სერია A. VII ტურის წინ: "ლაციოსთან" "რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ვერ ითამაშებს
განვლილი ხუთი ტურის შემდეგ, ჩემპიონატს ორი "ბიანკონერი" ლიდერობს, რომლებსაც ამ უქმეებზე გასვლითი პაექრობების გამართვა მოუწევთ; "უდინეზე" ბერგამოს "ატალანტას" სტუმრობს, ხოლო "იუვენტუსი" ვერონის "კიევოს".

ორივე მატჩი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს - "ატლეტი აძურიზე" პროგრესის გზაზე მდგარი "იუვე" უნდა ვნახოთ საქმეში, "ბენტეგოდიზე" კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდება ერთმანეთს; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ატალანტას" ექვსი ქულა აქვს დაკლებული და რომ არა საჯარიმო სანქციები, ბერგამოელები გაცილებით უფრო მაღლა იდგებოდნენ სატურნირო ცხრილში.

სიცილიელებთან მოუწევთ დაპირისპირება მილანელებს - "ინტერი" "კატანიას" ესტუმრება, ხოლო "მილანი" "პალერმოს" მიიღებს. ვნახოთ, რას იზამენ ლომბარდიული გრანდები, რომლებმაც სეზონის სტარტი აშკარად ჩააგდეს. "როსონერის" ლაზარეთი ნელნელა ცარიელდება და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში წამყვან ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობაა. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, "პალერმოს" ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ანტონიო კასანოს ტანდემი შეუტევს, მათ უკან კი ახლადგამოჯანმრთელებული რობინიო იმოქმედებს. სრულ მზადყოფნაშია კლარენს ზეედორფი, რომელიც ნახევარდაცვაში ანტონიო ნოჩერინოს და მარკ ვან ბომელს დაუმშვენებს გვერდს.

რაც შეეხება "პალერმოს", დავიდე მანიას განკარგულებაში პრაქტიკულად ყველა საუკეთესო ფეხბურთელია - ახალგაზრდა სპერციალისტი "მილანს" შემტევ ტრიოს დაუპირისპირებს, რომელიც მიკოლის, ილიჩიჩის და ერნანდესისგან დაკომპლექტდება. ვნახოთ, რით დასრულდება ეს მართლაც საინტერესო პაექრობა.

მოსაგებად ემზადება "ინტერი", რომელიც "კატანიასთან" ატარებს გასვლით პაექრობას. "გაძეტას" ვერსიით, დისკვალიფიცირებული კლაუდიო რანიერი შეტევაში ჯამპაოლო პაცინისა და მაურო სარატეს ტანდემს გაამწესებს. ამჯერად, ის უარს ამბობს დიეგო მილიტოზე, რომელიც ვერ არის კარგ ფორმაში, მისი სეხნია ფორლანი კი სანაკრებო პაექრობაში დაშავდა და მინიმუმ ორ ტურს გამოტოვებს. ამ ვითარებაში, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი პაცინი-სარატეს წყვილი გახლავთ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

და მაინც, ტურის ცენტრალური შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ დედაქალაქის გუნდები: "ლაციო" და "რომა" წარსდგებიან. მხარეები განსხვავეულად ხვდებიან მნიშვნელოვან პაექრობას და ჩვენც, მათზე ცალცალკე ვისაუბროთ...

ლაციო

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - გონსალესი, ლედესმა, ბროკი - ერნანესი - სისე, კლოზე.

ედუარდო რეია პრაქტიკულად სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება რომაულ დერბის - ლაზარეთშია ფრანსელინო მათუზალემი, დანარჩენები კი სრულ მზადყოფნაში არიან. ტრადიციულად, რეია მიროსლავ კლოზესა და ჯიბრილ სისეს შემტევ ტანდემზე გააკეთებს აქცენტს, მათ უკან კი ერნანესი გაირჯება. "ლაციო" ნომინალური მასპინძელია, ამ გუნდს გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლება ტრიბუნებზე და შესაბამისად, მათ მეტი აქტიურობაც მართებთ შეტევით ფაზაში. სწორედ ამაზე მიუთითებს რეიას წინასამატჩო კომენტარიც:

"შეგირდების საბრძოლო განწყობით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ შეხვედრას საჩვენო რეზულტატით დავასრულებთ. გულშემატკივართა ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. "რომას" სტრატეგია ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი - ბურთზე კონტროლის დაწესებას შეეცდებიან, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს არ გამოუვიდეთ. პირველ ნომრად ვაპირებთ თამაშს და ამას აქედანვე ღიად ვაცხადებ. ანუ, მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრის მოსაპოვებლად გაჩაღდება".

თუ მართლაც ასე მოხდა, განსაკუთრებულად დიდი ჯაფა ბროკის, ლედესმას და გონსალესს დააწვებათ, რომლებიც "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით შუა ხაზს გაამაგრებენ. სათადარიგოთა სკამზე იჯდება სტეფანო მაური, რომელმაც ტრავმა უკვე მოიშუშა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. თუმცა, ვნახოთ, ეს მხოლოდ ვარაუდებია და კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებს ბოლო მომენტში ედუარდო რეია.

რომა

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): სტეკელენბურგი - როზი, ბურდისო, ჰაინცე, ხოსე ანხელი - სიმპილისიო, დე როსი, პეროტა - ბოიანი, პიანიჩი, ოსვალდო.

ედუარდო რეიასგან განსხვავებით, ლუის ენრიკეს საკადრო პრობლემები ნამდვილად აქვს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,"ლაციოს" წინააღმდეგ თვით ფრანჩესკო ტოტი ვერ ითამაშებს, "ჯალოროსის" კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი ძალა. მიუხედავად ამისა, ტოტი რჩება ჯურნალისტთა ყურადღების ცენტრში და კომენტარს კომენტარზე აკეთებს. მოვუსმინოთ ფრანჩესკოს, რომელიც მისი მემკვიდრის თემასაც შეეხო:

"წინ ძალიან საინტერესო მატჩია, რომელშიც ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მოცემული მომენტისთვის უკეთესად აღმოჩნდება მომზადებული. არა მგონია, რომ ჩემი დანაკლისი გუნდს ძალიან დაეტყოს, შეუცვვლელი არავინაა და მათ შორის, არც მე. ლიდერობას დანიელე დე როსი გაწევს, რომელიც გუნდის სიმბოლოა და ეს საქმე ყველაზე კარგად გამოუვა. კარგი იქნებოდა, ერიკ ლამელა რომ იყოს ჯანზე, შესანიშნავი შემტევია და სიმართლე გითხრათ, მასში ჩემს შემცვლელს ვხედავ. არგენტინელი "რომას" მომავალია და ძალიან მიხარია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი გადაბირება შევძელით".

როგორც უკვე გავიგეთ, ტოტის გარდა რომაულ დერბის ერიკ ლამელაც გამოტოვებს, რომელიც კარგა ხანია, რაც ტრავმირებულია და მინიმუმ ერთი კვირა ვერ დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს. "ლაციოს" წინააღმდეგ ვერც დავიდე პიზარო ითამაშებს, არადა, ლუის ენრიკე მას ბოლომდე ენდობა და არაერთხელ აქვს ნათქვამი, სამხრეთამერიკელი ჩემს სათამაშო ფილოსოფიაში იდეალურად ჯდებაო. მოკლედ, პიზაროში ენრიკემ რომაელი ჩავი, ან ინიესტა დაინახა, მაგრამ რად გინდა, ჩილელი ძირითადად ტრავმირებულია.

საინტერესოდ გამოიყურება "რომას" თავდასხმის ტრიო: პიანიჩი, ბოიანი, ოსვალდო - ფეხბურთელები, რომლებიც გასულ ზაფხულს გადავიდნენ "რომაში" და როგორც თავად აცხადებენ, ჯერ კიდევ ადაპტაციას გადიან ახალ გარემოსთან. ამ დროს, სათადარიგოთა შორის მოიაზრებიან სტაჟიანი რომაელები: მარკო ბორიელო და როდრიგო ტადეი. ვნახოთ, გამართლდება თუ არა ლუის ენრიკეს არჩევანი და ზოგადად, რა მოხდება ამ მართლაც ძალიან საინტერესო პაექრობაში.

სერია A. VII ტური

დღეს:

კატანია-ინტერი 20.00

დისკვალიფიკაცია: რანოკია, ობი, რანიერი (ინტერი).

ტრავმა: სუაზო, ბიაჯანტი, პოტენცა, ალვარესი, ლიამა - სნეიდერი, პოლი, რანოკია, ვივიანო, ფორლანი.

მილანი-პალერმო 22.45

დისკვალიფიკაცია: ბოატენგი - ბალცარეტი.

ტრავმა: გატუზო, პატო, კინსლი, აბატე, ფლამინი - დი მატეო.

ნაპოლი-პარმა 22.45

ტრავმა: დონადელი, ბრიტოსი, პანდევი - კრესპო.

ხვალ:

ჩეზენა-ფიორენტინა 14.30

ტრავმა: კოლი, რენელა, კომოტო, ჩეკარელი - კროლდრუპი, ჯილარდინო.

ატალანტა-უდინეზე 17.00

ტრავმა: ფერეირა - დომიცი, კოდა, ბარეტო, ფლორო ფლორესი, პასკუალე.

კალიარი-სიენა 17.00

ტრავმა: ელ ქაბირი, ერიკსონი, ანჯელო.

კიევო-იუვენტუსი 17.00

ტრავმა: აჩერბი, ლუჩანო - იაკვინტა, დე ჩელიე.

ჯენოა-ლეჩე 17.00

ტრავმა: ზე ედუარდო, მესტო - ფერარიო.

ნოვარა-ბოლონია 17.00

დისკვალიფიკაცია: პერესი (ბოლონია).

ტრავმა: ლისუძო, მაძარანი - კაზარინი, ტაიდერი, კრესპო, ანტონსონი, კრუზი, ჟილე, პერესი.

ლაციო-რომა 22.45

ტრავმა: მათუზალემი, დელ ნერო - ლამელა, გრეკო, ოკაკა, ტოტი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 5 3 2 0 9-3 11

2. უდინეზე 5 3 2 0 7-1 11

3. პალერმო 5 3 1 1 9-6 10

4. ნაპოლი 5 3 1 1 9-3 10

5. კალიარი 5 3 1 1 8-5 10

6. რომა 5 2 2 1 6-4 8

7. ლაციო 5 2 2 1 7-6 8

8. კიევო 5 2 2 1 6-5 8

9. ფიორენტინა 5 2 1 2 6-4 7

10. ჯენოა 5 2 1 2 9-8 7

11. კატანია 5 1 3 1 5-7 6

12. პარმა 5 2 0 3 6-10 6

13. ნოვარა 5 1 2 2 10-10 5

14. სიენა 5 1 2 2 4-4 5

15. მილანი 5 1 2 2 5-8 5

16. ატალანტა 5 3 1 1 8-7 4

17. ინტერი 5 1 1 3 7-11 4

18. ლეჩე 5 1 0 4 3-9 3

19. ჩეზენა 5 0 1 4 2-7 1

20. ბოლონია 5 0 1 4 2-10 1

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები: 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 – დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა