29 წლის თავდამსხმელს საბერძნეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში გამოუძახებლობამ გული დაწყვიტა
"ბოლო წუთის კაცი" - ასე მონათლა "ლელომ" დავით სირაძე და სამართლიანადაც - ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელმა გულშემატკივარი სანაკრებო მატჩებში გადამწყვეტი გოლების გატანას მიაჩვია.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი სირაძის გოლმაც განაპირობა - ესტონეთთან თბილისში ამხანაგური შეხვედრის 95-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მალტასთანაც დამატებულ დროში გამოიჩინა თავი, მერე იყო ლატვიაში სტუმრობა და სომხეთთან ამხანაგური მატჩი, სადაც "ცოტა ადრე" მოუვიდა - მეტოქეები ბოლო წუთებამდე დაამწუხრა.

თუმცა ბოლო დროს ქეცბაია სირაძეს ნაკლებად ენდობოდა, ლატვაისთან თბილისურ შეხვედრაში შეცვლაზე ათამაშა, მალტაზე კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ახლა კი, ბერძნებთან მატჩისთვის გამოძახებულთა სიაში მისი გვარი ვერ ამოვიკითხეთ და თავიდან ვიფიქრეთ, რომ ტრავმირებული იყო, მაგრამ ვცდებოდით.

დათო ამჟამად თბილისშია და გავესაუბრეთ კიდეც.

- შენი თბილისში ჩამოსვლა რას მივაწეროთ, ნაკრებში ბოლო მომენტში ხომ არ მიგიწვიეს?

- ნაკრების სიაში არ ვარ, რუსეთის პრემიერლიგაშიც სანაკრებო პაუზა იყო და ორი დღით ჩამოვედი. ჩვენებმა ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შემოსვლა გაამარტივეს, საზღვარი გაიხსნა და ადრინდელივით აზერბაიჯანის გავლით მგზავრობა აღარ გვიწევს. ამიტომ, როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება ხოლმე, ჩამოვდივარ.

- მოდი, ნაკრებში შენს გამოუძახებლობაზე ვთქვათ - სიმართლე გითხრათ, გვეგონა, ტრავმირებული იყავი. მიზეზი შენთვის ცნობილია?

- ტრავმა არაფერ შუაშია, ჯანმრთელად ვარ. შეიძლება, მიზეზი ნალჩიკის "სპარტაკის" ბოლო შეხვედრაში უთამაშებლობა გახდა. მაგრამ, ჩემი აზრით, ერთი მატჩი შემადგენლობიდან ამოვარდნას არ უნდა ნიშნავდეს. მწვრთნელის საქმეა, ვის გამოიძახებს, მაგრამ გაოცებულიც ვარ და, რა დასამალია, გულდაწყვეტილიც. მაგრამ არაფერია, მაინც დავამტკიცებ, რომ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ.

- ნაკრების ბოლო შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდი.

- ცალკე ეს მიკვირდა. ეგებ, რაღაც მეშლება და არაობიექტურად ვამბობ, მაგრამ ასე მგონია, ნაკრებისთვის უსარგებლო ფეხბურთელი არ ვიყავი. მოედანზე რაც შემეძლო, ვაკეთებდი, სტატისტიკას გადახედეთ, გოლები გამქონდა და ძირითადში მაინც ვერ ვხვდებოდი. არ ვიცი, ეს რას მივაწერო. არადა, იყო პერიოდი, უთამაშებელს მიწვევდნენ და მაშინ გამქონდა, რადგან ნაკრები ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია და აქ განსაუთრებით ვინდომებდი.

- როგორ გგონია, ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი შენით ხომ არ დაიწყო?

- წარმოდგენა არ მაქვს, 29 წლის მოთამაშე ვეტერანად ითვლება? არა მგონია, ეს იყოს მიზეზი. ცხადია, მწვრთნელი კმაყოფილი რომ იყოს, მიმიწვევდა, მაგრამ ლატვიასთან წაგება მე თუ დამბრალდა, ეს სხვა საქმეა. სპაიდერმენი ხომ არ ვარ, მუდამ ბოლო წუთებში გამოვჩნდე და გავიტანო. ვერაფერს ვამბობ, ვფიქრობ და ვერ ამიხსნია.

საკუთარ თავზე მეცინება, საბერძნეთთან ციკლის ბოლო შეხვედრაა, ხალხი მოვა სტადიონზე-მეთქი და ისეთი მონდომებით ვემზადებოდი, გუნდში მეუბნებოდნენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ გაქვთ და რა თავს იკლავო. კარგად გამიგეთ, არ ვტრაბახობ, მაგრამ ესტონეთთან, მალტასთან, ლატვიაში და სომხებთან მატჩებში გავიტანე, ხორვატიასთან ჯაბა კანკავას საგოლე გადაცემა გავუკეთე და ამის გამო მეგონა, რომ სიაში ვიქნებოდი. გამოძახებულებში სირაძე რომ ვერ ამოვიკითხე, გული შემეკუმშა. არ მიმიწვიეს, არც მახსენებენ და ახლა რა უნდა ვიფიქრო, ახალ ციკლშიც აღარ გამომიძახებენ?

- 2010 წელს ნაკრებს თამაში არ წაუგია, მაგრამ 2011-ში გუნდი აშკარად აირია. ასეთი რა მოხდა?

- ეს ჩემი გასაანალიზებელი არ არის, ფაქტია, რომ გუნდი აირია. ლატვიასთან თბილისურ მატჩამდე დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ, ცხადია, წაგება ძალიან განვიცადეთ და ამ განწყობით მალტაშიც ვერ მოვიგეთ. მაგრამ ყველაფერი შედეგებიდან გამომდინარეობს, ხორვატიასთან მოგების შემდეგ ყველას თავი ევროფინალში ეგონა.

- ნალჩიკის "სპარტაკზეც" ვთქვათ. გუნდი რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერია და გავარდნა ემუქრება.

- ბოლო ტურში გროზნოში "ტერეკთან" მოგებამ ამოგვასუნთქა. პრემიერლიგაში დარჩენის იმედიც გვაქვს, რადგან ეს ჩემპიონატი ძველებურად ნოემბერში აღარ მთავრდება, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, მესამე წრე და ცხრამეტი ტური ჯერ კიდევ წინ არის. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი, ალბათ, გავძლიერდებით და მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელი მგონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა