საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, ლონდონის ოლიმპიადის მეოთხე ლიცენზიაზეც შეიძლება ფიქრი
შარშან თურქეთში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის 3 საგზურის მოპოვების მყარი საფუძველი შეიქმნა.

თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მხარეა, რადგან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებლად წლევანდელ სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზეც აუცილებელია მონაპოვარისთვის სათანადო ქულების მიმატება, რადგან საგზურების რაოდენობა ორი შეჯიბრების შედეგების ჯამით განისაზღვრება.

მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით დუშეთის ოლიამპიურ ბაზაზე 7 ოქტომბრიდან საწვრთნელ შეკრებას გადიან: გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 69), რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 85), გია მაჭავარიანი (აჭარა, 105), დავით გოგია (ზუგდიდი, 105), ირაკლი თურმანიძე (აჭარა, +105) და ლაშა ტალახაძე (საჩხერე, +105).

ათლეტებს დაოსტატებაში ეხმარებიან საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე და ალეკო ნოზაძე. სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატის დებულებით, წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი ის 6 ძალოსანი, რომლებიც 6 ნოემბრიდან პარიზში პლანეტის უძლიერეს ათლეტთა პაექრობაში მიიღებენ მონაწილეობას.

გვესაუბრება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე, რომელიც ზუგდიდში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატს (მთავარი მსაჯი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი) ესწრებოდა:

- ჩვენი უპირველესი მიზანია, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შარშან მოპოვებული ქულები განვამტკიცოთ და ლონდონის ოლიმპიადის სამი საგზური დავიბევოთ. მე-4 ლიცენზიაზეც შეიძლება ფიქრი, მაგრამ ანტალიაში ჩვენ უკან აღმოჩნდნენ გერმანია, სომხეთი, იაპონია, კიდევ რამდენიმე ძლიერი ქვეყანა, რომლებმაც სასურველი შედეგი სპორტსმენთა ტრავმების გამო ვერ აჩვენეს, ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქში ეცდებიან დანაკლისის ანაზღაურებას.

- პარიზში, ფაქტიურად, ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება.

- დიახ, გეთანხმებით. მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების გაძლიერება პერსპექტიული ახალგაზრდებით გადაწყვიტა. ფედერაციამაც მხარი დაუჭირა, რადგან ამ ბიჭებმა საერთაშორისო სარბიელზე უკვე შეძლეს თავის გამოჩენა. მაგალითად, გიორგი ლომთაძემ წლეულს 20-წლიანთა ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში, აი, ლაშა ტალახაძემ კი იმავე შეჯიბრებაზე ერთბაშად სამი ოქროს მედალი მოიხვეჭა.

საჩხერელ გოლიათს, სახელოვანი ძალოსნის, კობა ტალახაძის, ვაჟს 18 წელი 2 ოქტომბერს შეუსრულდა. ევროპის პირველობაზე მან 185 კილო აიტაცა და 217 კილო აკრა. პარიზში ლაშას, ცხადია, სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვა ექნება, მაგრამ ორჭიდში 407-408 კილოგრამის დაძლევა და გუნდისთვის სულ მცირე 10 ქულის მოტანა არ უნდა გაუჭირდეს. აქვე ისიც მინდა დავძინო, რომ კონტინენტის პირველობაზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მას სტიპენდია საგრძნობლად გაუზარდა, რაც დამატებითი დადებითი მუხტი იქნება როგორც ლაშასთვის, ასევე, სხვა სპორტსმენებისთვის.

23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ორჭიდში მე-2 ადგილი დაიკავა ზუგდიდელმა დავით გოგიამ (105), რომელმაც ვარჯიში ბეჟან ჭიჭინაძესთან დაიწყო, მერე 4 წელიწადი ზურაბ ანთაურთან იმაღლებდა ოსტატობას, ახლა ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით მეცადინეობს.

რადგან მწვრთნელებზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ლომთაძეს და რაულ ცირეკიძეს მამები - გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მწვრთნელები - მალხაზ ლომთაძე და გია ცირეკიძე ავარჯიშებენ, ხოლო ავთანდილ გახოკიძის დამსახურებაა მისი შეგირდების - ლაშა ტალახაძისა და გია მაჭავარიანის ბოლოდროინდელი წარმატებები.

ლაშაზე უკვე გითხარით, გიამ კი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ნაკრების ლიდერმა უკეთ იასპარეზა ზუგდიდში ეროვნულ ჩემპიონატზე, სადაც 224 კილოგრამი აკრა და პირადი რეკორდი ერთბაშად 7 კილოგრამით გააუმჯობესა. ატაცში მას 187 კილოგრამის დაძლევაც შეუძლია, მაგრამ მწვრთნელები პარიზში ზედმეტ რისკს მოერიდებიან, რადგან სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უპირველესად საწყისი წონის წარმატებით დაძლევაა უმთავრესი.

ზუგდიდში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატზე ჩვენმა მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ დაგვანახა, რომ კარგ სპორტულ ფორმაშია. აკვრაში მანაც გააუმჯობესა პირადი მიღწევა - 222-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, ატაცში 191 კილოს დაძლევასაც შეძლებს.

მართალია, ბატონმა ვანომ ნაკრებში სამი დებიუტანტი შეიყვანა, მაგრამ ჩვენი ძალოსნები შესაძლებლობებს ბოლომდე თუ წარმოაჩენენ, 80 ქულის მოგროვება არ გაგვიჭირდება, რაც ოლიმპიადისთვის სამი საგზურის რეალურ გარანტიას იძლევა. დანარჩენი კი ბედის საქმეა.

- ნაკრებს მოსამზადებლად დუშეთში როგორი პირობები აქვს?

- იდეალური. აქ ინტენსიური ვარჯიშისა და აქტიური დასვენების ყველა პირობაა და იმედია, ჩვენი მწვრთნელები და სპორტსმენებიც მათ ნაყოფიერად გამოიყენებენ, რათა პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასახული მიზანი პირნათლად შეასრულონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა