედაშვილმა მენისკის ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა და ოქტომბერში რეაბილიტაცია გაიარა. ნოემბრის დასაწყისში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა რედნიკმა აზერბაიჯანულ გამოცემა "ექსტრა-ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკადრო პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდება, რადგან იმედაშვილი მოედანს უბრუნდებაო.

დათოც იგივეს იმედოვნებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

"პირველი ოპერაცია სტამბოლში შარშან 15 სექტემბერს გამიკეთეს, მაგრამ ვარჯიში განვაახლე თუ არა, მუხლი გამისივდა - აღმოჩნდა, რომ ვარჯიში ნაადრევად დამაწყებინეს და 25 დეკემბერს მეორე, უფრო რთული ოპერაცია გამიკეთეს. რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, დღემდე ნორმალურად ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ მკურნალობის პერიოდი დასრულდა, ახლახან სირბილი დავიწყე და მალე ჩვეული დატვირთვებითაც ვივარჯიშებ.

იმდენი ხანია არ მითამაშია, რომ ფეხბურთი ძალიან მომენატრა. ცხადია, კარგად ჯერ ვერ ვიქნები, მაგრამ მალე მეტ დატვირთვაზე გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს იმედაშვილი.

ტრავმირებულ იმედაშვილს "ხაზარის" ხელმძღვანელობა კეთილშობილურად არ მოექცა, ნაოპერაციები მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მარადონასაც არავინ აიყვანდა და ფიზიკურ ტრავმას ეს დარტყმაც დაემატა. ამიტომ, აზერბაიჯანულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე დაელაპარაკა:

"საბოლოოდ კლუბი მაინც დავითანხე, კონტრაქტი გაწყვიტეს და თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვედი. ძნელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ბევრმა დამივიწყა, მაგრამ არაფერია, მოვმჯობინდები და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. ტრავმა ვის არ მოსვლია, მთავარია, საკუთარი თავის მჯერა".

რევაზ ბარაბაძე - ბუცების მორგებაც გამიხარდა

თბილისის "დინამო-3", "თბილისი", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", იენის "კარლ ცეისი", მახაჩყალის "ანჟი", რუსთავის "ოლიმპი" - ეს ის გუნდებია, სადაც სხვადასხვა პერიოდში 22 წლის თავდამსხმელ რევაზ ბარაბაძეს უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ორი მატჩიც ჩაატარა და პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებების ყოფილი თავკაცის, ბრაზილიელი ლუის ფილიპე სკოლარის მოწონებაც დაიმსახურა.

თუმცა ნიჭიერ თავდამსხმელს პრობლემები სწორედ ამ პერიოდში დაეწყო: 2008 წელს მახაჩყალის "ანჟიში" დაშავდა, რამდენჯერმე გაიკეთა მუხლზე ოპერაცია, ორჯერ ვარჯიში რუსთავის "ოლიმპში" განაახლა, მაგრამ ორივეჯერ დაშავდა - ეს ბოლოს 2010 წლის დეკემბერში მოხდა.

ამჟამად თავდამსხმელი იმედიანად არის და ამბობს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

"მგონი, მეშველა - სამთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ინდივიდუალური ვარჯიში დავიწყე. ჩვენი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე ძალიან დამეხმარა, რომელმაც საკუთარ აკადემიაში ვარჯიშის საშუალება მომცა.

მოედანს ახლახან დავუბრუნდი. ვერ წარმოიდგენთ, ბუცი რომ ჩავიცვი, როგორ გამიხარდა. მეცხრე თვე მთავრდება, რაც არ მითამაშია. მძიმე ტრავმის გამო უფრო მეტი დრო გამიცდა, ვიდრე ჯვარედინი იოგების დაზიანებისას. ბოლოს 2010 წლის დეკემბერს ვითამაშე. წელის პრობლემაც მქონდა და მოძრაობა მიჭირდა, მაგრამ უკვე ბედნიერი ადამიანი ვარ, ვარჯიშს მაინც რომ ვახერხებ.

ახლა ყოველდღე ორჯერ ვვარჯიშობ, დილით "ნაუტილუსში" ტრენაჟორებზე, საღამოს კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ბურთით", - ამბობს ბარაბაძე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშით გუნდები მაინც დაინტერესდნენ: "მართალია, დიდი ხანია, ჩრდილში ვარ, ხალხს აღარ ვახსოვარ, თუმცა ზოგიერთმა გუნდმა ტრავმირებულიც არ დამივიწყა. რაღაც ვარიანტები უკვე მაქვს და თავისუფალი აგენტობაც ხელს მიწყობს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში, ფორმიდან ამოვარდნილი და უთამაშებელი, ვერსად წავალ. მირჩევნია, მცირე ხნით რომელიმე ქართულ გუნდში ვივარჯიშო და უცხოეთში მერე ვცადო ბედი".

ლევან ყენია მოედანს მალე დაუბრუნდება

ლევან ყენია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ყველაზე ახალგაზრდა გახდა - სანაკრებო დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "შალკეში" 2007-08 წლების სეზონის მსვლელობისას გადავიდა და ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, გერმანიის თასზე კი - 2 და ერთი გოლი გაიტანა. მოედანზე 2011 წლის დასაწყისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ "შალკეს" თურქულ შეკრებაზე ვითომ ნამკურნალები კოჭი ისევ ატკივდა და კვლავ საოპერაციო შეიქნა.

ხუთთვიანი რეაბილიტაცია, საგანგებო ფეხსაცმლით სიარული და მორალურად უმძიმესი პერიოდი ლევანმა აგვისტოში დაასრულა, ძუნძული დაიწყო, ფიზიკურად ემზადებოდა, კოჭის ტკივილები საერთოდ აღარ აწუხებდა და სექტემბრის დასაწყისში, ერთი კვირის წინ "შალკეს" შეუერთდა.

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკე" რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, მათ შორის ყენიასთან. მსგავსი ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინაც ვრცელდებოდა, როდესაც ქართველი პლეიმეიკერი ჯანმრთელად იყო.

"მსგავსი არაფერი ხდება, ლევანი ტრანსფერზე არ დაუყენებიათ და "შალკეში" ვარჯიშობს", - გვითხრა ბიძამისმა, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ.

20 წლის ახალგაზრდა "შალკესთან" ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ფელიქს მაგათის მსგავსად ვარჯიშის დაჩქარებას და მოუშუშებელი ტრავმით თამაშს აღარ აძალებენ, არის ვარჯიშები, რომელსაც არიდებენ. ახლა უმთავრესია, ლევანი მოედანს დროულად დაუბრუნდეს. ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელი, რომელსაც 2009 წლის შემოდგომის შემდეგ აღარ უთამაშია, ცხადია, ჯერ ფორმაში არ არის, მაგრამ "შალკეში" მისი ვარჯიში ძალიან გვაიმედებს.

ჯერ ცნობილი არ არის, ლევანი მოედანს როდის დაუბრუნდება - გიორგი კიკნაძის თქმით, სავარაუდოდ, ეს თვენახევარში, ანუ ნოემბრის დასაწყისში მოხდება.

საინტერესო ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ორი წელწადია მკურნალობს და ხეირიანად არ უთამაშია, "ტრანსფერმარკტ"-ი მის ტრანსფერს მილიონ ევროდ აფასებს.

ყენიას დაბრუნებას ელიან საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და გულშემატკივრები. ფაქტია, რომ ნაკრების უმთავრესი გუნდის პრობლემა შეტევის ორგანიზებაა, ლევანს კი სწორედ ის თვისებები გამოარჩევს, რაც ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს - მშვენივრად ეხერხება ბურთის დაჭერა, გადაცემები და შეტევების გამწვავება, თავდამსხმელებს კი ბურთის მიმწოდებელი ეყოლებათ.

გოცირიძე "დნიპროს" ჩრდილში

23 წლის თავდამსხმელ ბექა გოცირიძეზე, რომელიც 2009 წელს "ზესტაფონმა" დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" მილიონ ევროდ გაყიდა, საქართველოს ნაკრებში დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამჟამად გოცირიძე "დნიპროში" ირიცხება, მაგრამ ფორმის შენარჩუნებას ამ გუნდის დუბლებში ცდილობს.

ზაფხულში "დნიპროს" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ გოცირიძეზე თქვა, რომ კლუბს მისი დუბლშემადგენლობაში გაჩერება არ სურს და მოლაპარაკებას თბილისის "დინამოსთან" ვაწარმოებთო. თითქოს შეთანხმებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ გარიგება მაინც არ მოხერხდა და თავადმსხმელი დნეპროპეტროვსკელებს დაუბრუნდა.

არადა, გოცირიძემ თბილისურ გუნდში ივარჯიშა და უხაროდა, "დინამოს" ფორმას მოვირგებ და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ვითამაშებო. საქმე ისაა, რომ "დნიპრო" თბილისელებისგან ზუსტად იმხელა თანხას ითხოვდა, რამდენიც "ზესტაფონს" გადაუხადა - მილიონ ევროს. "ტრანსფერმარკტ"-ი კი ბექას სატრანსფერო თანხად 250 ათას ევროს ასახელებს.

სამწუხაროა, რომ 2009 წელს მომხდარი ავტოავარიის შემდეგ ბექამ ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა, შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში "დნიპროს" დუბლებში მაინც ათამაშებდნენ, ახლა კი მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლება, - ფეხბურთელი, რომლითაც 2008 წელს გლაზგოს "სელტიკი" ინტერესდებოდა, ასეთ ბედს არ იმსახურებს.

ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდა მოთამაშეები მალე მოახერხებენ რეაბილიტაციას, ფორმის აღდგენას და მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nika
დნიპროს გლადკი და სელეზნიოვი ყავს გოცირიძეს ვინ დააყენებს ძირითადში,არენდით მაინც წავიდეს სადმე
giorgi1991
ბიჩებო გულს ნუ გაიტეხტ მალე დაბრუნდიტ და ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი
Burton
ოთარი კლიმიაშვილი "ანჟიმ" "ფახთაქორში" გაანათხოვრა. (ყაზახეთის გუნდია, თუ არ ვცდები)
otari
ეგ ხო და კლიმიაშვილი რა იქნა ?
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს