ჩემპიონატის მე-8 ტურში ცხინვალის "სპარტაკმა" "ვიტ ჯორჯია" მეტრეველის დუბლის წყალობით დაამარცხა
გასულ ზამთარს თბილისის "დინამოდან" ცხინვალის "სპარტაკში" გადასულმა ზვიად მეტრეველმა წინა სეზონი 7 გოლით დაასრულა, რაც სპარკატელთა შორის საუკეთესო შედეგი იყო.

მიმდინარე ჩემპიონატში კი გოლების პირადი აქტივის გახსნა დაუგვიანდა, მაგრამ მე-8 ტურში ერთბაშად ორი ბურთი გაიტანა. "სპარტაკმა" "ვიტ ჯორჯია" სწორედ მისი დუბლის წყალობით დაამარცხა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში გუნდს სწორედ ზვიად მეტრეველი კაპიტნობდა.

დუბლის ავტორს ვეტერანებთან მატჩზე, ახალ მწვრთნელზე, მომავალსა და საერთოდ, "სპარტაკში" არსებულ ვითარებაზე გავესაუბრეთ.

- "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩმა, ცხადია, მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაგიტოვა.

- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. "ვიტ ჯორჯიას" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მართალია, ამ გუნდს წინა ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე ლიდერი გამოაკლდა, მაგრამ მათ ახლაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თამაშამდე სამი მატჩი ზედიზედ მოიგეს. ახალგაზრდული, მოძრავი და მებრძოლი გუნდია, თანაც, კარგად შეთამაშებული.

შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ძალების მობილიზება შევძელით, სამი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ და მონდომებაც დაგვიფასდა. როგორც იქნა, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. მომდევნო მატჩებშიც ქულები უნდა ავიღოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონის პირველი ნახევრის ბოლოსთვის საუკეთესო რვა გუნდს შორის ვიყოთ.

- მოუგებელი სერიის შემდეგ გუნდისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაც საჭიროა. მატჩის წინ რა გითხრათ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა?

- ქართველ სპეციალისტებს შორის სულ რამდენიმეს აქვს სამწვრთნელო პრო-ლიცენზია და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის თავკაცი ვლადიმერ ხაჩიძეა. მან იცის თავისი საქმე და წმინდა საფეხბურთო კომპონენტების გარდა, ფსიქოლოგიურადაც კარგად მოგვამზადა. ერთი სიტყვით, მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ გვერწმუნა საკუთარი ძალების და თავისუფლად, დაძაბულობის გარეშე გვეთამაშა. რა თქმა უნდა, ჩვენს მწვრთნელს მეტოქეც კარგად ჰყავდა შესწავლილი და შესაბამისი დავალებებიც მოგვცა.

- "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში გუნდის კაპიტნობა მოგანდეს.

- დიახ, ჩვენი კაპიტანი თეიმურაზ შონია ამ მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებდა და მის არყოფნაში მწვრთნელმა კაპიტნის სამკლავური მე გადმომცა. კაპიტნობა ჩემთვის დიდი სტიმული და პასუხისმგებლობა იყო. ვფიქრობ, ეს მისია ჩემი თამაშითა და გოლებით გავამართლე კიდეც.

- ხშირად არ ხდება, როცა თავდამსხმელი დაცვაშიც ჩადის გუნდის დასახმარებლად, შენ კი მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთში იბრძოდი. ეს მწვრთნელის დავალება იყო?

- არა, პირადი ინიციატივა. მივხვდი, რომ გუნდისთვის ასე სჯობდა და თავი არ დამიზოგავს. თითოეულ ჩვენგანს ისე გვწყუროდა გამარჯვება, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით.

- "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩი განათების პრობლემების გამო შეწყდა. თამაშის განახლების შემდეგ "სპარტაკი" ბევრად უკეთ ათამაშდა. ეს პაუზის დამსახურება ხომ არ იყო?

- შესაძლოა, ასეც იყოს. მონდომება არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განათების აღდგენის შემდეგ უკეთესად ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და თამაშიც სასურველი შედეგით დავასრულეთ.

- გასულ სეზონში "სპარტაკში" ყველაზე მეტი გაიტანე, ამ ჩემპიონატში კი გოლები დაგიგვიანდა. ამას რით ახსნი?

- წინა ჩემპიონატში "სპარტაკს" სეზონის მეორე ნახევრიდან შევუერთდი და 7 გოლი გავიტანე. ამ ჩემპიონატში მართლაც დამიგვიანდა გატანა. ყველა თამაშში გოლზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ აქამდე არ მიმართლებდა. ამჯერად კი ნავსი გატყდა, მეც გავიტანე და გუნდმაც პირველი გამარჯვება იზეიმა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მომდევნო მატჩებშიც წარმატებით ვიასპარეზებთ, გოლებსაც გავიტან და ბომბარდირებშიც გავერევი.

- პირველი მოგებით "სპარტაკმა" მეათე ადგილზე გადაინაცვლა. მოწინავე ოქტეტში მოსახვედრად უშუალო კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევ?

- ეს მატჩით რომ ვერ მოგვეგო, ალბათ, ზედა რვა გუნდში მოხვედრას ვეღარ შევძლებდით. ახლა კი ამის არცთუ ურიგო შანსები გვაქვს. უშუალო კონკურენტებად კი მარტვილის "მერანს", ფოთის "კოლხეთსა" და "გაგრას" მივიჩნევ. მომდევნო მატჩებში ნებისმიერ გუნდთან მოსაგებად გავალთ მოედანზე და მჯერა, საკმარის ქულებსაც დავაგროვებთ და რვა საუკეთესოშიც მოვხვდებით.

- რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა "სპარტაკში" ვლადიმერ ხაჩიძის მოსვლას?

- ვფიქრობ, გუნდი ფსიქოლოგიურად დაძაბული იყო, ახალმა მწვრთნელმა შეძლო და ეს დაძაბულობა მოგვიხსნა. ახლა თავისუფლად გავდივართ მოედანზე და ეს ჩვენს თამაშზეც აისახა. "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებამ კი თავდაჯერებულობა შეგვმატა, რაც მომდევნო მატჩებში დიდად წაგვადგება.

- წინ "ტორპედოსთან" საგარეო მატჩია, მანამდე კი ორკვირიანი სანაკრებო პაუზა.

- ეს პაუზა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ქუთაისშიც მოსაგებად ჩავალთ. "ტორპედოს" ჩვენთან თამაში უჭირს ხოლმე და შევეცდებით ეს ფაქტორი საჩვენოდ გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება