მართალია, ჯერ სამწვრთნელო ლიცენზიას არ ფლობს, მაგრამ უკვე ორი კვირაა, "სიონის" ფაქტობრივი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძეა
მართალია, ჯერ სამწვრთნელო ლიცენზიას არ ფლობს, მაგრამ დაახლოებით ორი კვირაა, ბოლნისის "სიონის" ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძეა, რომელიც ბოლო წლებში ქვემოქართლური კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

მისი ხელმძღვანელობით "სიონმა" უკვე ორი მატჩი ჩაატარა და მართალია, ორივეში დამარცხდა, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხს გარკვეული გაუმჯობესება უკვე ეტყობა. პირველი სამწვრთნელო შთაბეჭდილებებისა და სამომავლო მიზნების შესახებ "ლელო" ლევან ბაჯელიძეს ესაუბრა.

- მოსალოდნელი იყო თუ არა თქვენთვის ამ თანამდებობის შემოთავაზება?

- მოულოდნელი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო იყო. გუნდი არასახარბიელო სატურნირო ვითარებაშია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უარის თქმის უფლება არ მქონდა. გადავწყვიტე, ამ უაღრესად რთულ საქმეს შევჭიდებოდი და რა გამომივა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

- აქამდე თუ გიფიქრიათ მწვრთნელობაზე?

- სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ ხელსაყრელი შემთხვევა აქამდე არასდროს მომცემია, "სიონში" ადმინისტრაციული საქმეებით ვიყავი დაკავებული და მწვრთნელის პროფესიის დასაუფლებლად დრო არ მრჩებოდა.

- ლიცენზიის აღებას აპირებთ?

- აუცილებლად. უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მორიგ სემინარს დაიწყებს და კურსებზე ვივლი. როგორც ყოფილ ფეხბურთელს, სავარაუდოდ, პირდაპირ B ლიცენზიის მოპოვების საშუალება მომეცემა და შემდგომში უფრო მაღალ დონეზე ასასვლელადაც ვიშრომებ.

- როგორია ახალ თანამდებობაზე მიღებული პირველი შთაბეჭდილებები?

- ორი კვირა მდგომარეობის ძირეულად შესაცვლელად ძალიან ცოტაა, მაგრამ მთავარია, რომ ფეხბურთელებში საქმის კეთების დიდი სურვილი დავინახე, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. წარმატებებს მხოლოდ ნიჭის, შრომისა და ბრძოლის ერთობლიობით მივაღწევთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა.

- ბოლო ორ მატჩს როგორ შეაფასებთ?

- "ზესტაფონთანაც" და "დილასთანაც" ურიგოდ ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ორივე შეხვედრა უხეში შეცდომების გამო, პენალტებით დავთმეთ. უხარისხოდ ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ სანამ შედეგი არ გვექნება, მანამდე კმაყოფილი ვერაფრით ვიქნები. მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოგვიგია და რაც მალე მივაღწევთ პირველ გამარჯვებას, ფეხბურთელებს მით უფრო სწრაფად დაუბრუნდებათ საკუთარი თავის რწმენა, რაც, ბუნებრივია, შემდგომი წარმატებების საწინდარი გახდება.

- რამდენად შესაძლებელია წარმატებების მიღწევა "სიონის" ამჟამინდელი შემადგენლობით?

- როგორც იცით, ამ სეზონში გუნდი გაახალგაზრდავებულია, ძირითად შემადგენლობაში არაერთი ადგილობრივი თამაშობს. საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები არიან და თუ იშრომეს, დიდ ფეხბურთსაც ითამაშებენ.

უმაღლესი ლიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო კიდევ დასჭირდებათ, მაგრამ თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდილ ფეხბურთელებზე უარს ვამბობთ. ზამთრამდე გუნდის განვითარების პროცესს დავაკვირდებით და თუ რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება დაგვჭირდა, კვალიფიციურ მოთამაშეებს აუცილებლად დავიმატებთ.

- ზაფხულში "სიონი", ფაქტობრივად, კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო. დღეს როგორაა ამ მხრივ საქმე?

- ყველაფერი რიგზეა, ხელფასები დროულად გაიცემა და მომავლის ნამდვილად არ გვეშინია. პრობლემები მაინც გვქონდა, მაგრამ დღეს არის იმის საშუალება, რომ მთლიანად საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

- ვიცით, რომ ბოლო დროს "სიონს" მეკარეების მწვრთნელი აღარ ჰყავდა. თუ მოგვარდა ეს პრობლემა და სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

- სამწვრთნელო შტაბი უცვლელი რჩება, მეკარეების მწვრთნელიც, საბედნიეროდ, უკვე გვყავს, "სიონს" დავით ასლანაძე დაუბრუნდა.

- ჩამოყალიბდა აზრი, რომ "სიონის" წევრები შეგუებულნი არიან იმას, რომ უმაღლესი ლიგის საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვდებიან და კლუბი აქცენტს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე აკეთებს.

- პირადად მე ასეთ უსიამოვნო პროგნოზებს ვერ შევეგუები და ასეა განწყობილი თითოეული ჩვენგანი. ჯერჯერობით ცხრილში ცუდი პოზიცია გვაქვს, მაგრამ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს და არ მესმის, რატომ უნდა ჩავიქნიოთ წინასწარ ხელი, რატომ უნდა გადავდოთ უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხის მოგვარება სეზონის ბოლოსთვის, როცა ამის გაკეთება ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე შეგვიძლია. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება სათუო არ გავიხადოთ.

- უკვე კარგა ხანია, "სიონის" თამაშებზე მაყურებელი აღარ დადის. ბოლნისელებს ფეხბურთი მოსწყინდათ თუ ამას სხვა მიზეზი აქვს?

- ბოლნისში ფეხბურთი კვლავაც ძალიან უყვართ, მაგრამ აქ მომთხოვნი ხალხი ცხოვრობს, რომელიც სტადიონს მაშინ დაუბრუნდება, როცა "სიონი" შედეგიან და ამავდროულად, სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს დრო მალე დადგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება